ციური სხეული თუ კოსმოსური თანამგზავრი? - კვირის პალიტრა

ციური სხეული თუ კოსმოსური თანამგზავრი?

"რა ფოტოებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, ეს საკმაოდ დიდი მეტეორი უნდა იყოს"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავზე გამოჩენილ ნათებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც სწორედ ეს ნათებაა დაფიქსირებული, ზოგმა კომეტად მონათლა და ზოგმაც კოსმოსურ თანამგზავრად. მოსახლეობის თქმით, ეგრეთ წოდებული ციური სხეული ამბროლაურისკენ საჩხერის მხრიდან წამოვიდა. რა იყო ეს - ციური სხეული თუ კოსმოსური თანამგზავრი? ამის გასარკვევად„"კვირის პალიტრა" აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორს, მაია თოდუას ესაუბრა:

- ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ეს უნდა იყოს დიდი მეტეორი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში გამოჩნდა. როგორც ვიცი, მეორე დღესაც შენიშნა მეტეორის ვარდნა მოსახლეობამ.

- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა ტერიტორიაზე ჩამოვარდა მეტეორი და თუ დაიწყება მისი შესწავლა?

- ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ნათება, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მოსახლეობამ დაინახა. როგორც წესი, მეტეორის ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 90%, ატმოსფეროში იწვის და ორთქლდება, დედამიწამდე უმცირესი ნაწილი აღწევს.

აბასთუმნის ობსერვატორია ცას ყოველღამ აკვირდება, იმის გამო, რომ ჩვენს ობსერვატორიას არ დაუფიქსირებია ეს ფაქტი, არ ვიცით, ზუსტად სად ჩამოვარდა მეტეორი.

თეორიულად შესაძლებელია მისი პოვნა, უნდა გამოიყოს პროფესიონალების დიდი ჯგუფი, რომელსაც საკმაოდ დიდ ფართობზე მოუწევს ძებნა.

- ანუ არც დაწყებულა ამ ფაქტების შესწავლა?

- ობსერვატორიას არ დაუწყია, რადგან ამას დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება.

- შეიძლება ვივარაუდიოთ, რომ ეს მეტეორი არ იყო?

- არ არის გამორიცხული. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხელოვნური თანამგზავრები ჩამოვარდნილა. ასეთი რამ სამი წლის წინ მოხდა. ამიტომ ზუსტად იმის თქმა, ეს იყო მეტეორი თუ ხელოვნური თანამგზავრი, ძნელი სათქმელია. თუმცა, რა ფოტოებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, საკმაოდ დიდი მეტეორი უნდა იყოს. სანამ მას არ ვნახავთ და  არ გამოვიკვლევთ,  მანამდე ძნელია რამის თქმა.

თორნიკე ყაჯრიშვილი