მას საოცარი სიყვარულის, შენდობისა და სიკეთის ულევი ნიჭი ჰქონდა... - კვირის პალიტრა

მას საოცარი სიყვარულის, შენდობისა და სიკეთის ულევი ნიჭი ჰქონდა...

"კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორის,ლალი გუნთაიშვილის გარდაცვალებიდან 10 წელიწადი გავიდა

"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი ნამივით ჩაწვეთებული, მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა, თანდათან იმძლავრა.... მარტოობაში ყოფნა აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა... ფიქრის ავტორს თანამოაზრენი გამოუჩნდნენ....

ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება...

...თავისი მკითხველი უნდა ეძებნა ახალ ნაფიქრალ გაზეთს... ანუ გაზეთზე ფიქრი მკითხველზე ფიქრით დაიწყო...

უნდა იცოდე, ვისთვის წერ, ვისთვის გამოსცემ, ვისთან გინდა მიიტანო შენი სათქმელი; უნდა იცოდე, რა უნდა შენს მკითხველს, რომ წაიკითხოს, რას ელის შენგან. ერთი სიტყვით, არჩევანი მკითხველს, არადანი - ჩვენ.

განვლილმა წლებმა ჩვენ ერთმანეთი შეგვაყვარა... სიყვარულით გვევლოს!.."

ეს "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორის, ლალი გუნთაიშვილის სიტყვებია. ახლა, როცა გაზეთის დაარსებიდან 19 წელია გასული და ამ სიყვარულს არაფერი დაჰკლებია, პირიქით, მიემატა, ხშირად გაგვკრავს ხოლმე ფიქრი: დღეს ზოგი ადამიანური გრძნობების დეფიციტს უჩივის და ზოგიც - ინტერნეტის ყოვლისშემძლეობას, მაგრამ მაინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხალხი ისევ გვეუბნება, "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ვარო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს გაზეთს კვლავ აქვს სიყვარულის ის უნარი და სითბო, რითაც ქალბატონმა ლალიმ დაიწყო. და დაიწყო იმიტომ, რომ თავად იყო ასეთი - სიყვარულის, შენდობისა და სიკეთის ულევი ნიჭი ჰქონდა...

ვინც მას იცნობდა, ეს იცის, ხოლო ვინც არ იცნობდა, ამ სიყვარულს გაზეთის ფურცლებიდან გრძნობდა და ვერ ელეოდა - ჩვენც არაერთხელ გვინახავს ის სახლები, სადაც წლობით ნაგროვები "კვირის პალიტრა" ჭერამდე აქვთ დალაგებული და ქალბატონ ლალისთან მადლობას გვაბარებდნენ: - "კვირის პალიტრამ" ცხოვრება გაგვილამაზა, რომ იცოდეთ, რა  მოუთმენლად ველით ორშაბათსო... ვინც მას პირადად იცნობდა, მის გაკეთებულ სიკეთეზე გვიყვებოდა, - ქალბატონი ლალის ამაგს სიკვდილამდე არ დავივიწყებო... საოცრად თავმდაბალი გახლდათ - სხვის ციცქნა დამსახურებას ცამდე აიტანდა, თავისაზე კი კრინტსაც არ დაგაძვრევინებდა... არადა, მაშინ თანამშრომლები  ერთ ოთახში ვისხედით და ყველაფერს საკუთარი თვალითაც ვხედავდით - სადაც ხელი მიუწვდებოდა, ყველას პატრონობდა -  გაჭირვებულთა დასახმარებლად დღეც კი ჰქონდა დაწესებული; ამ დღეს ხშირად დილით შემწეობამიღებული კაცი საღამოს ისევ მოადგებოდა, - ფული კიდევ მჭირდებაო. ჯერ გაუბრაზდებოდა, - სხვასაც ხომ უნდა დავეხმარო, მოგვიანებით  მოდიო, მაგრამ მაშინვე უკან გაგვადევნებდა, - მოაბრუნეთ, ვინ იცის, როგორ უჭირსო...

ქალბატონი ლალის თვალზე გაბრწყინებული ცრემლიც არაერთხელ გვინახავს... არ ვიცით, რას ფიქრობდა იმ დროს, მაგრამ ალბათ იმაზე, რომ სიყვარულის გარდა იმ დიდ ცხოვრებაში, ვის რა მიგვაქვს. ქალბატონი ლალი კი ძალიან ადრე წავიდა...

თუმცა ალბათ ამაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, რისი გაკეთება შეძლო. ახლა, როცა მისი გარდაცვალებიდან 10 წელიწადი გავიდა, იმდროინდელ წერილებს ვშლით და ამაზე ვფიქრობთ. ეს ჩვენი კოლეგის, ზვიად სეხნიაშვილის წერილია: "ვინც უცხოეთში ხანგრძლივი დროით გადახვეწილა, მან კარგად იცის, რას ნიშნავს სამშობლოს მონატრება. გაუსაძლის ნოსტალგიას ჟამიდან ჟამამდე გიმსუბუქებს ყოველივე ქართული... გულწრფელად ვიტყვი, ჩემთვის უცხოურ ტყვეობაში შვების მომტანი "კვირის პალიტრა" იყო, რომლის თითოეულ ეგზემპლარს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი. რამდენჯერ მინატრია საქართველოში დაბრუნებულს, მოკრძალებული მადლობა მომეხსენებინა მისთვის, ვისი პირმშოც იყო ჩემი საყვარელი გაზეთი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე... მაგრამ ის ნუგეში და იმედის სხივი, რაც მისმა გაზეთმა მაჩუქა სამშობლოდან გადახვეწილს, დაუვიწყარია"... რატომ გავიხსენეთ მაინცდამაინც ეს წერილი? იმიტომ, რომ "კვირის პალიტრის" პირველ რედაქტორს ეს მისიაც ჰქონდა დაკისრებული, - ყველაზე გაუსაძლის წლებში ყველაზე გაუსაძლის დღეში მყოფი ქართველობა ენუგეშებინა, - უცხოეთის მიწაზე გადახვეწილი ქართველები, რომლებსაც იმ მძიმე წლებში იქ საკუთარი მარჯვენის გარდა, დამხმარე არავინ ეგულებოდათ...

უცხოეთზე ესეც გაგვახსენდა: - ერთხელ ქალბატონ ლალის იმ დროს მოვკარითთვალი, ცრემლებს რომ იწმენდდა. ძალიან შევწუხდით, - ხომ არაფერში დაგეხმაროთ? - ვკითხეთ მოკრძალებით. თვალებიდან ხელი ჩამოიღო და გაგვიღიმა, - არა, ეს სიხარულის ცრემლებია, ჩვენმა მორაგბეებმა მოიგეს და იმიტომ ვტირიო... იმ წლებში, როცა ყველაფერში მარცხის გამო ყველას საშინელი დეპრესია გვჭირდა, ამ ცრემლებმა მიგვახვედრა, რომ რაღაცაში გამარჯვება ჩვენც შეგვიძლია და მუდმივად დამარცხებული არ ვიქნებით...

თუ სამშობლო ისე გიყვარს, როგორც ქალბატონ ლალის უყვარდა და მისთვის იმას აკეთებ, რაც შეგიძლია, მაშინ ამ რწმენას სხვასაც გადასცემ. ეს საოცარი ქალბატონი მკითხველს ამხნევებდა და ახსენებდა: "ჩვენ გვქონდა წარსული, გვაქვს მომავალი, აწმყოს კი უნდა გავუძლოთო."

ხანდახან, როცა რედაქციის ფოიეში ქალბატონი ლალის სურათზე მის მოღიმარ თვალებს შევხედავთ, ყველაფერი ეს გვახსენდება და მადლიერი ვართ იმ იმედისთვის, რომელსაც თითოეულ ჩვენგანს ანიჭებდა.

"კვირისპალიტრელები"

ლალი გუნთაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმი იხილეთ palitratv.ge-ზე