ბრავო, ნუცა! - კვირის პალიტრა

ბრავო, ნუცა!

ნუცა ბუზალაძე: "სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი: "ნუცა, შენ ძალიან მაგრად უნდა იმღერო"

იურმალაში, ცნობილ ფესტივალზე, 17 წლის ნუცა ბუზალაძის პირველივე წარმატებული გამოსვლის დროს გაჩნდა იმედი, რომ გოგონა საბოლოოდ მოექცეოდა "ახალი ტალღის" თავზე. მაყურებელი ფიქრობდა, რომ კირკოროვის გულიც გალღვებოდა და უმაღლესი შეფასება - 11 ქულა - მის აწეულ ხელშიც გამოჩნდებოდა.

"კვირის პალიტრა" მას ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლის წინ, გადამწყვეტ წუთებში ესაუბრა. ნუცა ძალიან იმედიანი, მშვიდი და თავდაჯერებული იყო, ისევე, როგორც წინა ორი გამოსვლის დროს.

ნუცა ბუზალაძე: - მეც არ მეგონა, თუ ასეთ ფსიქოლოგიურ წონასწორობას შევინარჩუნებდი სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო პროექტებში მიმიღია მონაწილეობა, საკმაოდ დიდი პუბლიკის წინაც ვმდგარვარ, აქ, "ახალ ტალღაზე" გამოსვლის წინ, მაინც ვღელავდი. ერთია, როდესაც თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან კონკურსზე ან ფესტივალზე შენი სახელით გამოდიხარ, მაგრამ ათასგზის საპასუხისმგებლოა, როცა შენს სახელთან ერთად შენს ქვეყანასაც აცხადებენ. ამ დროს გრძნობ, როგორ ძგერს ყველა იმ მაყურებლის თუ მსმენელის გული, ვინც შენსავით ნერვიულობს და იმას კი არ ფიქრობს, რას იზამს ნუცა, არამედ ჩურჩულებს: "ღმერთო, დაეხმარე ნუცას." ეს საოცარი შეგრძნებაა და ამიტომაც ვნერვიულობდი, მაგრამ მხოლოდ კულისებში.

პირველივე ტურში, სცენაზე გამოსვლისთანავე, დაძაბულობა უკვალოდ გაქრა, თითქოს სხვა სამყაროში გადავედი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

- კონკურსის დაწყებამდე ხომ არ გიგრძნია, რომ რომელიმე ჟიურის წევრის ან ფესტივალის ორგანიზატორის ფავორიტი იყავი?

- არავის ყურადღება არ მიგრძნია. საერთოდ, რეპეტიციების იქით რა ხდებოდა, არც მაინტერესებდა. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება კარგად მოვმზადებულიყავი და კარგად მემღერა, რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მომეპოვებინა გამარჯვება და შემდეგ - ქვეყნისთვის. სცენაზე  გამოსვლის ყოველი წამი გაჟღენთილი იყო ერთი ფიქრით - რომ ყველა გამოსვლით თქვენს მოლოდინს გავამართლებდი. ძალიან მიხარია, რომ ყველასგან დიდ სითბოს ვგრძნობ. არ მეგონა, თუ თავიდანვე ამხელა წარმატებას მივაღწევდი. მეტიც, არ მიფიქრია, რომ მესამე ტურამდე პირველ პოზიციას შევინარჩუნებდი. ვერ გეტყვით, რომ ეს დაუჯერებელია ჩემთვის, ეს ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ შევძელი.

- პირველი და მეორე ტურის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ  ნუცას უწევდა ბრძოლა არა ჟიურის, არამედ ფილიპ კირკოროვის წინააღმდეგ, რადგან პირველ დღეს მხოლოდ მან დაგიწერა ათი ქულა... მეორე დღესაც მხოლოდ ათი ქულა გაიმეტა. ეს ახდენდა შენზე გავლენას?

- არა. ძალიან კარგად ვარ განწყობილი კირკოროვის მიმართ. მერე რა, რომ ათიანებს მიწერდა! ეს არ არის ცუდი შეფასება. ამის გამო არ მინერვიულია. ქულებზე არც მიფიქრია. მე სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი: "ნუცა, შენ ძალიან მაგრად უნდა იმღერო. მერე რა, რომ პატარა ხარ, შენ ეს გამოგივა!" მგონი, გამომივიდა, რას იტყვით? (იცინის)

- კონკურენტად ვის მიიჩნევდი?

- ორივე უკრაინელ კონკურენტს, რადგან ორი ტურის შემდეგ ორივე მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ერთი ქულით ჩამომრჩებოდნენ.

ნუცა იურმალაში დედასთან და პროდიუსერებთან - ლელა წურწუმიასა და მამულიჩასთან ერთად გაემგზავრა. გამგზავრების წინ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თითქოს გოგონა იმიტომ შეარჩიეს, რომ ბერა ივანიშვილის ფავორიტი იყო, თუმცა კონკურსის შედეგებმა აჩვენა, რომ ნუცა ბუზალაძემ, როგორც ნიჭიერმა კანდიდატმა, ღირსეულად მოიპოვა "ახალი ტალღის" საგზური.