"დედა შვილის თვითმკვლელობას შეჰყურებდა, მაგრამ ვერაფერს შველოდა" - ტრაგედია ასპინძაში - კვირის პალიტრა

"დედა შვილის თვითმკვლელობას შეჰყურებდა, მაგრამ ვერაფერს შველოდა" - ტრაგედია ასპინძაში

"გამწარებული კიოდა, მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთ, წყალში გადახტაო"

"გადახტომამდე ეძახდა შვილს, არ გადახტე, არ დამღუპოო"

" როცა გონზე მოვიდოდა, თავის ისეთი ტკივილით იტანჯებოდა, რომ გამწარებული თითებს იჭამდა"

განწირულმა კივილმა, რომელიც საღამოს ასპინძის ცენტრში გაისმა, პატარა დაბა შეძრა, - საბრალო ქალის დასახმარებლად ხალხი სახლებიდან გამორბოდა, მაგრამ ამაოდ; ენითაუწერელი ტრაგედიის შეჩერება ვერავინ შეძლო, - უბედური დედა მდინარეში იცქირებოდა და გამწარებული კიოდა, მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთ, წყალში გადახტაო. მაგრამ საუბედუროდ, უკვე ყველაფერი გვიანი იყო, - როცა 37 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა წყლიდან ამოიტანეს, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალება პრაქტიკულად ხიდიდან გადახტომისთანავე დადგა.

რამ გამოიწვია ეს საშინელი უბედურება ასპინძაში, ამაზე ლ. მ-ს ახლობლები შემდეგს ჰყვებიან...

ნ. დ:

- ვინც გარდაიცვალა, იმას აღარაფერი ეშველება, მაგრამ მისი საბრალო დედა როგორღა იარსებებს ამ ქვეყნად, როგორ გადაიტანს, რომ საკუთარი თვალით უყურებდა, შვილი როგორ უკვდებოდა, ეს არ ვიცით. საცოდავი ჯერ კიდევ გადახტომამდე ეძახდა შვილს, არ გადახტე, არ დამღუპოო, მაგრამ ის აღარ უსმენდა, ხიდის მოაჯირზე შედგა და ისე გადახტა, უკან არ მოუხედავს.

ამ საშინელების მიზეზი ის არის, რომ საცოდავი ეპილეფსიით იყო ავად. ძალიან ხშირად ემართებოდა შეტევა და როცა გონზე მოვიდოდა, თავის ისეთი ტკივილით იტანჯებოდა, რომ გამწარებული თითებს იჭამდა, - აღარ შემიძლიაო... როცა ადამიანს ასეთი ტანჯვა აქვს მისჯილი, ყველას ხომ არ ყოფნის ძალა, რომ აიტანოს...

- ქალბატონს კიდევ ვინ ჰყავდა, დედის გარდა?

- და-ძმა და მათი შვილები; თვალისჩინივით უვლიდნენ, მის ყველა სურვილს ითვალისწინებდნენ, მაგრამ ასეთ ტკივილებთან ყველაფერი უძლურია. საბრალო როცა წაიქცეოდა, არაადამიანური ხმით ყვიროდა და კრუჩხვა ეწყებოდა, ამ სურათის ყურება შეუძლებელი იყო; ზოგი ვერც უძლებდა და გარბოდა. გონზე რომ მოვიდოდა, თავად ვერ უსწორებდა თავისიანებს თვალს, ისეთი დათგრუნვილი იყო, - მრცხვენია, ყველას რომ ვაწუხებო. არადა, არ აწუხებდა, როცა ჯანმრთელად იყო, ყველას ის ეხმარებოდა და გვერდში ედგა.

- სხვა დროსაც ჰქონია თავის მოკვლის მცდელობა?

- ბოლო დღეებში ჰქონდა მცდელობა. ბოლო 3-4 დღეს მანძილზე დღეში 3-4-ჯერ ვარდებოდა კრუნჩხვაში. ერთ-ერთი კრუნჩხვის შემდეგ გონზე რომ მოვიდა, თქვა, დავიღალე, - აღარ შემიძლია, თავი უნდა მოვიკლაო. მის დას ეს ნათქვამი ჩარჩა და ყარაულობდა. მაშინაც მოსაღამოებისას გაიპარა ხიდზე, მათი სახლიდან მტკვარი 50-იოდე მეტრშია და უჩუმრად წავიდა მდინარისკენ. და სირბილით მიჰყვა და დაიჭირა, - ამას ნუ გვიკეთებ, ნუ დაგვხოცავო; მაგრამ ხანშეშესული დედა ვეღარ დაეწია. უჩუმრად მიჰყვა უკან, არ გავაღიზიანოოო, რომ დაინახა, რომ მისი შვილი ხიდის მოაჯირზე შეხტა, განწირულად იკივლა, - არ დამღუპოო! მაგრამ ვერაფერი უშველა. ლ-მ ერთი მოხედა და გადახტა...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)