"მესმოდა ნანას ხმა - მიშველე, ვიხრჩობი, დამეხმარე, გადამარჩინეო" - ვანის შემზარავი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"მესმოდა ნანას ხმა - მიშველე, ვიხრჩობი, დამეხმარე, გადამარჩინეო" - ვანის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"წყალმა სხვადასხვა მხარეს წაგვიღო მე და ჩემი ცოლი, მესმოდა, ნანა როგორ მთხოვდა დახმარებას"

"მხოლოდ ხელები ჩანდა, სხეული სილაში იყო ჩაფლული. ენით აღუწერელი საშინელება იყო"

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთ საქართველოში გადაუღებლად წვიმდა. მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა ყველაზე მეტად ვანის მოსახლეობა დააზარალა. მათი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, სოფლის ქუჩები ისე უმალ გაივსო წყლით, რომ სტიქიასთან გამკლავება ვერავინ შეძლო და მოსახლეობას ყველაფერი გაუნადგურა...

სტიქია შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. მან ვანის რაიონის სოფელ გორაში სამი ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა.

ტრაგედია საღამოს 6 საათზე, სოფელ გორაში მოხდა. "ჟიგულის" მარკის ავტომანქანას ელგუჯა ვაშაყმაძე მართავდა, გვერდით მეუღლე, ნანა ვაშაყმაძე ეჯდა, ხოლო მანქანის უკანა სალონში მათი მეზობლები - თეა გაბუნია, ქეთინო მარგველაშვილი და მერი გაბუნია ისხდნენ.  სამწუხაროდ, იქამდე ვერ მიაღწიეს, მოულოდნელად ხიდი ჩაინგრა და ავტომანქანა წყალში გადავარდა.

მეზობლები შორიდან უყურებდნენ, აბობოქრებული მდინარის ტალღებში როგორ იძირებოდა ავტომანქანა, საიდანაც პერიოდულად ქალების კივილი ისმოდა. ისინი განწირული ხმით შველას ითხოვდნენ, თუმცა, არცთუ ისე იოლი იყო ღვარცოფთან გამკლავება.

სამაშველო სამსახურს ხალხმა მომხდარი ოპერატიულად აცნობა, ისინი მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მთელი სოფელი ქუჩაში გამოვიდა და სამაშველო სამსახურის ბიჭებთან ერთად დაკარგულებს მთელი ღამე ეძებდნენ. ხალხის თავგანწირვამ ორი ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს. თანასოფლელებისა და მაშველების წყალობით, მანქანის მძღოლი, ელგუჯა ვაშაყმაძე და მისი მეზობელი, მცირეწლოვანი შვილების დედა, თეა გაბუნია მალევე იპოვეს. ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  იმავე დღეს იპოვეს ელგუჯას მეუღლე, ნანა ვაშაყმაძე, რომელიც გარდაცვლილი აღმოჩნდა. კიდევ ორი დაკარგული ქალის პოვნა მეორე დღეს შეძლეს.

სოფელ გორას რწმუნებული, იოსებ ჩიტორელიძე:

-  ძალიან მძიმეა ელგუჯა ვაშაყმაძის მონათხრობი. ის ამბობს, - წყალმა სხვადასხვა მხარეს წაგვიღო მე და ჩემი ცოლი, მესმოდა, ნანა როგორ მთხოვდა დახმარებასო. "ჯერ კაპოტს მოვეჭიდეთ, მაგრამ დინებამ გაგვიტაცა, მესმოდა ნანას ხმა - ელგუჯა მიშველე, ვიხრჩობი, დამეხმარე, გადამარჩინეო. ის საპირისპირო მხარეს იყო, წავედი მისკენ, ვცდილობდი, რამენაირად ამომეყვანა, ამ დროს მორი მომხვდა საფეთქელთან, გავითიშე და მერე არაფერი მახსოვსო. ელგუჯა დინებამ კლდის მხარეს წაათრია, მერე ისევ მოვიდა გონზე და ხის ტოტზე იყო ჩაბღაუჭებული, როცა ის იხსნეს. სულ დაფხოჭნილია ელგუჯა, ნაფოტებისგან ალბათ, დაზიანებები აქვს, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი, მაგრამ კაცი შოკშია. თითქმის მთელი ღამე მთელი სოფელი ფარნით ხელში ვეძებდით ქეთინო მარგველაშვილს და მერი გაბუნიას, ისინი სამაშველო სამსახურის დახმარებით მეორე დილით ვნახეთ. ქალების ცხედრები ერთმანეთის მოშორებით იყო. დაახლოებით, ერთ კილომეტრში. ერთი გარდაცვლილი ქალბატონის მხოლოდ ხელები ჩანდა, სხეული სილაში იყო ჩაფლული. ენით აღუწერელი საშინელება იყო. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეს მდინარე ასე ადიდებული არასოდეს ყოფილა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.