ვანდალიზმი მშენებლობის დასაწყებად?! - კვირის პალიტრა

ვანდალიზმი მშენებლობის დასაწყებად?!

ანამ დავით ნარმანია მილიონი ხის თბილისში დარგვას აპირებს, დაუდგენელი პირები მრავალწლიან ნარგავებს ანადგურებენ. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩის #13-ში, რამდენიმე დღის წინ ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა - ვიღაც ელექტროხერხით ხეებს ასახიჩრებს. იმის გამო, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე მათი მოჭრა დაუშვებელია, მავნებელი ხის ამოხერხილ ნაწილს "ჭრილობაში" ტოვებს, რათა გასახმობად განწირული ხის განგებ დაზიანება შეუმჩნეველი იყოს დაუკვირვებელი თვალისთვის. ამის ჩამდენი ან დამკვეთი მოგვიანებით მერიის ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურებს მიმართავს "კეთილშობილური" თხოვნით, რომ ხეები ხმება და ძლიერი ქარის დროს შესაძლოა წაიქცეს, რაც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას, მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ნება მოგვეცით, ხეები მოვჭრათო.

თამარაშვილის ქუჩის # 13-ში მცხოვრები გიორგი შილაკაძის განმარტებით, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, სწორედ ასეთი თხოვნით მიმართა მერიას შპს "ელჯი კაპიტალმა", რომელიც მიწის სწორედ იმ ფართობს ფლობს, სადაც ამჯერად სრულიად ჯანმრთელი რვა ხე დააზიანეს. მეტსაც მოასწრებდნენ, იქვე მდებარე კორპუსიდან მავნებლები რომ არ შეენიშნათო... მისივე თქმით, ეს არ არის ხეების დაზიანების პირველი შემთხვევა - "ელჯი კაპიტალი" რამდენიმე ათეული მრავალწლიანი ნარგავის გაუფრთხილებლობაშია შემჩნეული. ცოტა ხნის წინ 16 ხის განადგურების გამო ჯარიმის გადახდაც დაუკისრებიათ. "ჯარიმა ერთ ხეზე 250 ლარს შეადგენს, რაც დიდი ვერაფერი ზარალია მისთვის, ვისაც განზრახული აქვს, პრესტიჟულ ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსი ააშენოს და გადახდილი ჯარიმა სასჯელი როდია, მეტიც, ამ ჯარიმას მოგება, ანუ მშენებლობის ნებართვის მიცემის შესაძლებლობა მოაქვს.

მიწა, რომელიც დაფარულია უზარმაზარი ჯანსაღი ხეებით, მშენებლობისთვის გამოუსადეგარია. სანამ ხეები არსებობს, სამშენებლო ბიზნესს ვერ წამოიწყებ, თუმცა, როგორც "ელჯი კაპიტალის" მაგალითზე გამოჩნდა, ეს არ არის დილემა. უფრო სწორად ეს არ იყო დილემა მაშიIნ, როცა დედაქალაქს გიგი უგულავას "რაზმი" განაგებდა", - აცხადებს გიორგი შილაკაძე.

იპოდრომს სარეკრეაციო ზონის სტატუსი თავისი მერული მოღვაწეობის გარიჟრაჟზე გიგი უგულავამ მოუხსნა. ამით დაიწყო იპოდრომის სამშენებლო მოედნად გადაქცევის სამზადისი. პირველად სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია 2007 წელს გახდა ცნობილი, მოსახლეობის პროტესტიც ამ პერიოდს უკავშირდება, თუმცა, იმავე და მომდევნო წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ხალხს იპოდრომი მიავიწყა. მთავარი საფიქრალი გახდა არათუ იპოდრომის, არამედ ქვეყნის გათავისუფლება მათგან, ვისაც წლების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა ისე უნდა გამოეყენებინათ, როგორც მამა-პაპისგან დატოვებული მემკვიდრეობა. სანამ ხალხს ყურადღება მთავარ საფიქრალზე ჰქონდა გადატანილი, იპოდრომი, როგორც ორგანიზაცია, ლისის ტბასGთან გადაიტანეს. საბურთალოს რაიონის ცენტრში მდებარე უზარმაზარ ტერიტორიაზე კი, რომელიც ისტორიული მასალების მიხედვითაც კი საუკუნეების განმავლობაში მოჯირითეთა და მობურთალთა ალაგი ყოფილა, ბედაურები გააქრეს და როგორც იტყვიან, "ვირებს დარჩათ მოედანი". საკადასტრო რუკის მიხედვით, აქაურობა სულ ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის გაყიდული. ოფიციალურად დარეგისტრირებულ პირთა უკან კი, ადგილობრივთა აზრით, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან.

წლების განმავლობაში ვცხოვრობდი იპოდრომის მახლობლად და კარგად მახსოვს, ზაფხულობით თბილისური ხვატი რომ გუდავდა ქალაქს, იპოდრომის შუა ნაწილში მაცოცხლებელი ცივი ნიავი უბერავდა, სარბენი წრის გარშემო ტყეში კი, მაშინაც ვერ იგრძნობდი სიცხეს, როდესაც ტემპერატურა პიკს აღწევდა. სწორედ ამ ღირსების გამო მიიჩნეოდა ეს ტერიტორია პრესტიჟულად, ახლა კი უზარმაზარი კორპუსების სამშენებლო მოედნად გადაქცეული იპოდრომი ეკოლოგიურად უვარგისი ზონა ხდება, სადაც ვისაც როგორ უნდა, ისე დგამს "დუქანს".

გიორგი შილაკაძე:

"შპს "ელჯი კაპიტალის" მომიჯნავე ტერიტორია ვითიბი ბანკს ეკუთვნის, სადაც კომპანია "დომუსი" 23-სართულიან სახლს აშენებს. ვერც ამ სახლის მშენებლობა დაიწყებოდა, მერიას რომ არ მიეცა ხეების მოჭრის უფლება. გავაპროტესტეთ, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. უზარმაზარი ნარგავები გაიჩეხა, რათა ვიღაცას ძალიან დიდი ფული ეშოვა. "დომუსს" რომ თავისი გაუვიდა, ახლა მავნებლობა "ელჯი კაპიტალის" ფართობზე გაგრძელდა. ჯერ კიდევ იანვარში ათობით ხე გაანადგურეს, ასე აზიანებდნენ მაშინაც.

მივმართეთ შესაბამის სამსახურს, ფოტოებიც გადავუღე დაზიანებულ ხეებს. როგორც ჩანს, "ელჯი კაპიტალს" ან ჩვენს კორპუსში ჰყავს ინფორმატორი, ან ვიღაც შეესწრო, დაზიანებულ ხეებს კამერით რომ ვაფიქსირებდი და მოხდა საინტერესო რამ: 2014 წლის 28 იანვარს, როცა საჩივრით მივმართეთ, სწორედ იმ დღეს "ელჯი კაპიტალსაც" მიუმართავს ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურებისთვის ხალხზე ზრუნვის მოტივით, ხეები ხმება და მოვჭრითო.

იქიდანაც დასტური მიიღეს, ეს ყველაფერი წერილობითაა დაფიქსირებული. "ელჯი კაპიტალს" ხეების მოჭრის უფლება მისცეს და გამგეობიდან მანქანაც კი გამოუგზავნეს დასახმარებლად. 15 ფართოფოთლოვანი და სამი წიწვოვანი ხე მოჭრეს. სანაცვლოდ მერიის მითითებულ ადგილზე უნდა დაერგოთ 150 ფართოფოთლოვანი და 150 წიწვოვანი ხე. თუმცა, გაგიკვირდებათ და, წერილში არც ადგილია მითითებული და ვერც სხვა რაიმე დოკუმენტს მივაკვლიეთ, რომელიც ხეების დარგვას დაადასტურებს. ასეც რომ იყოს, რა გამართლება აქვს თბილისის ცენტრში უკვე არსებული ხეების მოჭრას და მათ ნაცვლად სადღაც ნერგების დარგვას?!

გვეგონა იანვარში ხეების მოჭრით დამთავრდებოდა "ელჯი კაპიტალის" კუთვნილ მიწაზე მავნებლობა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ივლისის თვეში, უკვე მეორედ დააზიანეს ხეები, რის გამოც იძულებული გავხდით, პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოგვეძახებინა. მიწის მესაკუთრეს ჯარიმა გამოუწერეს და ამით ამოიწურა ყველაფერი. ზედამხედველობის ჯერ კიდევ ძველმა თანამშრომლებმა თავი იმართლეს, რა ვქნათ, მეტი არაფერი შეგვიძლიაო (მერიის ახალი შემადგენლობა 4 აგვისტოდან შეუდგა მუშაობას). არადა, თუ ზარალი აჭარბებს ათას ლარს, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას... იმან, რომ დამნაშავე სათანადოდ არ დაისაჯა, ხეების დაზიანება განაგრძეს და უკვე აგვისტოში, დღისით, მზისით მიადგნენ "დრუჟბით".

საშინელება ხდება იპოდრომის ცენტრალურ შემოსასვლელთან, სადაც ახლა კაფე "კაფეინია", ხეებს კი არ ჭრიან ან აზიანებენ, იპარავენ. მოდის სპეციალური მანქანა, ხეს ამოთხრის და მიაქვს, ორმოს ამოავსებენ და ასე ათავისუფლებენ ახალ სამშენებლო ადგილს. ამბობენ, კაფეს ადგილზე, ავტოგასამართი სადგურის გვერდით, ახალი მშენებლობა უნდა დაიწყოსო... ეს თუ მოხდა, ამ ტერიტორიაზე კორპუსების ჯუნგლები გაჩნდება, სადაც ხანძრის შემთხვევაში სათადარიგო შემოსასვლელებიც კი არ იქნება სახანძრო მანქანებისთვის".

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შედგა აქტი და გადაეცა ზედამხედველობის სამსახურს, რის შემდეგაც გაგრძელდება გამოძიება. მერია მკაცრად განსაზღვრავს გამწვანების პრიორიტეტულ ზონებს და დამნაშავეებს დასჯის.

"ელჯი კაპიტალის" კუთვნილ მიწაზე მანამდეც მოჭრეს ხეები, ასეთი ფორმით ნარგავების დაზიანება კი იმას მოწმობს, რომ ვიღაცას სურს ამ ადგილზე მშენებლობის დაწყება. 31 ივლისის მონაცემებით ხეების მოჭრის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 14.024 ლარს შეადგენს. ახლახან ამას დაემატა რვა ახალი ძირის დაზიანება. მათგან მხოლოდ ერთის გადარჩენა ხერხდება, შვიდი უნდა მოიჭრას, თორემ წაიქცევა. ერთი თვის განმავლობაში ამ მისამართზე 24 ძირი ხის მოჭრა მიზანმიმართული ბოროტებაა".

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძეც აცხადებს, რომ ხეები განგებ, მშენებლობისთვის ადგილის გამოთავისუფლების მიზნით არის განადგურებული და რვა ძირი 40-წლიანი ხის მოჭრის ზარალმა 7.040 ლარი შეადგინა. ამიტომაც საქმე რეაგირებისთვის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს გადაეცა.

თამარაშვილის ქუჩის ამბავს გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანიაც:

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა ხეების გაჩეხამ, მწვანე საფრის განადგურებამ და მწვანე საფრის ხარჯზე მშენებლობებმა. "მინდა დავაფიქსირო ჩემი კატეგორიული პოზიცია: სადაც კი ხე-ტყე უკანონოდ მოიჭრება, სადაც კი მწვანე საფრის ხარჯზე მშენებლობებს წამოიწყებენ, კანონის დამრღვევებს, თითოეულს, მკაცრად მოეთხოვება პასუხი. ამიტომაც ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურების უწყებებს დავავალე, დედაქალაქში არსებული მდგომარეობა სასწრაფოდ შეისწავლონ და კონკრეტულმა პირებმა, ვისაც ევალებოდათ ზედამხედველობა, მკაცრად აგონ პასუხი".