სიცოცხლე მორგში - მარტოხელა დედების აუტანელი გაჭირვება - კვირის პალიტრა

სიცოცხლე მორგში - მარტოხელა დედების აუტანელი გაჭირვება

”თეთრი” და ”შავი” სია, ანუ მარტოხელა დედების განაჩენი!

”თურმე სიცოცხლეს მორგში ვატარებდით, სადაც რკინის მაგიდა იდგა და გვამებს კვეთდნენ”

”ჩემი მეუღლე სვამდა და ხშირად მცემდა. ამის გამო ცალ თვალში ბადურა ჩაშლილი, მეორეში კი მხედველობა 30% მაქვს”

გაჭირვება, უსახლკარობა, უმუშევრობა... - და ეს ყველაფერი არ არის, რაც კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში თავშეფარებულ ქალებს აერთიანებთ. ისინი მარტოხელა დედები არიან - ზოგი ქმარს დაშორდა, ზოგი დაქვრივდა, ზოგიც პატიმრის ცოლია. სიდუხჭირის მიუხედავად, შვილებზე უარს არ ამბობენ. არადა, სახელმწიფო მარტოხელა დედის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუ ქალს შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს...

ნატა გავაშელი, მარტოხელა დედა:

- მეუღლე ფილტვის სიმსივნით გარდამეცვალა, მერე ჩემი ძმა ავტოავარიაში მოყვა, ხერხემალი დაიზიანა, შეიძლებოდა ხეიბარი დარჩენილიყო. სასწრაფოდ გავყიდე ბინა და ოპერაცია გავუკეთე... ბინის ფულის დიდი ნაწილი წამლებში დაიხარჯა და ქირით გადავედით საცხოვრებლად. არ ვმუშაობდი, ქმარი აღარ მყავდა და მცირეწლოვანი შვილისა და მოხუცი დედის რჩენა მარტოს მიწევდა. ფული მალე გამოგველია, ქირა ვეღარ გადავიხადეთ და დიასახლისმა ბინიდან გამოგვყარა. სამი დღე და ღამე მეტრო ”გურამიშვილთან” ბაღში გავატარეთ. ძველით ახალი წელი იყო, ხალხი ილხენდა, ჩვენ კი საქანელებზე ვათევდით ღამეებს. ვიცოდი, მიტოვებული სახელმწიფო ობიექტები არსებობდა, სადაც უსახლკარო ოჯახები იყვნენ შესახლებული. დავიწყე ასეთი შენობების ძებნა და კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობის სარდაფში ცარიელ ოთახს მივაგენი. იქაურობა ერთი შეხედვით სამრეცხაოს ჰგავდა. რკინის მაგიდა იდგა, რომელიც სპეციალური საჭრელით დავჭერი და ჯართად ჩავაბარე. მახსოვს, 15 ლარი გადამიხადეს და ძალიან გამიხარდა. იმ ფულით მაკარონი და ზეთი ვიყიდე. ამას, ცხოვრება კი არა, არსებობა ერქვა და არც კი ვიცოდით, რომ სიცოცხლეს მორგში ვატარებდით. თურმე მთელი ხუთი თვე პროზექტურაში გვიცხოვრია, რკინის მაგიდა კი საკაცე იყო, რომელზეც გვამებს კვეთდნენ. ჩვენს თავზე მდებარე სასწრაფო დახმარების სამსახურს კანალიზაციის მილი გაფუჭებული ჰქონდა და ფეკალური მასები ჩვენს კედლებზე იღვრებოდა. დედამ ამ საშინელებას ვეღარ გაუძლო, ორჯერ ინფარქტი გადაიტანა და გარდაიცვალა. შემდეგ შენობის პირველ სართულზე ოთახი გათავისუფლდა და მე და ჩემი შვილი იქ გადავედით. მორგს ბევრად სჯობს, მაგრამ არც წყალი გვაქვს, არც დენი, არც კანალიზაცია და ზოგჯერ არც სანთლის საყიდელი ფული. უკიდურეს სიდუხჭირეში ვცხოვრობთ. ჩემი შვილი ობლობის პენსიას იღებს - თვეში 100 ლარს. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაის ფერიც არ გვქონია, შაქარზე აღარაფერს ვამბობ... სად არ ვიყავი, ყველგან ვეძებე სამსახური, მაგრამ ვერაფერი ვიშოვე. სახელმწიფო არც სოციალურად დაუცველის სტატუსს მაძლევს, რადგან ჩემს სახელზე ავტომობილია რეგისტრირებული - როცა სახლი გავყიდე, მანქანა შევიძინე და გავაქირავე. მაგრამ მძღოლი, რომელმაც ავტომობილი იქირავა, ავარიაში მოყვა. მანქანა დღესაც მცხეთაში, საჯარიმო ავტოსადგომზე დგას. იმდენი ჯარიმა დაერიცხა, ოთხჯერ გადააჭარბა მის ღირებულებას. ამ თანხის გადახდა მე არ შემიძლია... სწორედ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მარტოხელა დედების ”თეთრი” და ”შავი” სიები შეადგინა. მე ”შავ სიაში” მოვხვდი... ახლა ამ შენობაშიც არ გვაჩერებენ. ამბობენ, რომ აქ შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრი უნდა აშენდეს...

მაკა ქარდავა, მარტოხელა დედა:

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შვიდი წელი ვიმუშავე, ბევრ ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობ, მაგრამ არავის ვეხმიანები, არ მინდა, ჩემი პრობლემებით ვინმე შევაწუხო. ჩემმა ქმარმა თამაში და ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა და დღემდე პატიმარია. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ვზრდი. სანამ ქმარს დაიჭერდნენ, ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ ქირა ვეღარ გადავიხადეთ და აქ მოვედით. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი მშობლები ოტობაიაში ცხოვრობენ. მათთანაც ვერ მივდივარ, ბავშვების გამო ვშიშობ... სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას ვიღებ, მაგრამ ეს ფული სამკურნალოდაც არ მყოფნის - ჩიყვის მძიმე ფორმა მაქვს, კვირაში 47 ლარის წამალი მჭირდება, ჩემი შემოსავალი კი თვეში მხოლოდ 156 ლარია. ახლა აღარც ვმკურნალობ. ხელ-ფეხი მიკანკალებს, ვეღარც დავდივარ. ოპერაცია კი შედის საყოველთაო დაზღვევის პაკეტში, მაგრამ სანამ ტოქსიკოზს არ მომიხსნიან, ოპერაციას არ მიკეთებენ.

ნათია გიგაური, მარტოხელა დედა:

- საცვლებით ვვაჭრობ მეტრო ”ახმეტელთან”, ქუჩაში სახელდახელო დახლი მაქვს მოწყობილი და ხუთი წლის ტყუპი მთელი დღე ჩემთანაა. არავინ მყავს, ბავშვები რომ დავუტოვო. ხშირად საპატრულო პოლიცია მოდის და დახლების აყრა გვიწევს. ჩემი შემოსავალი დღეში მაქსიმუმ ხუთი ლარია და ამასაც იქვე ვხარჯავ - ბავშვებს ერთ პურს და 1 კილო პამიდორს თუ ვუყიდი. ჩემი მეუღლე სვამდა და ხშირად მცემდა. ამის გამო ცალ თვალში ბადურა ჩაშლილი, მეორეში კი მხედველობა 30% მაქვს. ჩვენც კლინიკის მორგში ვცხოვრობდით. მერე შევეცოდეთ ამ შენობაში ჩვენამდე შესახლებულებს და ერთი პატარა ოთახი დაგვითმეს. სოციალური შემწეობა არ მაქვს, რადგან დუშეთის რაიონში ვარ ჩაწერილი. სადაც რეგისტრირებული ხარ, შემწეობაც იქ უნდა დაგინიშნონო, არადა, იქ არაფერი მაქვს, ვისთან წავიდე?

პ.ს. ქვეყანაში, რომელიც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, მარტოხელა დედობა განაჩენი არ უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველა დედას უნდა მისცეს შესაძლებლობა, შვილი ღირსეულად გაზარდოს.

ემა ტუხიაშვილი