"ქართულ სიტყვებს ვსწავლობ..." - მურატ ილდირიმის ექსკლუზიური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ქართულ სიტყვებს ვსწავლობ..." - მურატ ილდირიმის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ქართველი ხალხის თვალებში დანახულმა სითბომ და სიყვარულმა იმდენი ძალა მომცა, რომ დაღლა საერთოდ არ მიგრძნია."

"ქართულ ტექსტს ვამბობ. მეგონა, ადვილად ვიტყოდი, მაგრამ რთული იყო. ჩემ გამო, 5-6 დუბლი გადაიღეს, მაგრამ მერე მითხრეს, - ძალიან მოგვეწონა, კარგიაო"

ცნობილი თურქი მსახიობი - მურატ ილდირიმი საქართველოს მეორედ ეწვია. ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მსახიობი ბათუმში, "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ვახშამში მონაწილეობდა. მალე საზოგადოება სოციალურ კლიპს იხილავს, რომელიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისკენ მოგვიწოდებს. კლიპის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი გახლავთ. ვიდეორგოლში ლეიკემიისა და სოლიდური სიმსივნისგან განკურნებულ ბავშვებთან ერთად, მურატ ილდირიმიც მონაწილეობს... ცნობილ თურქ მსახიობს კლიპის გადაღების დასრულების შემდეგ, თბილისში შევხვდით და ვესაუბრეთ...

მურატ ილდირიმი:

- კლიპში ქართულ ტექსტს ვამბობ. მეგონა, ადვილად ვიტყოდი, მაგრამ რთული იყო. ჩემ გამო, 5-6 დუბლი გადაიღეს, მაგრამ მერე მითხრეს, - ძალიან მოგვეწონა, კარგიაო. ახლა ქართულად რაღაცებს ვსწავლობ: "დიდი მადლობა", "აბა, რა" (ქართულად ამბობს. - ავტ)... გიორგი ოვაშვილის მხატვრულ ფილმში მონაწილეობა ძალიან მინდა. იმედია, თანამშრომლობის საშუალება გვექნება.

- საქმიანი ვიზიტის გარდა, საქართველოში დასვენება, გართობა თუ მოახერხეთ?

- არ დავღლილვარ. ქართველი ხალხის თვალებში დანახულმა სითბომ და სიყვარულმა იმდენი ძალა მომცა, რომ დაღლა საერთოდ არ მიგრძნია. როცა დასაძინებლად ვწვებოდი, მხოლოდ მაშინ ვხვდებოდი, რომ დაღლილი ვიყავი.

- საქართველოში უამრავი გოგონა გეტრფით. ამიტომ გკითხავთ - თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ვინმეს შეყვარება ჩემს გეგმებში არ შედის. ამჟამად, მუშაობით ვარ გატაცებული და ამისთვის არ მცალია. ამ ცხოვრებაში სიყვარული ყველგან არის. ამა თუ იმ მოვლენაში დადებით მხარეს თუ დაინახავ, ყველაფერი კარგად იქნება... ამჟამად, მეგობარი ქალბატონი არ მყავს (იღიმის).

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.