მალე! - "კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია" - კვირის პალიტრა

მალე! - "კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია"

ცნობილი გერმანელი რომანტიკოსის ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის შემოქმედება ყველა დროში, მკითხველის აღფრთოვანებას და ირონიულ ღიმილს იწვევდა.

მწერალი ზღაპარს რომანტიკული ლიტერატურის ძირითად ჟანრად მიიჩნევდა და უჩვეულო მხატვრული ხერხებით ახდენდა რეალობის შერწყმას ფანტასტიკის სამყაროსთან.

ასე რომ, ამ ავტორის ერთ-ერთი ნამუშევარი - "კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია" ლიტერატურული სერიის "კიდევ 49 წიგნი. . . " მორიგი - 31-ე ტომია, რომელსაც მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, 18 აგვისტოს იხილავს.

წიგნის ავტორსა და ნაწარმოებზე ნანა გოგოლაშვილი, გერმანისტი, მთარგმნელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გვესაუბრება:

- ჰოფმანი 1776 წელს დაიბადა და 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო ასევე შესანიშნავი კომპოზიტორი, მხატვარი-კარიკატურისტი და მუსიკოსი. სწორედ ამ სამი ხელოვნების შერწყმის შედეგად, შეიქმნა მსოფლიო ლიტერატურაში ის ახალი, მხატვრული სტილი, რომელსაც შეიძლება ,,მუსიკალურ-ფერწერული-პოეტური სტილი" ვუწოდოთ.

ჰოფმანმა ეპოქალური პრობლემები ჭეშმარიტი შემოქმედის გუმანით წარმოაჩინა ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა: ,,ეშმაკის ელექსირი," ,,ნამცეცა ცახესი-ცინობერად წოდებული," ,,პრინცესა ბრამბილა" და ,,მადმუაზელ დე სკიუდერი," მაგრამ მწერალმა სამყაროს განსაკუთრებული ხევდის ნიჭი, მკაფიოდ თავის უკანასკნელ რომანში: ,,კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია" გამოავლინა. აქ ჰოფმანი ლიტერატურული ნაწარმოებისთვის უჩვეულო კომპოზიციას მიმართავს და კატა მურის ფილოსოფიის ფონზე, მეოცნებე მუსიკოსის, იოჰანეს კრაისლერის ცხოვრების ეპიზოდებს აღწერს, მაკულატურის თაბახებში ფრაგმენტულად რომ შემორჩენილა. კატა მურის სახე ის მეტაფორაა, რომელშიც მკითხველი აუცილებლად დაინახავს მედროვე ადამიანის უსულგულობას, გაუტანლობას, გაიძვერობას და, ბოლოს, მის სიძულვილს პოეზიისა და სილამაზისადმი.

- მგონი, ორ საუკუნე-ნახევრის წინ დაწერილი ნამუშევარი დღესაც აქტუალურია.

- კი, ორ საუკუნე-ნეხევარი გვაშორებს ჰოფმანის შემოქმედებას, მაგრამ სიკეთის, თავისუფლების, სამართლიანობის მისეული იდეები, როგორც არასდროს, ისე ეხმიანება ჩვენს დროებას. ამიტომ ეს წიგნი ქართველმა მკითხველმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს.

ლალი ფაცია