გროშებად გაყიდული ისტორია - კვირის პალიტრა

გროშებად გაყიდული ისტორია

დავით აღმაშენებლის გამზირს სწრაფი ნაბიჯით მივუყვები. მოზარდ მაყურებელთა თეატრთან შავოსანი ხნიერი ქალბატონი მაჩერებს, - მშრალ ხიდზე როგორ უნდა მოვხვდე, შვილო?! პასუხის მოლოდინში ფეხებთან დაწყობილ ორ დიდ ჩანთას იღებს. ჩანთებს ვიდრე მეტრომდე მივატანინებ, თვალცრემლიანი ქალბატონი თავის საწუხარს მანდობს. ერთ დროს უზრუნველი ცხოვრება ჰქონია, მერე კი, როგორც ყველას, მასაც გაუჭირდა. სიდუხჭირემ მის ერთადერთ ვაჟს ბანკის ვალები ააღებინა, საქმემ კი, რომელშიც ფული ჩადო, არ გაუმართლა. რამდენიმე წელია ყოველთვიურად ბანკში შესატანი სესხის საკმაოდ დიდი პროცენტი ოჯახის ყოველდღიური საფიქრალია. სამკაული რძალს ოქროს ბირჟაზე რამდენიმე თვის წინ ჩაუბარებია და ორი თვის პროცენტი გადაუხდიათ... იმ იმედით, რომ ვაჟი მალე იშოვის სამსახურს, მოხუცმა შინ მოგროვილი ნივთები, მათ შორის სამამულო ომში მონაწილე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მეუღლის მედლები, მშრალ ხიდზე უნდა ჩააბაროს...

მეორე დღეს, როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრს ჩავუარე, ის შავოსანი ქალბატონი გამახსენდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მშრალ ხიდზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ძველმანებისა და ანტიკვარიატის ბაზრობაზე მისვლა... იმ ბებოს მსგავსად, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ამ ადგილს ყოველდღიურად ბევრი გაჭირვებული აკითხავს და მთელი სიცოცხლის მანძილზე ნაგროვებ ქონებას აქ გროშებად ყიდიან...

მშრალ ხიდზე რომ მივედი, მოვაჭრეთა ნაწილი მიწაზე გაშლილ ნივთებს ალაგებდა და შინ წასასვლელად ემზადებოდა. უმრავლესობა ფოტოაპარატის გამოჩენისთანავე ზურგით ტრიალდებოდა და საუბარზე უარს ამბობდა... ეს პატარა ადგილი რამდენიმე საუკუნეს, ეპოქასა და ისტორიას აერთიანებს. ყოველთვის ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით უქმეებზე. აქ ყველაფერია, მთავარია, გქონდეთ ფული...

16 წელია 73 წლის ხათუნა ბარკალაია მშრალ ხიდზე ძველმანებს იბარებს. არადა, წლების წინ ამ ადგილს ნივთების შესაძენად აკითხავდა. პროფესიით ბიო-ფიზიკოსი 45 წელი სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი გახლდათ.

ხათუნა ბარკალაია:

- რაც პენსიაზე გავედი, მას შემდეგ აქ ვარ. ორი შვილი მყავს, ორივე უმუშევარი. ერთი სტომატოლოგია, მეორე - ეკონომისტი... ჩემი ხნის ხალხი ხომ აღარსად სჭირდებათ. აბა, ჩემი პენსია ოჯახს როგორ ეყოფოდა?!

კარგად მახსოვს პირველი დღე, როდესაც ნივთების გასაყიდად დავჯექი. მანამდე, აქ როგორც მყიდველი, ისე მოვდიოდი, მერე ჩემმა მდგომარეობამ გამყიდველი გამხადა. რაც აქ ვიყიდე, ისევ აქვე გავყიდე, პურის ფული რომ მეშოვა. ძირითადად ძველმანებს, სამკაულს, ჭურჭელსა და წვრილმან ნივთებს ვყიდი - ყველაფერს ჩემზე გაჭირვებულები მაბარებენ, ცოტას ვუმატებ და ვყიდი... ხშირია დღეები, როდესაც არაფერი იყიდება. განსაკუთრებით ზამთარში. ზოგჯერ მთელი დღე ყინულზე დგომა მიწევს, მაგრამ რას ვიზამ, ახლა ჩემი საქმე აქ დგომა და ვაჭრობაა.

ჩემი შვილები თუ მუშაობას დაიწყებენ, აქაურობას თავს დავანებებ. თუ სტაჟის მიხედვით პენსიასაც მომიმატებენ, ალბათ, ბედნიერი სიბერე მექნება. 45 წელი პედაგოგად ვიმუშავე, ძველი მთავრობა ამ დამსახურების გამო მხოლოდ მადლობის წერილებს მიგზავნიდა. სტაჟის მიხედვით პენსია რომ დაენიშნათ, აქ ხომ არ დავჯდებოდი! მრცხვენია კიდეც: ჩემი ყოფილი სტუდენტები რომ მოდიან, ვემალები. არ მინდა, ამ დღეში მნახონ.

- დღეში დაახლოებით რამდენს ვაჭრობთ?

- ზოგი ნივთი ნისიად მაქვს დატოვებული და როცა გავყიდი, თანხა მერე უნდა მივცე. თუ იღბლიანი დღე გამოდგა, შეიძლება 50 ლარიც ვივაჭრო, იქიდან 10%, ანუ 5 ლარი მრჩება. ახლა ძალიან ცხელა, ქალაქიც ცარიელია, ტურისტებიც არ ჩანან და ძალიან ცუდი ვაჭრობაა...

- ძირითადად უცხოელები ყიდულობენ?

- ჩვენებს ყველაფერი მოსწონთ და უნდათ, მაგრამ ფული არ აქვთ. ტურისტები - "სუვენირ, სუვენირ" - გაიძახიან. დღეს, მაგალითად, ლენინის მომინანქრებული პორტრეტი 30 ლარად გავყიდე, უცხოელმა იყიდა. აი, ამ ძველი ჩეხური ძოწის საყვავილეებს 35 ლარს ვაფასებ.

ქალბატონი ხათუნა შინ წასასვლელად მოემზადა და ნივთების ჩალაგება დაიწყო.

უცნობი სამხედროების გაცრეცილი ფოტოები

თეთრ ქუდსა და პერანგში გამოწყობილი ოთარ ჩხაიძე ყველაზე ახალი მშრალხიდელია. მალე ორი წელი გახდება, რაც ამ ოჯახის წევრია.

ოთარ ჩხაიძე:

"- პროფესიით სასურსათო საქონელმცოდნე ვარ, დამთავრებული მაქვს მილიციის სკოლაც. ადრეულ წლებში ვმუშაობდი ოპერატიული ჯგუფის ინსპექტორად. შემდეგ გლდანში ავაშენეთ ბინა, შევიცვალე პროფესია და სასურსათო საქონელმცოდნე გავხდი. როდესაც ბავშვები სკოლაში შევიყვანე, სკოლაში დავიწყე მუშაობა, დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში. 24 წელი ვიმუშავე #73 სკოლაში. პენსიაზე გასვლის შემდეგ სამსახურიდან დამითხოვეს."

მის დახლზე საბჭოთა პერიოდის ფული, სამამულო ომისდროინდელი მედლები, დროშები, მარკები და რამდენიმე ძველი და უცნობი ქართველი სამხედროების ფოტოებია. გაცრეცილ-შელახული ფოტო, რომელზეც ორი ახალგაზრდა სამხედროა გამოსახული, ცოტა ხნის წინ ხუთ ლარად შეიძინა. წარწერის მიხედვით ფოტო 1913 წელს არის გადაღებული. ერთი მათგანი - ვინმე ნიკოლოზ ტაბატაძეა. აქვეა ოქრომკედით ნაქარგი გენერლის სამხრეები.

- ახლა რაღა დროსია, მაგრამ ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, ინგლისურს ვისწავლიდი, რომ იცოდეთ, ენის უცოდინარობა ვაჭრობაში როგორ მიშლის ხელს. ხშირად უცხოელი რომ მოდის და ვერაფერს ვაგებინებ, კლიენტს კონკურენტი მართმევს.

უსას ანტიკვარიატი

სანამ მშრალი ხიდიდან ნახატების გამოფენასთან მიმავალ დაღმართს დაუყვებით, ტროტუარზე გამოფენილ უამრავ ნივთს უნდა აუაროთ გვერდი. ძველი მუსიკალური საკრავები, ფარდაგები, ძველებური ლითონის ჭურჭელი და ნახევრად ძვირფასი ქვები... ეს უსას სტაფილოსფერი "მოსკვიჩია", ქუჩაზე ექსპონატად შემორჩენილი, დღეს ძვირფასი ნივთების სათავსის ფუნქციას რომ ასრულებს. უსას აქ ყველა იცნობს, ბაზრობის გახსნის დღიდან აქ არის. წინა რესპონდენტებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ანტიკვარიატზე მუშაობს. მეტსახელით მეცნობა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარო, - ამბობს.

- დაახლოებით 25 წელია აქ ვარ. პროფესიით ლიტერატორი გახლავართ, მაგრამ აქ მუშაობით თავისუფლება და თავმოყვარეობა შევინარჩუნე. ახლა დაუყვედრებლად ვცხოვრობ. ლიტერატორიც ვიყავი და "გაზეთჩიკიც", დაკაბადონებული მაქვს რამდენიმე გაზეთი და ბოლოს პასუხისმგებელი რედაქტორიც ვიყავი.

- აქ მოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ის საქმე, რასაც მანამდე ვაკეთებდი, წყლის ნაყვა იყო. ხშირად მეკითხებიან, ვაჭრობა რატომ დაიწყეთო? ეს ვაჭრობა არ არის, ეს არის ანტიკვარიატთან ურთიერთობის ხელოვნება, თორემ ქვეყანაზე ყველა და ყველაფერი იყიდება...

სანამ აქ დავდგებოდი, მანამდე "დედაენის ბაღში" ვიყავით, ახლა აქ ვართ. ძველებური იარაღი, ლამპები, ნახევრად ძვირფასი ქვები - ეს ჩემი ანტიკვარიატია.

ეს საბრძოლო ცული 1.000 დოლარი ღირს, ხელით ნაწრთობი ძველი ფოლადია. ეს ვერცხლით გაწყობილი ტყავის ქამარი, რომელსაც "პატარძლის ქამარს" ეძახიან, მე-20 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული, 300 დოლარი ღირს. ეს სადაფით მოოჭვილი და ხელით ნაკეთი ნარდი - 200 ლარი, ეს ფრანგული შლაპის ყუთია... აქ გამოფენილ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს...

მსგავს ამბებს აქ ხშირად მოისმენთ. აქ გამოფენილ ყველა ნივთს, ხომ თავისი ისტორია აქვს.

პ.ს. როცა დეიდაჩემს ძალიან გაუჭირდა, დიდედის ნაჩუქარი საგვარეულო ვერცხლის ლარნაკი, რომელიც თითქმის ნახევარ კილოს იწონიდა, ანტიკვარიატის მაღაზიაში გროშებად ჩააბარა... წლების შემდეგ ეს ლარნაკი, რომელსაც ძირზე მისი გვარი ჰქონდა ამოტვიფრული, შემთხვევით მშრალ ხიდზე ნახა. მართალია, ნივთი, ნაკეთობის თვალსაზრისით, არაფერს წარმოადგენდა, თუმცა დეიდაჩემისთვის იმდენად ძვირფასი იყო, რომ მის შესაძენად ხუთმაგი თანხის გადახდაზე წამითაც არ დაფიქრებულა. ეს იყო დიდი ხნის წინ, დღეს საგვარეულო ლარნაკი ისევ დეიდაჩემის ოჯახშია, მაგრამ რამდენჯერაც მშრალ ხიდს გავუვლი, მაშინვე ეს ამბავი მახსენდება...

იმ დღეს წლების წინ ჩვენი ოჯახიდან გაყიდულ რამდენიმე საგვარეულო ნივთსაც ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე, მას ალბათ, ახლა სხვა მეპატრონე ჰყავს...

თორნიკე ყაჯრიშვილი