ჯინი ლამპრიდან გათავისუფლდა... - კვირის პალიტრა

ჯინი ლამპრიდან გათავისუფლდა...

რობინ უილიამსს, "კომედიის მეფის" სახელით ცნობილ ჰოლივუდის მსახიობს, ათობით ბრწყინვალე როლი აქვს ნათამაშები, მიღებული აქვს "ოსკარი" და 5 "ოქროს გლობუსი". გამორჩეულმა ვარსკვლავმა მოულოდნელად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

პირველად "ჯუმანჯი" კავკასიაზე" ვნახე... 90-ანი წლების ბავშვისთვის საქართველოში დიდი ფუფუნება იყო ფილმის თავიდან ბოლომდე ყურება ისე, რომ შუქი არ გამორთულიყო. ისე მოხდა, რომ "ჯუმანჯის" ყურება ბოლომდე მეღირსა. შუქი დამთავრებიდან მალევე კი წავიდა, მაგრამ ჩვეული ლანძღვა არ დამიწყია (გინება ალბათ ჯერ არ ვიცოდი, ან ბებიაჩემის მეშინოდა, 8 წლის ვიყავი დაახლოებით). კარადის წინ სკამი დავდგი, ნარდი ჩამოვიღე, ჩემი მწვანე სათამაშო ჯარისკაცების ყუთი ავიღე და დიდი ინტერესით დავიწყე დაფაზე დალაგება. პირველ რიგში მინდოდა, ჯადოსნური ყუთიდან ლომი გადმომეყვანა, რომ ჯერ ბებიაჩემი შეეჭამა, მერე კირსტენ დანსტი.

მოკლედ, პირველად რობინ უილიამსს "ჯუმანჯით" შევხვდი. მართალია, მისი არც სახელი ვიცოდი, ხან დაუთფაიერს ვეძახდი, ხან ფლაბერს, მერე კიდევ კარგა ხანს მერეოდა რობი და რობინი ერთმანეთში. მახსოვს, როგორ ვიტირე "ორასი წლის ადამიანზე" და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბანალური ცრემლების მანქანად მივიჩნევ ამ ფილმს, ყოველთვის, როდესაც ტელევიზორში დავინახავ, ძველი ნაცნობივით ვუჩერდები ხოლმე.

ეს იყო ჩემი ბავშვობის რობინ უილიამსი. შემდეგ Awakening-ი ვნახე, "ჰუკი", "უილ ჰანტინგი", "მკვდარი პოეტები"... მისი გარდაცვალების შესახებ რომ წავიკითხე, სტანდარტული -""ვა, ტეხავს" - გრძნობა მქონდა. დიდი ხანია, რობინ უილიამსი არც "სათამაშოების" მსგავს ფილმში მინახავს და არც ჯონ კიტინგის კალიბრის პერფორმანსი შეუქმნია. რობინ უილიამსი, როგორც მსახიობი, დიდი ხანია "მკვდარი" იყო, უბრალოდ, ბავშვობაში მასთან ერთად განცდილი თავგადასავლების გამო, მისი ხილვა ახალ ფილმში ნოსტალგიურ ემოციას იწვევდა. რაღაც გულუბრყვილო მადლიერების გრძნობა გამაჩნდა, რამაც ბავშვობაში ყველაფერ ჯადოსნურისადმი რწმენა გამიმყარა.

ჩემთვის ის არასოდეს ყოფილა ჯინი, ამერიკელ ბავშვებს ჰქონდათ მხოლოდ ამის ბედნიერება. ის კი არა, ჯინს რომ რობინი ახმოვანებდა, საპატიო "ოქროს გლობუსი" რომ მისცეს, მაშინ გავიგე. ჩემთვის ის გაზრდილი პიტერ პენი იყო, რომელმაც ნევერლენდი დაივიწყა და იმის მაგალითიც, რომ არასოდეს დავმსგავსებოდი მას.

მაგრამ პერფორმანსი, რომლის გამოც ის არასოდეს დამავიწყდება, არის პერი ტერი გილიამის "მეფე-მეთევზიდან". მის ფილმოგრაფიაში მრავლადაა პერსონაჟები, რომელთაც მენტორული, დამრიგებლური სახე აქვთ. შეიძლება მათში ინსპირაციის წყაროც აღმოაჩინო, მეგობარი იპოვო ან უბრალოდ, უყურო და იცინო, მაგრამ ყველაზე წინ ამ სახეებს შორის ჩემთვის პერია. არ ვიცი, გაქვთ თუ არა საერთოდ ნანახი, ან თუ გაქვთ, გახსოვთ თუ არა, მაგრამ "მეფე-მეთევზეში" არის ერთი სცენა, როდესაც ბალახზე წამოწოლილი ჯეფ ბრიჯესი და შიშველი რობინ უილიამსი ცას უყურებენ და უცებ პერი ამბის მოყოლას იწყებს. ფოკუსი პერიზეა მიპყრობილი, ის კი ჰყვება პატარა ბიჭის შესახებ, რომელსაც ტყეში მარტო უნდა გაეტარებინა ღამე სიმამაცის დასამტკიცებლად, რომ შემდეგ მეფე გამხდარიყო. უცებ მის წინ წმინდა გრაალი გაჩნდა. ხმამ ამცნო, რომ ბიჭი გრაალის მცველი უნდა გამხდარიყო და ადამიანების გატეხილი გულები გაემრთელებინა. ბიჭს სიხარბე მოერია და ძალაუფლებით დაბრმავებულმა გაიწოდა გრაალისკენ ხელი. გრაალი გაქრა, მას კი ხელზე დიდი იარა დარჩა. ბიჭი იზრდებოდა და ჭრილობაც ღრმავდებოდა. ერთ დღეს ცხოვრებამ მისთვის აზრი დაკარგა. მისი სასახლის შორიახლოს მასხარამ იპოვა დაჭრილი მეფე. მან არ იცოდა, რომ გაზრდილი ბიჭი მეფე იყო, ის მხოლოდ მწყურვალ კაცს ხედავდა. ამოიღო ჭიქა და მეფეს წყალი მიაწოდა. მეფემ მოსვა და მისმა ჭრილობამ შეხორცება დაიწყო. ჭიქას დახედა. წმინდა გრაალი დაინახა და მასხარას ჰკითხა, - როგორ იპოვე ის, რაც ჩემმა საუკეთესო რაინდებმა ვერ აღმოაჩინესო. მასხარამ მიუგო, - არ ვიცი, მე უბრალოდ დავინახე, რომ გწყუროდაო...

როდესაც პერი თხრობას ასრულებს, ჯეფ ბრიჯესი ხვდება, რომ ის მეფე-მეთევზეა, პერი კი მასხარა. და სწორედ ეს როლია, რომელშიც ის რეალურია.

რობინ უილიამსი ის მასხარა იყო, რომელიც წმინდა გრაალს ინახავდა და მაყურებლის გატეხილ გულებს კურნავდა.

მე არ მომენატრება რობინ უილიამსი, ნებისმიერ დროს შემიძლია მის ფილმებს ვუყურო, უბრალოდ, გული დამწყდება, რომ მომავალში მას აღარ ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი პერი შექმნას, მასხარა, რომლის შემხედვარეც თავს მეფე-მეთევზედ ვიგრძნობ და ჭრილობებიც მცირე ხნით მაინც შეხორცდება...

ბაჩო ოდიშარია

www.digitalculture.ge