"მოტოციკლი ჰაერში ავარდა და დარტყმისაგან შუაზე გაიპო" - შეძრწუნებული თვითმხილველის ნაამბობი - კვირის პალიტრა

"მოტოციკლი ჰაერში ავარდა და დარტყმისაგან შუაზე გაიპო" - შეძრწუნებული თვითმხილველის ნაამბობი

"მოტოციკლი უკან, იმ ადგილზე იყო შევარდნილი, სადაც ბავშვები იჯდნენ..."

"ბავშვებით სავსე "ჯიპი" მოსახვევიდან ცენტრალურ ქუჩაზე ელვის სისწრაფით გამოვარდა, მოტოციკლიც გიჟივით მიქროდა ცენტრალურ ქუჩაზე"

ქობულეთში საშინელი ავარია მოხდა -”ჯიპი" (რომელშიც სომეხი ეროვნების წყვილი სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა) და ძმები მაისურაძეების მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიამ გორელი ძმების და 10 წლის სომეხი ეროვნების ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძალზე მძიმე მდგომარეობაშია მეოთხე დაზარალებული - ჯიპში მსხდომი წყვილის მეორე ვაჟი, ის ქობულეთის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ავარია უამრავი დამსვენებლის თვალწინ მოხდა - ამ ქუჩაზე განლაგებულია პრაქტიკულად, ქობულეთის ყველა სასტუმრო. სომხეთის მოქალაქეები ქობულეთში სწორედ დასასვენებლად იყვნენ ჩასულები.

რამაზ ს., თვითმხილველი:

- შეჯახება ისე ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ჰაერში ავარდა და დარტყმისაგან შუაზე გაიპო. მასზე მჯდომი ძმები იქვე დაიღუპნენ... იმავე წამს ”ჯიპისკენ” მივიხედე და მოტოციკლი უკან, იმ ადგილზე იყო შევარდნილი, სადაც ბავშვები იჯდნენ...

- ავარია რამ გამოიწვია?

- კატასტროფულად მოუწესრიგებელმა მოძრაობამ ქობულეთში. აქ არავინ ემორჩილება პატრულსა და შუქნიშანს. რუსთაველის ქუჩა, სადაც ავარია მოხდა, გადაჭედილია ფეხით მოსიარულეებით. როგორ შეიძლება ასეთ დატვირთულ ქუჩაზე პატრული მოძრაობას ვერ იმორჩილებდეს?! აქ აღარ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალი იყო ავარია. ისე, როგორც მე დავინახე და აღვიქვი, ორივე მხარემ დაარღვია მოძრაობის წესები და ამხელა უბედურებაც მოჰყვა. ბავშვებით სავსე "ჯიპი" მოსახვევიდან ცენტრალურ ქუჩაზე ელვის სისწრაფით გამოვარდა, მოტოციკლიც გიჟივით მიქროდა ცენტრალურ ქუჩაზე; ამის მიუხედავად, ის მაინც თავის გზაზე მიდიოდა და ”ჯიპს" რომ გზა დაეთმო მოძრაობის წესების დაცვით, ეს კატასტროფა არ მოხდებოდა. ერთი "ბაიკერი", დაჯახებისას თავისი მოტოციკლით პირდაპირ ჯიპში შევარდა და თავიც დაღუპა და ბავშვებიც, - ერთი ხომ ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე, 9 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია ქობულეთის საავადმყოფოში. მესამე ბავშვი, სულ უმცროსი, 8 წლისა, შედარებით მსუბუქად არის დაშავებული და ის ბათუმში გადაიყვანეს და დედაც იმას გააყოლეს და თავზე ადგას. სანამ ის ბავშვი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება, იმ საცოდავ ქალს ალბათ ვერც ეტყვიან, მის ოჯახს რა დაემართა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)