"ეს მთავრობა უნდა დავსაჯო, ტვირთად უნდა დავადო ჩემი სიკვდილი" - რას ითხოვს ქალი, რომელმაც თავის დაწვა სცადა - კვირის პალიტრა

"ეს მთავრობა უნდა დავსაჯო, ტვირთად უნდა დავადო ჩემი სიკვდილი" - რას ითხოვს ქალი, რომელმაც თავის დაწვა სცადა

გუშინ ფოთში აფხაზეთიდან დევნილმა 64 წლის დალი აბურჯანიამ თავის დაწვა სცადა. ქალი გადარჩა, თუმცა სხეულზე ბენზინთან კონტაქტის გამო მსუბუქი დამწვრობები დარჩა. მათ ნაქირავებ ბინაში სრულიად მარტოდმარტო იშუშებს. პარალელურად ისევ თავის დაწვაზე ფიქრობს...

- ქალბატონი დალი, თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანს ფიქრიც მზარავს, წარმოვიდგინო, როგორ იწვებოდით. ეს ხომ საშინელი ტკივილია და ალბათ მუდმივი კი უბინაობაც სჯობია...

- სიკვდილს რომ უბინაობა სჯობია, იმას ჰგონია, ვისაც ეს არ განუცდია. მე ოდესღაც მქონდა სახლი აფხაზეთში და აღარც კი მახსოვს, როდის იყო ეს. ათეული წლებია, ფოთში ქუჩაში გასაყიდ ტანსაცმელს ან სხვა ნივთებს დავათრევ და ბინიდან ბინაში დავხეტიალობ. ხან ვის ვეხვეწები, ქირა მადროვოს და ხან ვის... ეს საშინელებაა. მით უფრო მაშინ, როცა იმედი გიჩნდება, რომ ამ ენითაუწერელ ტანჯვას ბოლო მოეღება და მთავრობა გპირდება, რომ ბინას მოგცემს, - ამისთვის ლტოლვილთა სამინისტრომ სამჯერ ყველაზე დაბალი ქულებით შემაფასა. ასე რომ წლებია, სხვისი ბინის კარს შევჰყურებ და ვოცნებობ, რომ როცა მოკვდები, სხვისი ჭერიდან არ გამასვენონ. როცა მივხვდი, რომ ამაოდ ველოდებოდი, კინაღამ შევიშალე. მივხვდი, რომ თუ სახლიდან არ გავიდოდი და მთავრობას ბინას არ მოვთხოვდი, საწამლავი უნდა დამელია. წავედი და სხვა ჩემნაირ გაჭირვებულ და მოტყუებულ დევნილებთან ერთად მერიის წინ დავჯექი. ათი დღის მანძილზე პაპანაქებაში ველოდი მთავრობის, პასუხს, მაგრამ ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას გარდა არავინ გამოჩენილა. მარტო ის მოდიოდა და გვამშვიდებდა, ძალიან კარგი ბიჭია.

- პირველად მესმის, რომ მთავრობის წარმომადგენელს თქვენისთანა  ადამიანი აქებს.

- მე ადამიანობა არ დამიკარგავს, შვილიც მყავს, რომელიც გათხოვილია და აქით უნდა დახმარება, მე კი ვერ ვეხმარები, რადგან ქუჩაში გასაყიდი ტანსაცმლით წანწალმა ფეხები ისე დამისივა, ერთმა ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელმა მითხრა, - მაგ ფეხებს ნუ მაჩვენებ, ქალბატონო, ცუდად ვხდებიო. ირაკლი კაკულიას კი რანაირად არ უნდა ვუთხრა მადლობა, ის ერთადერთი გვიცოდებდა. მაგრამ მარტო ერთი ადამიანი რას გახდება ამხელა უსამართლობასთან! როცა ამასაც მივხვდი, ”ბენზოკალონკაზე” ვიყიდე ბენზინი, მოვიტანე მერიის წინ და და თავზე დავიცალე... ხალხი მოცვივდა და ასანთის გაკვრა ვერ შევძელი.

- ესეც აუცილებლად უნდა გკითხოთ, საშინელებაა, მაგრამ თავს დემონსტრაციულად რატომ იკლავდით?

- იმიტომ რომ მთავრობა უნდა დავსაჯო. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ისეთი სახელმწიფო გვაქვს, სადაც ხალხს თავად გამოაქვს საკუთარი თავისთვის განაჩენი. მთავრობა კი მუდამ ქონებას აგროვებს და სახლში როცა წავლენ, 10 ბინა რჩებათ. ამას რომ ვიზამ, ესენი მაინც ვეღარ გაიხარებენ, - ტვირთად დააწვებათ, რომ ჩემნაირი ავადდმყოფი მოატყუეს და თავშესაფარი არ მისცეს...

მე არ მჭირდება დიდი დრო სიკვდილამდე. მე მინდა, როცა ეს დრო მოვა, ჩემი ბინიდან გამასვენონ, სიკვდილში ხომ მაინც უნდა ვიყო ბედნიერი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)