"ეს რაღაც უცნაური "კაზანტიპია", ძალიან "კავკასიური", მოკრძალებული და თავდაჭერილი" - კვირის პალიტრა

"ეს რაღაც უცნაური "კაზანტიპია", ძალიან "კავკასიური", მოკრძალებული და თავდაჭერილი"

"უფრო მეტ ხალხს ველოდით... ეტყობა, ნიკიტამ მეტი ვერ ჩამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლებისგანაც ჰქონდა რაღაც პრობლემები, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით. ზერელე თანხმობა ჰქონდათ, რამაც ბევრი რამ შეაფერხა... გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმაც იქონია გავლენა." - ამბობს ჩვენთან საუბარში უკრაინელი იულია პეტრენკა, რომელიც "კაზანტიპის" ფესტივალზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

"მე მეხუთე წელია მეგობრებთან ერთად ამ ფესტივალს ვესწრები, მაგრამ ეს რაღაც უცნაური "კაზანტიპია", "ძალიან კავკასიური", მოკრძალებული და თავდაჭერილი.

- იმას გულისხმობთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი და თავისუფალი სექსი აკრძალულია?

- დიახ, არადა ეს კაზანტიპის მთავარი დატვირთვაა. ეს ხომ სულ რაღაც ათი დღეა და არა მთელი ცხოვრება... ქართულ პოლიციას წესრიგის დაცვასთან ერთად კიდევ ერთი, საკმაოდ რთული ფუნქცია აქვს, აბეზარი ადგილობრივებისგან სტუმარი გოგონების დაცვა. უარის მიუხედავად, ისინი ჯიუტად ცდილობენ ჩვენს გაცნობასა და გამოლაპარაკებას (იცინის)... კარგია, რომ გულწრფელები არიან. თუმცა არ იციან, რომ აქ მყოფი ლამაზმანების უმეტესობა პარტნიორთან ერთად არის ჩამოსული. საქართველოსთვის ასეთი ტიპის ფესტივალი რომ უცხოა, ეს ბევრი რამიდან ირკვევა, - მათთვის ძნელია იმის აღქმა, რომ ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ბოლომდე ვიხსნებით საკუთარ თავთან და გარემოსთან და კარნავალს ვიწყობთ. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, ჩვეულებრივი ცხოვრებას ვაგრძელებ, სამსახურში ვივლი და სოციალურ პრობლემებსაც ვუბრუნდები, მანამდე კი მინდა ვიყო ადამიანიც და ჯადოსნური არსებაც. ერთ-ერთი ცეკვის დროს, დანარჩენები ისე გვიყურებდნენ როგორც ავ სულებს. ამაზე ბევრი ვიხალისეთ. ვფიქრობ, ცუდი არაფერია იმაში, მე მიყვარს სიცოცხლე და ვცდილობ, დავტკბე მისით. ამაში კი "კაზანტიპი" მეხმარება.

- მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე წარმოუდგენელი სიძვირეა...

- დიახ, მართლაც არ არის დაბალი ფასები. წუხელ ერთი ტარო სიმინდი 6 ლარად ვიყიდეთ. იგივე ფასი გადავიხადე ერთ ბოთლ მინერალურ წყალში. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად ვერთობი. მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი კი ამბობს, რომ აქ არასდროს დაბრუნდება. ვიცი, რომ ბევრია იმედგაცრუებული. მე ძალიან მომეწონა აქაურობა. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი - გართობის სურვილი ადგილობრივებს სახიფათო აგრესიაში გადასდით. ეს გართობის ნაკლებობის ბრალია. ეს უფრო პრობლემატურია ვიდრე სიძვირე.

- ღამე სად რჩებით?

- თავიდან აქვე ფესტივალის ტერიტორიაზე კარვებში ვიყავით, შემდეგ ერთ-ერთ სახლში გაგვამწესეს, სადაც დღე-ღამეში 35 დოლარს ვიხდით. იქ რამდენიმე მეგობარი ერთად ვართ და ჩვენი ტაქსი გვემსახურება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)