ბოლო მეუღლე, მაგრამ არა - ბოლო მუზა - კვირის პალიტრა

ბოლო მეუღლე, მაგრამ არა - ბოლო მუზა

ბალანჩინი ტანაკილ ლეკლერკით აღფრთოვანებულიც იყო და თავზარდაცემულიც, უბედურიცა და ბედნიერიც...

ტანაკილ ლეკლერკით ამერიკის მთელი საზოგადოება იყო აღფრთოვანებული. მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ თითქოს ახალი სახე იბადებოდა, ცოცხლდებოდა ანტიკურ სამყაროში დარჩენილი სრულყოფილება და გამომსახველობის ძალა ემატებოდა ადამიანის სულში დაბუდებულ სწრაფვას მშვენიერებისკენ. ამას, ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ ტანაკილ ლეკლერკი ფრანგი ინტელექტუალის ოჯახში დაიბადა, ფიქრისა და ძიების გარემოში.

ფოტო, რომელიც ოლიმპოს მთაზე მდგარ ქალღმერთს და მის ფერხთით მოკალათებულ გმირებს მოგაგონებთ, ირვინგ პენმა გადაიღო ამერიკაში 1938 წელს. ტანაკილ ლეკლერკთან ჩამუხლული არიან: კორადო გაგლი, ვიტორიო რიეტი და ჯორჯ ბალანჩინი - გიორგი ბალანჩივაძე, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა ლეკლერკი. ის მისი ბოლო ცოლი გახლდათ, თუმცა, ბოლო მუზა - არა.

ტანი ისეთი ნიჭიერი იყო, სტიპენდიაც კი დაუნიშნეს, ოღონდ ამერიკული ბალეტის სკოლაში ესწავლა. სწორედ იქ შეამჩნია ჯორჯ ბალანჩინმა. მაშინ 15 წლისა იყო. 17 წლისა უკვე ბალანჩინის დასში ცეკვავდა და თითქმის ყველა მთავარ პარტიას ასრულებდა.

1952 წლის 1-ელ იანვარს ბალანჩინმა მას ხელი სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მაესტრო 25 წლით უფროსი იყო, ბალერინას ის თავდავიწყებით უყვარდა და უარი არ უთქვამს.

1956 წელს ბალანჩინის დასი კოპენჰაგენში იყო გასტროლებზე. 27 წლის ტანი მოულოდნელად ცუდად გახდა. საავადმყოფოში გაირკვა, რომ მას პოლიომიელიტი ჰქონდა და ექიმების თქმით, ვეღარასდროს გაივლიდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. ბალანჩინმა ერთწლიანი შვებულება აიღო და ვინ იცის, როგორ გამოიტირა საკუთარი ბედნიერება...

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ბალეტის მოყვარულებს ერთი ამბავი გაახსენა. სრულიად ახალბედა ლეკლერკი ბალანჩინთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. საღამო პოლიომიელიტით დაავადებულებს ეძღვნებოდა. ბალანჩინი სენის როლს ასრულებდა. ლეკლერკი მისი მსხვერპლი გახლდათ. შეეხებოდა მძიმე სნეულება ულამაზეს ასულს და ის მოწყვეტით ეცემოდა... თუმცა ბოლოს მაინც ფეხზე დგებოდა.

ეს სცენა სიმბოლური აღმოჩნდა. ტანი ლეკლერკი ფეხზე დადგა. ისიც კი შეძლო, რომ ბალეტი ესწავლებინა და ფეხების ნაცვლად ხელებით აჩვენებდა მოძრაობებს მომავალ ბალერინებს...

ჯორჯ ბალანჩინი თვალს ადევნდებდა მეუღლეს... და იყო აღფრთოვანებულიცა და თავზარდაცემულიც, უბედურიცა და ბედნიერიც...

თუმცა დიდი ხელოვანის ცხოვრება გრძელდებოდა... 1969 წელს სუზან ფარელი შეუყვარდა... ტანი ლეკლერკმა უსიტყვოდ მისცა განქორწინებაზე თანხმობა... მათ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს  ერთმანეთის პატივისცემა.

ირვინგ პენის გადაღებული ფოტო კი წლების შემდეგ სულ სხვა შინაარსს იძენს - ოლიმპოს მთაზე ვერც სხეულის სინატიფით და ვერც განუმეორებელი პლასტიკით ვერ მოხვდები, იქ გაუტეხელ სულს აჰყავს მოკვდავი. სწორედ გაუტეხელი სულია, თაყვანისცემას რომ იმსახურებს...