იშხანი ყოველ წამს შეიძლება ჩამოინგრეს! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

იშხანი ყოველ წამს შეიძლება ჩამოინგრეს! (ექსკლუზივი)

უკვე რამდენიმე თვეა იშხნის კათედრალში სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. როგორც ბოლნისის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოძღვარი ილია ჭიღლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, გადახურვაც კი არ არის ბოლომდე დასრულებული, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის...

- ამ რამდენიმე დღის წინ ვსტუმრობდი ტაო-კლარჯეთს. საერთოდ არ წავსულიყავი-მეთქი, როგორ ვინატრო, მაგრამ ძალიან გულდამძიმებული ჩამოვედი, - სასწრაფოდ დახმარება სჭირდება იქაურობას. ოშკში, ხანძთაში, ბანაში, ოთხთაში, იშხანში იმდენად მძიმე მდგომარებაა, რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს... იშხნის კათედრალი გადახურულიც კი არ არის და წყალი ალპობს. რაც მთავარია, სარესტავრაციო სამუშაოები მთლიანად შეჩერებულია, გარშემო აღარც ხარაჩოებია და არც სხვა ნიშანწყალია იმისა, რომ უახლოეს დროებში ვინმე მუშაობდა ან აპირებს მუშაობას და როგორც გვითხრეს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ასე იყო, ანუ გაზაფხულის შემდეგ სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერდა.

- თუ იცით, რატომ შეჩერდა სარესტავრაციო სამუშაოები?

- ჩვენ როგორც გავიგეთ, თურქულმა მხარემ იმ ფირმას, ვინც სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა, კონტრაქტი შეუწყვიტა, თუ რა მიზეზით, უცნობია. არც ის არის ცნობილი, თუ როდის და ვინ გააგრძელებს სარესტავრაციო სამუშაოებს. ამასობაში კი დრო გადის და თუ ზამთრამდე ეს ყველაფერი არ მოესწრო, იშხანი დანგრევის პირას არის. ტაძრის ჩანგრეული თაღები შეკრულია კარკასით, ბეტონითა და ქვებით, ზემოთ ბეტონია მისხმული, მაგრამ სახურავი თითქმის ღიაა, კრამიტი ძალიან დიდ ფართობზე აკლია, საიდანაც წყალი პირდაპირ ისედაც განადგურებულ თაღებზე ჩამოდის. სხვა პატარ-პატარა პრობლემებიც არის, მაგრამ მთავარია სახურავი. და კიდევ, თუ სარესტავრაციო ჯგუფმა, მაგალითად ახლა ტაძარში ქვიშაა, თუ იატაკი დააგეს, რასაც ვიცი, რომ აპირებდნენ, არქეოლოგიური კვლევა თითქმის შეუძლებელი გახდება.

სასწრაფოდ მისახედია გუმბათი, რომელიც გაბზარულია, რესტავრაციის დროს ხელიც არ უცლიათ. ის გამაგრებული არ არის. ფოტოზეც ჩანს, იმ უნიკალურ ფრესკას, რომელშიც ანგელოზებს ჯვარი უჭირავთ, მთლიანად დიდი ბზარი დაყვება... პირდაპირ რომ ვთქვათ, დანგრევის პირას არის ოშკიც, რომლისთვისაც ხელი საერთოდ არ უხლიათ, რესტავრაციას ვგულისხმობ. მისი გუმბათის ჩამონგრევის ყოველწუთიერი საფრთხე არსებობს. არადა, გეგმაში იყო, რომ მისი რესტავრაცია წლის ბოლომდე დასრულდებოდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)