"რობიკო სტურუა და ქეთი დოლიძე ორივე უბედურებაა" - კვირის პალიტრა

"რობიკო სტურუა და ქეთი დოლიძე ორივე უბედურებაა"

"რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრი, ფაქტიურად, დაასამარა. ეს კაცი უკვე სრულ მარაზმშია გადასული"

"დოლიძე კიდევ რეჟისორი კი არა, ჩვეულებრივი თეატრალური საქმოსანია!"

ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რობიკო სტურუას და ქეთი დოლიძის დაპირისპირების შესახებ, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... საზოგადოების ნაწილის განსჯის საგანი გახდა, თუ რა ამინდს ქმნის დღევანდელ ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში ორი რეჟისორი. ამის შესახებ ფილოსოფოსმა, არტ-კრიტიკოსმა დავით ანდრიაძემ ისაუბრა და რობიკო სტურუაც და ქეთი დოლიძეც მწვავედ გააკრიტიკა...

- რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრი, ფაქტიურად, დაასამარა. ეს კაცი უკვე სრულ მარაზმშია გადასული და ვეღარაფერს დგამს, იაფფასიანი ინტრიგების გარდა. ამით ხალისობს. ყველაზე რთულია, ალბათ, კაცი ღირსეულად დაბერდე. ზოგი მოხიბლულია და რობიკოზე იძახის, აი, ამაშიც როგორ ეტყობა, რომ ნიჭიერიაო, მაგრამ ამას ნიჭი არ ქვია... ან ეს თეატრი რისთვის ააშენებინა და გაარემონტებინა?! ერთი კინკილა სპექტაკლი დადგა, მსახიობი ვერ აღზარდა და ვერც აღზრდის და ვიმეორებ, რომ თეატრი დამარხა!. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ დონის სხვა რეჟისორიც კი აღარ გვყავს საქართველოში.

- ქეთი დოლიძის შესახებ რას იტყოდით?

- ქეთი დოლიძემ კიდევ მიშა თუმანიშვილის თეატრი დაასამარა! ქეთი რომ იძახის რობიკო 30 წელია ჩემს სპექტაკლზე არ ყოფილაო, სტურუა თავის კოლეგების (სადაც არის სამხატვრო ხელმძღვანელი) სპექტაკლებზე არ დადის.  სირცხვილი არ არის, თავის დროზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ჩხეიძე არ აირჩიეს და აირჩიეს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი! მერე მან ვერ გაართვა ვერაფერს თავი და ქეთი დოლიძემდე გადავიდა ძალაუფლება. დოლიძე კიდევ რეჟისორი კი არა, ჩვეულებრივი თეატრალური საქმოსანია!

- რობიკო სტურუას სპექტაკლებს არ აღიარებთ?

- "კავკასიური ცარცის წრე" ისეთი იყო, რომლის მსგავსიც ახმეტელის სპექტაკლების შემდეგ არ დადგმულა! სხვა სპექტაკლებიც...… თუმცა მას მუდამ მონები ჭირდებოდა! გია ყანჩელს და გოგი ალექსი-მესხიშვილს არც აკითხებდა, რასაც დგამდა. რობიკოს არასოდეს არ აინტერესებდა მსახიობი და ყოველთვის მეორეხარისხოვან ხალხთან მეგობრობდა. ვინც გაანადგურა და გაქურდა თეატრი, ისეთ ხალხთან იყო ახლოს.

- დოლიძის "კუკარაჩაც" არ მოგწონთ?

- კარგით რა! "კუკარაჩა" არის ჩვეულებრივი კინოაპარატით გადაღებული სპექტაკლი! კინოც კი არ არის!

- თქვენ ორივე მათგანი გააკრიტიკეთ, მათზე უკეთეს ხელოვნებად ვინ მიგაჩნიათ?..

- ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი ალტერნატივაც არ გვყავს. ყოველთვის ისე იყო, რომ დიდი თაობა მიდიოდა და შემცვლელი ჩანდა, დღეს მათი შემცვლელიც არ ჩანს. სრული კოლაფსია დღეს! საქართველოში არანაირი კონცეფცია არ აქვს კულტურის სამინისტროს, ან ნახეთ, ვინ დანიშნეს კულტურის მინისტრად!? ეს დიდი უბედურებაა... ფაქტიურად ყველანაირი განვითარების შანსი დავკარგეთ. ამბობენ რომ ხელოვნებას მართვა არ ჭირდებაო... - ყველა პროცესს სჭირდება მართვა, მაგრამ ამ მართვას სჭირდება ჭკუადამჯდარი ადამიანები!

ელენე რობაქიძე