"ხშირად დაგვიდგენია, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰყავს საყვარელი, ოღონდ... არა ქალი"-ქართველი ჯეიმს ბონდები - კვირის პალიტრა

"ხშირად დაგვიდგენია, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰყავს საყვარელი, ოღონდ... არა ქალი"-ქართველი ჯეიმს ბონდები

"მკითხავები ხშირად გვაკითხავენ, ჩვენგან იღებენ ინფორმაციებს. სხვათა შორის, კარგი გადამხდელები არიან..."

"მოვიდა ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეუღლე მომღერალ გლუკოზასთან ღალატობდა."

"ქალი არ დანებდა და ჰქონდათ დიდი ამბავი. მისი მეუღლე გვეხვეწებოდა, უშველეთ ჩემს ცოლსო. რა თქმა უნდა, არაფერი მოვიმოქმედეთ."

ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა და კერძო დეტექტივების შესახებ ინფორმაციის მოძიება მთხოვა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი დაწესებულების შესახებ ადრეც მსმენოდა, მაგრამ მათი საქმიანობით არასდროს დავინტერესებულვარ. ვინც ეძებს, პოულობსო, ნათქვამია და დიდი ძებნის შემდეგ ამ ორგანიზაციის კარს მეც მივადექი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოფისი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანშია, მაინც ძნელი მისაგნები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ასეთი ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს.

ოფისში სამი დეტექტივი - ორი მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი დამხვდნენ.

ყველაფერი ასე დაიწყო...

ლეგენდარული აგენტი 007-ისგან განსხვავებით, ისინი ნაკლები სირთულის დავალებებს ასრულებენ. არ ერევიან სისხლის სამართალწარმოებაში, მათი საქმიანობის მიმართულება, ძირითადად, სამოქალაქო სამართალწარმოებაა. ასრულებენ დამკვეთის ყველა ახირებას, თუმცა, ხანდახან სიმართლის დამალვაც უწევთ. თუ რეალობა იმდენად მწარეა, რომ შესაძლოა, მისი გამხელით ტრაგედია დატრიალდეს, საქმეს შორდებიან, ან არადა, სიმართლეს ბოლომდე არ ამხელენ.

თუ მეუღლე გღალატობთ (ან უბრალოდ, ეჭვი გაქვთ), შეყვარებულს არ ენდობით, ან სულაც შვილის გაკონტროლება გინდათ, სიმართლის დადგენაში ეს ადამიანები დაგეხმარებიან. მაქსიმუმ 5 დღეში თქვენთვის სასურველ ინფორმაციას ვიდეო- და ფოტომასალით გაგიმყარებენ. მართალია, ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ გიღირთ, უნდა გარისკოთ კიდეც...

ქართველი კერძო დეტექტივები "კვირის პალიტრასთან" საუბარს ამ საქმიანობაში გადადგმული პირველი ნაბიჯების გახსენებით იწყებენ:

თამაზ ნებიერიძე, კერძო დეტექტივი:

- იურისტი ვარ. წლების განმავლობაში შს სამინისტროში, შემდეგ კი ადვოკატად ვმუშაობდი. 2005 წელს მე და ჩემმა პარტნიორმა ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც კერძო დეტექტივის  საქმიანობის განვითარებაზე უნდა ემუშავა. თანდათან ჩვენი პროფესია მოთხოვნადი გახდა. პირველი შეკვეთები ბიზნესის უსაფრთხოებას შეეხებოდა. იყო საოჯახო ღალატის თემებიც...

- რამდენად დაცულია იმ პირის უფლებები, რომელზეც დაკვეთა მიიღეთ?

- როდესაც კლიენტი კონფიდენციალურ დავალებას გვაძლევს, ეს რეგულირდება რამდენიმე საკანონმდებლო აქტით. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ნათესაურ კავშირში არ არის პირთან, რომელზეც ინფორმაციის მოპოვებას გვიკვეთს, ჩვენი თანამშრომლობა არ შედგება. კლიენტი აუცილებლად ნათესაურ კავშირში უნდა იყოს ობიექტთან.

- ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ, ყველაზე უცნაური შეკვეთა რა მიგიღიათ?

- (საუბარში მეორე დეტექტივი ერთვება) ალბათ, სულ ათასზე მეტი სხვადასხვა სირთულის დავალება გვაქვს შესრულებული.

ქალს, რომელსაც უღალატებენ, ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ ვერ წარმოიდგენთ. რამდენიმე წლის წინ მოვიდა ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეუღლე მომღერალ გლუკოზასთან ღალატობდა. არგუმენტად კი საქართველოში გამართულ კონცერტზე მეუღლის გლუკოზასთან ერთად გადაღებული ფოტო მოჰყავდა. ქალი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ გლუკოზა დედამიწიდან გაგვექრო...

ზოგიერთი კლიენტი კილერთან გვაიგივებს. ერთ 35 წლის მამაკაცზე, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა, მშობლები მეტისმეტად ზრუნავდნენ, ყოველ ნაბიჯს უმოწმებდნენ. გვითხრეს, ყოველდღე ვიღაც ქალთან დადის, შინ რომ მოდის, შხაპს იღებს და ის ქალი უნდა მოაშოროთო...

ქმრის ღალატით შეშფოთებულები უმრავლეს შემთხვევაში ამბობენ, რომ მათი მეუღლეები არაფერ შუაში არიან, დამნაშავე ქალია, რომელმაც ჯადო გაუკეთა. ჯადოს თემა ბოლო დროს აქტუალურია და ეს არც ისე სასაცილოა, როგორც გვეჩვენება...

ბევრი უცნაური შეკვეთა მიგვიღია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ბანკის მმართველს სპერმა მოჰპარეს, აქტის შემდეგ მისმა მეწყვილემ პრეზერვატივი მოიპარა და რამდენიმე საათში მამაკაცის დაშანტაჟება დაიწყო. იმ ქალს სხვა ქვეყანაში გაღწევა უნდოდა, მაგრამ მისი 48 საათით აეროპორტში შეყოვნება მაინც შევძელით, რადგან 48 საათის შემდეგ სპერმა განაყოფიერებისთვის უვარგისი ხდება...

ხშირად გვირეკავენ ემიგრანტები და ოჯახის წევრების გაკონტროლებას გვთხოვენ, აინტერესებთ, რაში იხარჯება მათი გამოგზავნილი ფული. ასევე მოგვმართავენ პირები, რომლებიც თავის დროზე გაუშვილებიათ და ბიოლოგიური მშობლების პოვნა სურთ.

- ეს ყველაფერი, ალბათ, ძვირი ჯდება...

- დიახ, ეს დამკვეთის შესაძლებლობებიდან გამომდინარე განისაზღვრება. მაგალითად, რვასაათიანი სამუშაო დღე 200 ლარიდან იწყება. გააჩნია საქმის სირთულეს... ჩვენ ხელშეკრულებას ვდებთ კლიენტთან, სადაც გაწერილია ყველა ის მოქმედება, რაც უნდა შეასრულოს ორივე მხარემ.

- თუ მოუმართავთ რომელიმე პოლიტიკოსზე ინფორმაციის მოპოვების სურვილით?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ შეკვეთებზე უარს ვამბობთ, თუ ისინი ნათესაურ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. სამაგიეროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქმე პოლიტიკოსებმა დაგვიკვეთეს.

- ალბათ, მარცხიც გიწვნევიათ?

- ასეთი ერთი ფაქტი მახსენდება, თუმცა, თავიდანვე ვიყავით გაყიდული. ქალმა შეგვიკვეთა მეუღლის თვალთვალი, თან გაუფრთხილებია, გითვალთვალებენო.

საუბარში მეორე დეტექტივი ერთვება:

- ერთხელ ოთხი შვილის დედამ შეგვიკვეთა მეუღლის თვალთვალი. ეჭვი ჰქონდა, მღალატობსო. ჩვენი საქმე ხუთიანზე გავაკეთეთ და ქალს ინფორმაცია მივაწოდეთ. რამდენიმე დღეში მირეკავს ახალგაზრდა მამაკაცი და შეხვედრას მთხოვს... რომ დავინახე, მაშინვე ვიცანი ოთხი შვილის მამა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. მანქანაში ჩავუჯექი თუ არა, ისეთი სისწრაფით გავარდა, მივხვდი, საქმე ცუდად იყო. გზაში მხოლოდ იმის გაკეთება მოვასწარი, რომ თანამშრომლებს ესემესი მივწერე... ამიყვანა ოქროყანაში და იარაღი მომადო შუბლზე, - აქ მთავრდება შენი სიცოცხლეო... ვერ მესვრი, რადგან იციან, სად ვართ და ვერც შენ ჩახვალ თბილისამდე ცოცხალი-მეთქი. იარაღი გასწია თუ არა, ხელი ამოვუბრუნე და მიწაზე დავაგდე.

მერე მანქანაში ჩავსვი და თბილისში ჩამოვიყვანე. სახლთან რომ მივიყვანე, მის ცოლს დავურეკე... რომ დაგვინახა, ფეხებში ჩამივარდა, არ დაგვღუპო ოთხი შვილის მშობლებიო. მეორე დღეს რესტორანში კარგად ვიქეიფეთ...

- იმაზე რთული პროფესია ყოფილა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო...

(საუბარში ისევ პირველი დეტექტივი ერთვება): - იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეუღლეზე დაეჭვებულმა ქალმა მოგვმართა და დავადგინეთ, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰყავდა საყვარელი, ოღონდ არა ქალი. რთულია იმის თქმა ქალისთვის, რომ მის მეუღლეს საყვარელი კაცი ჰყავს, მაგრამ ვალდებული ვართ დამკვეთს მტკიცებულებები ინტერპრეტაციების გარეშე მივაწოდოთ. გვქონდა შემთხვევა, როდესაც დედამ შვილის ორიენტაციაში შეიტანა ეჭვი, ბოლო დროს უცნაურად იქცევაო. მართლაც დავადგინეთ, რომ შეყვარებული ბიჭი ჰყავდა. იმის გამო, რომ დედა მძიმე სენით იყო დაავადებული, სიმართლე დავუმალეთ - როცა ვიცით, რომ მწარე სიმართლის გამხელას შესაძლოა ტრაგედია მოჰყვეს, თავს ვიკავებთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მკითხავებმაც მოგვმართეს, ჩვენგან იღებდნენ ინფორმაციებს. სხვათა შორის, კარგი გადამხდელები არიან...

ერთი ქალი დაქალთან ერთად გვესტუმრა და მეუღლის გაკონტროლება გვთხოვა. ეჭვი ჰქონდა, რომ ღალატობდა. მოკლედ, დავიწყეთ თვალთვალი. გავიდა რამდენიმე დღე და საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ გაყიდული ვიყავით. ბინაში სათვალთვალო კამერა დავამონტაჟეთ და იცით, რა მოხდა? ის დაქალი აღმოჩნდა მესამე პირი, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იდგა. ბრაზილიურ სერიალებს ჰგავს ეს ამბები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება.

იყო შემთხვევა, როდესაც ქმარს ჰქონდა მეუღლეზე ეჭვი, რომ ღალატობდა. გვთხოვა, როდესაც საეჭვო ვითარებაში შენიშნავთ ჩემს ცოლს, დამირეკეთო. საეჭვო ვითარებაში ობიექტი მეორე დღესვე შევნიშნეთ და დამკვეთს შევატყობინეთ. გვთხოვა, თქვენთან ერთად მეც ვუთვალთვალებო. ასეთ დათმობებზე არ მივდივართ, მაგრამ ისე გვეხვეწა, უარი ვერ ვუთხარით. ერთი სიტყვით, მისი მეუღლე ვიღაცას ჩაუჯდა მანქანაში და ბეთანიისკენ წავიდნენ ტყეში. როგორც შეგვეძლო, მივუახლოვდით. უცებ ატყდა ჩხუბი იმ მანქანაში, როგორც მივხვდით, ქალი არ დანებდა და ჰქონდათ დიდი ამბავი. მისი მეუღლე გვეხვეწებოდა, უშველეთ ჩემს ცოლსო. რა თქმა უნდა, არაფერი მოვიმოქმედეთ. მერე ავტომობილი დაძრეს და აგარაკზე მივიდნენ. აი, იქ უკვე... დამკვეთს ფერი აღარ ედო, დამღუპა მაგ შობელძაღლმაო.

P.S. ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა დეტექტივების თვალთვალის ობიექტი თქვენც გახდეთ. ასე რომ, იცხოვრეთ ისე, როგორც გეცხოვრებათ, მაგრამ ამ ადამიანებს ვერაფერს გამოაპარებთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არა ხართ!

თორნიკე ყაჯრიშვილი