" ღორი მე არ დამიკლავს. "გოჭი საყვარლად ჭყაოდა"-მეთქი, ხუმრობით ვთქვი" - ჟუჟუნა მუსლიმების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

" ღორი მე არ დამიკლავს. "გოჭი საყვარლად ჭყაოდა"-მეთქი, ხუმრობით ვთქვი" - ჟუჟუნა მუსლიმების წინააღმდეგ

"მე ვთქვი, საქართველო მქვია და გვარად ქრისტიანი-მორწმუნე ვარ-მეთქი" – პედაგოგი ჟუჟუნა კალაძე გოჭის ჭყივილზე, მუსტაფაზე და კალაძის მამიდობაზე

"დიდი ბოდიში და, აწია ფეხი, რომ ჩემს ეზოში გადმომხტარიყო, თან ყვიროდა, თმებით გათრევო. მერე მითხრა, ჩემი ქმარი არის მუსტაფა და მოგიყვან, რომ იმასთან დაწვე, თორემ კაცი გაკლიაო"

ცოტა ხნის წინ ქობულეთში მშენებარე მედრესეს კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს. ამ თემის შესახებ რამდენიმე ვიდეომასალა გავრცელდა. თითქმის ყველა მათგანში ფიგურირებს ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ჟუჟუნა კალაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა გამოთქმით - "დაკვლისას გოჭი ძალიან საყვარლად ჭყაოდა". ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ჟუჟუნას და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- ღორი მე არ დამიკლავს და ვინ დაკლა, ისიც არ ვიცი. ეს არის შემოგდებული პროვოკაცია. ჩვენ წავედით იქ გზის გადასაკეტად და ველოდით ხალხს, აქციის მონაწილეებს. იქ შევყოვნდით კარგა ხანი და ამ დროს დაუკლავთ ის გოჭი და თავი ჩამოუკიდიათ. დაკლული გოჭი რომ დაინახა ჟურნალისტმა, აუტყდა სიცილი და მეც ავყევი, მერე მე ვთქვი ის, რაც ინტერნეტით გავრცელდა, მაგრამ ისე გაავრცელეს, თითქოს ჩვენმა ბიჭებმა დაკლეს ღორი, არადა მე ვთქვი – ვაიმე, ახლა ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ-მეთქი, მაგრამ ეს ნათქვამი არ გაუშვეს.

- ანუ თქვენ არათუ არ მიგიღიათ მონაწილეობა, არამედ არც იცით, ვინ დაკლა?

- არა. ეგენი ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თვითონ იწყებენ ყველაფერ აგრესიას, გვაგინებენ მკვდარს და ცოცხალს, გვლანძღავენ და ჩვენსკენ იშვერენ ხელს, მერე რეკავენ პოლიციაში და ეუბნებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენო. "გოჭი საყვარლად ჭყაოდა"-მეთქი ხუმრობით ვთქვი და ბევრიც ვიცინე ამ ნათქვამზე. ჩვენ რომ ამის გაკეთება გვდომებოდა, აქამდეც გავაკეთებდით და ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს. ჩვენ იმ ადგილას, სადაც მედრესეს აშენებენ, გვინდოდა, აშენებულიყო საბავშვო სახლი. მაგათგანაა შემოგდებული ეს ყველაფერი პროვოკაციისათვის. არ გამიკვირდება, ხვალ-ზეგ იქ ცოცხალი ღორებიც გაუშვან და მერე ჩვენ დაგვაბრალონ, არც ის გამიკვირდება, რომ ის გოჭის თავიც თვითონ ჩამოეკიდათ.

- იმ ცნობილ ვიდეოში, ამბობთ რომ თქვენ ფიზიკურადაც შეგეხნენ...

- 6 სექტემბერს მოვიდნენ ვიღაც მამაკაცები მანქანით და მათ ახლდათ ქალი, რომელიც გამოვარდა ჩემსკენ, მიყვიროდა - შენ არ გინდა ჯამეს გახსნაო?! თუ არ გინდა, მე შენ გაჩვენებ სეირსო და გამოიქცა ჩემსკენ. დიდი ბოდიში და, აწია ფეხი რომ ჩემს ეზოში გადმომხტარიყო თან ყვიროდა თმებით გათრევო. მერე მითხრა, ჩემი ქმარი არის მუსტაფა და მოგიყვან, რომ იმასთან დაწვე, თორემ კაცი გაკლიაო, მუსტაფა კიდე ისეთ დღეში ჩაგაგდებს, ერთი თვე ფეხზე ვერ დადგებიო.. მე ავწივლდი, მიშველეთ მეზობლებო-მეთქი და გამოცვივდნენ და ხელიდან გამომგლიჯეს იმ ქალს. იმ ქალმა მერე მამაკაცივით აგინა სხვა მეზობლებს. იცით, ერთი მეტრია იმ მედრესედან ჩემ სახლამდე, ერთმანეთის ჩურჩულიც კი გვესმის.

- რატომ გგონიათ, რომ თქვენ ამოგიჩემეს და გებრძვიან?

- რატომ და მაგ მედრესეს და ჩემ სახლს ყოფს ნახევარმეტრიანი კაპიტალური ღობე და მაგიტომ ამომიჩემეს მე. მე რა წინააღმდეგობის გამწევი ვარ, სადა მაქვს მაგის ენერგია. მე მთელი ცხოვრება მადლობის სიგელების და მედლების მეტი განათლების სამინისტროდან არაფერი მიმიღია და ეს იყო ჩემთვის ძალიან დამამცირებელი.

- თქვენზე თქვეს, რომ გვარიდან გამომდინარე კახი კალაძის მამიდობას იბრალებსო და ამით სარგებლობსო...

- როგორ გეკადრებათ. პოლიცია რომ გამოიძახეს და მკითხა გვარი, მაშინ ვუთხარ ყოველთვის კალაძე ვიყავი და ახლაც ვარ-მეთქი. ჯერ ვთქვი, მე საქართველო მქვია-მეთქი. ესეც მასხრობით ვთქვი, რადგან მიყვარს იუმორი. მერე გვარი მკითხეს და ვუთხარი ქრისტიანი მორწმუნე ვარ-მეთქი, მაგრამ მერე ხალხისგან გაიგეს, კალაძეაო და მაგათ თვითონ მოიგონეს ვითომ კახი კალაძის მამიდობას ვიბრალებდე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)