"სპილოს ასაყენებლად ზოგმა ამწეც კი შემოგვთავაზა" – როგორ ადგა გრანდი - კვირის პალიტრა

"სპილოს ასაყენებლად ზოგმა ამწეც კი შემოგვთავაზა" – როგორ ადგა გრანდი

თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილოს, სახელად "გრანდს", გუშინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანებული ეშვი ამოუღეს. ოპერაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გრანდს ლამის მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ჩვენ დავინტერესდით "გრანდის" ახლანდელი მდგომარეობით და ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდის ადმინისტრატორს მზია შარაშიძეს დავუკავშირდით:

- "გრანდს" აქვს მოტეხილი ეშვები. ის ჩვენთან ჩამოიყვანეს ერევნის ზოოპარკიდან, როცა ჩამოვიდა, ორივე ეშვი უკვე მოტეხილი ჰქონდა. მოტეხილი ეშვები არის ინფექციის კერა. გუშინ, როდესაც ეშვი ამოუღეს დაახლოებით ნახევარ მეტრიანი ღრუ ჰქონდა და ამ სიღრმეში გროვდება ჭუჭყი, ნაგავი, რომელიც მერე ჩირქდება და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხე უქმნის. გუშინ ძალიან დიდი კისტა ამოუღეს, რომელიც წარმოქმნიდა ჩირქს ( რამდენიმე ვედრო ჩიქრი გამოიღეს სხეულიდან) და ასეთ მდგომარეობაში მყოფი სპილო ძალიან მალე მოკვდება, ამიტომ გახდა საჭირო სასწრაფო ოპერაცია. "გრანდს" ორივე ეშვი ამოსაღები ჰქონდა და ასეც იყო დაგეგმილი, მაგრამ ოპერაცია ისე გართულდა, რომ მხოლოდ ერთის ამოღება მოხერხდა. 2 წლის მერე ამოუღებენ მეორე ეშვს. ამჟამად "გრანდი" კარგად გრძნობს თავს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც გითხარით, მას ბევრი ჩირქი ამოუღეს, ასევე, დარჩა მეორე ეშვიც და ამ ეშვის გამო 2 წლის მანძილზე რაიმე პრობლემა რომ არ შეექმნას, მუდმივი კონტროლი და ყოველდღიური პროცედურები ჭირდება.

- ვინც თქვენს "ფეისბუქის" გვერდს ადევნებდა თვალს, ყველამ გაიგო, რომ გაღვიძებასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, კონკრეტულად რა მოხდა?

- სპეციალური პრეპარატები გაუკეთეს, რათა ნარკოზიდან გამოსულიყო, თუმცა ნარკოზიდან გამოსვლა მაინც გაუჭირდა და საკმაოდ დიდხანს იყო ანესთეზიის ქვეშ. ანესთეზიიდან გამოყვანის შემდეგ კი უკვე გაღვიძების პრობლემა შეიქმნა, აუცილებელი იყო, "გრანდი" ფეხზე დამდგარიყო, ვინაიდან ცალ გვერდზე იწვა, მისი მასა კი 6 ტონაა და ამას შეიძლებოდა ფილტვების შეშუპება გამოეწვია. სპილოს ფეხზე წამოყენება პრობლემატურია. სპეც. ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ არაა რეკომენდირებული და ამის წინააღდეგები იყვნენ თვითონ ექიმებიც. ხალხი გვწერდა და სხვადასხვა ვარიანტებს გვთავაზობდა. ზოგმა ამწეც კი შემოგვთავაზა, გვირჩიეს აგვეყენებინა, ბიჯგები შეგვეყენებინა და სხვ. თუმცა ასე მარტივად არ იყო საქმე. ექიმები ვინც ეს ოპერაცია გააკეთეს, არიან მსოფლიოში უძლიერესი სპეციალისტები, თუ სადმე მსგავსი ოპერაციაა საჭირო ყველა ცდილობს, რომ ამ ექიმებს მიმართონ. მათ ასეთი 200-მდე ოპერაცია აქვთ ჩატარებული, სხვათაშორის განაცხადეს რომ ეს ოპერაცია იყო მათ პრაქტიკაში ყველაზე რთული. ისინი ბოლომდე თავის გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც. საბოლოდ "გრანდი" ტექნიკის დახმარების გარეშეც წამოდგა, თუმცა ამაში მედიკამენტების დახმარება გახდა საჭირო. ოპერაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი ვეტ-ექიმები, რომელთათვისაც ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, ეს იყო მსოფლიო დონის ოპერაცია, რომელიც უცხოური არხების საშუალებითაც გაშუქდება.

- ძალიან ბევრი ადამიანი გგულშემატკივრობდათ...

- ეს იყო მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ცხოველის ოპერაციით ამდენი ადამიანი დაინტერესდა. გუშინ მთელი დღე გვწერდნენ და გვირეკავდნენ. ჩვენმა "ფეოსბუქ" გვერდმა მოხსნა ყველანაირი რეკორდი, როგორც ნახვებით, ისე გაზიარებებით, "ლაიქებით" და კომენტარებით. მთელი დღის მანძილზე თანამშრომლების ტელეფონი არ გაჩერებულა, ისეთმა ხალხმაც კი დაგვირეკა, ვისთანაც წლებია კონტაქტი არ გვაქვს. ბოლოს პიკი იყო ის, რომ ხალხმა ზოოპარკის თანამშრომლებს საჭმელი მოგვიტანა - მთელი დღის უჭმელები იქნებითო. ასეთი ჩართულობა და ხალხისგან სწორი დამოკიდებულება ნამდვილად არ მახსენდება. ეს იყო უდიდესი სტიმული თითოეული ჩვენგანისთვის.

- დამთვალიერებელს როდის ექნება პაციენტის ნახვის საშუალება?

- "გრანდი" უკვე ფორმაშია და საკუთარ ვოლიერშია. ასე რომ დღესვე შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოინახულოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება ყველას ნახვა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)