"ჩემთვის უთქვამთ, - თქვენ რომ მოგისმინეთ, ქართული სიმღერა შემიყვარდაო" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის უთქვამთ, - თქვენ რომ მოგისმინეთ, ქართული სიმღერა შემიყვარდაო"

ცოტა ხნის წინ საქართველოს თურქეთში მოღვაწე ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) სტუმრობდა. ბაიარ შაჰინი ქართული სიმღერების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა:

- 13 წლამდე მაჭახელაში ვიზრდებოდი, სოფელ ქვაბითავში. ჩვენი წინაპრები მთაშიც, ბარშიც, ქორწილებში, დღესასწაულებზე სულ მღეროდნენ, თანაც ქართულად. იქ ჩვენი წინაპრის კულტურა ცოცხლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ სტამბოლში მივიღე მუსიკალური განათლება, მუშაობა დავიწყე და ნელ-ნელა გამახსენდა ბავშვობაში მოსმენილი ქართული სიმღერები. ერთს მეორე მიჰყვა, მეორეს - მესამე... ერთხელ, მახსოვს, სტამბოლში მაჭახელელების ქორწილი იყო და იქ ვიმღერე ქართული სიმღერა. გაოცდნენ, ძალიან მოეწონათ, სიჩუმემ დაისადგურა, რადგან იმ დღემდე გაგონილი არ ჰქონდათ მიკროფონით შესრულებული ქართული სიმღერა. მერე უკვე სერიოზულად დავინტერესდი ქართული სიმღერით და აჰმედ ოზქან მელაშვილის (ქართველი კულტურის მოღვაწე თურქეთში) მიერ ბურსაში, ინეგოლსა და სხვაგან ჩაწერილი ქართული სიმღერები მოვიძიე და ნელ-ნელა დავიწყე მათზე მუშაობა. ამის მერე აღარც მოვშორებივარ. ჩემთვის ქართულად სიმღერა არასოდეს აუკრძალავთ, მაგრამ პირველად რომ ტელევიზიით ვიმღერე ქართულად, მთავრობიდან და უბრალო ხალხისგანაც ძალიან ბევრი მეკითხებოდა, რატომ იმღერეო, რას ნიშნავს სიმღერის ტექსტიო და თარგმნას მთხოვდნენ. დღეს ასე აღარ არის, რამდენი დისკიც გამოდის, 1-2 ქართულ-ლაზური სიმღერა თითქმის ყველგანაა და ეს ახალგაზრდებს მოსწონთ.

- მიმბაძველები თუ გამოგიჩნდნენ, სხვა მომღერლების რეპერტუარში თუ არის ქართული სიმღერები?

- ლაზ, ქართველ, თურქ მომღერალთაგან ბევრი მღერის ქართულად. ეს პროცესი 6-7 წელია, დაიწყო. ერთი ათკაციანი ჯგუფია, მათი უმეტესობა ქურთია, მათაც კი აქვთ რეპერტუარში ქართული და ლაზური სიმღერები. "ქართველი ვარ და იმიტომ ვმღერი ქართულადო," ასე აღარ არის, მუსიკა მოსწონს და მორჩა. ყველამ ვიცით მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ, რომელსაც "მოხევის ქალო თინაო" და "დიდოუ ნანა" მე შევუტანე რეპერტუარში.

- ახალი პროექტის განხორციელებას თუ გეგმავთ?

- შარშან თამარ გვერდწითელთან ერთად კონცერტი გვქონდა ბათუმში. დუეტშიც ვიმღერეთ და მართლაც კარგი გამოვიდა. წელსაც ვაპირებდით მასთან ერთად კონცერტის ჩატარებას, მაგრამ რატომღაც კავშირი გაგვიწყდა და არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მაქვს ახალი სიმღერები და მათი ჩაწერა მინდა. თურქეთში რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა მაქვს. ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემა სახელმწიფო არხზეც გადის, სადაც ძალიან ხშირად ქართულ-ლაზურ სიმღერებზე გვაქვს ხოლმე საუბარი.

- თქვენ აქტიურად მონაწილეობდით "არტგენში" და ფესტივალ "ჩვენებურებში". თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ეს ფესტივალები?

- ამ ფესტივალებმა საქართველოს ყველა კუთხის დიალექტს, მუსიკას და ზოგადად ფოლკლორს თბილისში მოუყარა თავი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იციან "არტ-გენის" არსებობა. დღეს რომ ფანდური ასე უყვართ და ახალგაზრდებში ფოლკლორი ძალიან პოპუარულია, ეს სწორედ მისი დამსახურებაა.  ადრე ქუჩაში ფანდურით გამოსვლის რცხვენოდათ და დღეს ეამაყებათ. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერში წვლილი მიმიძღვის. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, - თქვენ რომ მოგისმინეთ, ქართული სიმღერა შემიყვარდაო, არადა, საქართველოში ცხოვრობს. შეიძლება იმიტომ ამბობენ, რომ ძველი ქართული სიმღერები ძალიან გულში ჩამწვდომია ან კიდევ ადამიანი ფიქრობს, - ეს კაცი საქართველოში არ ცხოვრობს, აქ არ დაბადებულა, აქ არ გაზრდილა და ის თუ ამას მღერის, მე რატომ არ უნდა ვიცოდეო. უხეშად რომ ვთქვათ, მე პროვოცირება მოვახდინე, რათა მათ ქართული ფოლკლორისადმი ინტერესი გასჩენოდათ.

ცოტა ხნის წინ ჩემი ბავშვობის ადგილები მოვინახულე, სადაც 35 წელია, არ ვყოფილვარ და გავოცდი. კიდევ უფრო მაღლა მთაშიც ავედი, საიდანაც ბათუმის პორტიც კი ჩანს. გასაოცარი სილამაზეა, ენით რომ ვერ აღწერთ. მას მერე რაღაც ძალა ისევ უკან მექაჩება, ვერ ვივიწყებ. რამდენიმე ადგილას მოვყევი ეს და მითხრეს, - ჩვენი ბავშვობის ადგილი გაგვახსენეო. დარწმუნებული ვარ, ყველას ულამაზესი სამშობლო აქვს და სხვისი მოყოლა ჩვენი მამულის გასახსენებლად რატომ უნდა გვჭირდებოდეს?!

- თქვენი სიმღერებიდან თუ გიყვართ რომელიმე გამორჩეულად?

- "რა სამშობლო მქონია" - ეს სიმღერა სხვებთან შედარებით ცოტა უფრო მეტად მიყვარს. გუშინდელს, დღევანდელს და მომავალს აკავშირებს და ალბათ ამიტომ აქვს მეტი მნიშვნელობა ჩემთვის...

ლადო გოგოლაძე