როგორ იქცევიან თბილისელები, როდესაც მათ თვალწინ მათხოვარს ფულს ჰპარავენ - კვირის პალიტრა

როგორ იქცევიან თბილისელები, როდესაც მათ თვალწინ მათხოვარს ფულს ჰპარავენ

"იცით, რა სჭირთ მამაკაცებს? ქურდს როგორ ჩავუშვებო..."

"ქურდი" ათამდე გამვლელმა დაინახა, თუმცა მისი შეჩერება მხოლოდ ერთმა გოგონამ სცადა

"პალიტრა TV"-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტი "კაცია-ადამიანი?!" გრძელდება. გადაცემა, რომლის მნახველთა რაოდენობამ გასულ სეზონზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ყოველ ოთხშაბათს ახალი თემებით ერთგულ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. შეგახსენებთ, რომ თითოეული გადაცემის მთავარი თემა ფარული კამერით გადაღებული ექსპერიმენტია, რომელსაც გადაცემის წამყვანი ლადო კახაძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს. "კვირის პალიტრა" ახალი სეზონის პირველი გადაცემის საგაზეთო ვარიანტს გთავაზობთ.

როგორ იქცევიან თბილისელები, როდესაც მათ თვალწინ მათხოვარს ფულს ჰპარავენ? სწორედ ეს გახლდათ პირველი გადაცემის მთავარი თემა. მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში მჯდომ მოხუც ქალბატონს ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელების დასანახად ფულს ჰპარავს და გზას აგრძელებს. ფარული კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ "ქურდი" ათამდე გამვლელმა დაინახა, თუმცა მისი შეჩერება მხოლოდ ერთმა გოგონამ სცადა.

გადაცემის წამყვანი ლადო კახაძე მოწვეულ სტუმრებს - თამრიკო ჭოხონელიძეს, ნუგზარ კვაშალსა და ლაშა ჩხარტიშვილს სწორედ ამ თემაზე ესაუბრება.

ლადო კახაძე: "ახალი სეზონის პირველ გადაცემას ამჯერადაც სოციალურ თემაზე ჩატარებული ექსპერიმენტით დავიწყებთ (წამყვანი სტუმრებს სიუჟეტს აჩვენებს. - ავტ.).

თამრიკო ჭოხონელიძე: - სიამაყითა და ამავდროულად გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ქალი აღმოჩნდა გამბედავი. ბევრი კაცი შეესწრო ამ სიტუაციას, მაგრამ არც უფიქრიათ "ქურდის" შეჩერება. მახსენდება, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ავტობუსში ოპერის გაჩერებაზე ამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ერთ  ქალბატონს ჩანთაში ჩაუყო ხელი. ისე გავბრაზდი, რომ ქურდს პირდაპირ ხელში ვწვდი. მითხრა, ხელი გამიშვი, თორემ დაგარტყამო. ისევ ქალებმა ამიბეს მხარი, ატეხეს ერთი ამბავი და ქურდიც ავტობუსიდან გადახტა...

წამყვანი: - ბატონო ნუგზარ, ქალებში უფრო ძლიერია სიმართლის დაცვის პოტენციალი თუ მამაკაცებში?

ნუგზარ კვაშალი: - არ მეშინია და არ მრცხვენია იმის თქმა, რომ ბოლო 15-20 წელია, ქალებმა აჯობეს მამაკაცებს. ასეთ შემთხვევებში იცით, რა სჭირთ მამაკაცებს? ქურდს როგორ ჩავუშვებო. "გლახის ნაამბობი" მახსენდება. კაცი იხრჩობაო და მთელი ქალაქი გარბის მის დასახმარებლად. ჩვენი წინაპრები ასეთები იყვნენ, მეზობელს რომ რაღაც გასჭირვებოდა, მთელი უბანი მის გვერდით იდგა. ახლა კაცი რომ დაინახო ქუჩაში დაგდებული, გვერდს აუვლი, იფიქრებ, ლოთიაო...

ლაშა ჩხარტიშვილი: - ძალიან ბევრი ლოთი ამიყენებია ზამთარში და სიკვდილს გადამირჩენია. საბედნიეროდ, შარშან თავშესაფარი გაკეთდა და ეს პრობლემა ასე თუ ისე, მოგვარდა... დავეთანხმები ორივე სტუმარს და ვიტყვი, რომ ქალბატონები უფრო გაბედულნი არიან, ვიდრე მამაკაცები, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ობიექტური, ისევე სუბიექტური მიზეზები. თუ ჩემს საბრძოლო წარსულს გავიხსენებ, გეტყვით, რომ პოლიციასთან და ე.წ. ზონდერებთან დაპირისპირებისას ჩემი თანამებრძოლი ქალბატონები უფრო ვაჟკაცობდნენ, ვიდრე მამაკაცები.

თამრიკო ჭოხონელიძე: - ერთი შეკითხვა მაქვს: ცნება ვაჟკაცობა ხომ არ გაფერმკრთალდა? ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გოგონას სულაც არ ჰქონდა გარანტია, რომ ქურდი არ დაარტყამდა.

წამყვანი: - ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის თემაც ქურდობა იყო - ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ჩანთიდან საფულეს ჰპარავდა... ამჯერად საქმე მათხოვარს ეხებოდა. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა იმ "ქურდის" საქციელს გამართლება?

ნუგზარ კვაშალი: - შეიძლება ის ბიჭი სხვა სიტუაციაში გამემართლებინა კიდეც, მაგრამ ისეთი რა გასაჭირი უნდა ჰქონდეს, რომ იმას მოჰპაროს ფული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს?!

წამყვანი: - თამრიკოს ვკითხავ: კაცს რომ იდეას ან სულაც მუსიკას მოჰპარავ, შეიძლება ესეც ქურდობად მივიჩნიოთ?

თამრიკო ჭოხონელიძე: - აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ჩემმა პროფესორმა, რამაზ ჩხიკვაძის მამამ, ბატონმა გრიგოლ ჩხიკვაძემ პირველივე ლექციაზე მითხრა, ჩვენში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეცნიერულ სინდისს - როდესაც ადამიანს იდეას ჰპარავ, ჩვეულებრივი ქურდი ხარო. სამწუხაროდ, ჩვენს სფეროში არაერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება... მამაჩემის იდეები რამდენიმე სადისერტაციო ნაშრომში გამოიყენეს, რამაც ძალიან დამწყვიტა გული.

წამყვანი: - როდესაც ქვეყანას ისტორიას, ანბანს, ფოლკლორს, ტერიტორიას, საჭმელს... ერთი სიტყვით, ყველაფერს ჰპარავენ, რა უნდა ვქნათ?

თამრიკო ჭოხონელიძე: - ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ და სიღრმეს უნდა ჩავწვდეთ. რომ არ მოგვპარონ, ჯერ ჩვენი ქვეყნის ისტორია უნდა ვისწავლოთ. იცით, რამდენმა არ იცის საქართველოს ისტორია? შეიძლება ათიდან რვამ ფოლკლორთან დაკავშირებული ელემენტარული ისტორიული ფაქტები არ იცოდეს... ბევრჯერ მიკითხავს სტუდენტებისთვის, რთავენ თუ არა რადიოს სხვა ტალღაზე, როდესაც ქართული სიმღერა გადის ეთერში. არ მალავენ, რომ ინგლისური სიმღერების მოსმენა ურჩევნიათ. თუ ჰკითხავთ უცხოურ მუსიკაზე, მაშინვე ყველაფერს ჩამოგიჭიკჭიკებენ. ბევრმა არ იცის, რა ძეგლები გვაქვს. გადაცემის დაწყებამდე ნიკორწმინდაზე ვსაუბრობდით... აბა, ჰკითხეთ 20 წლის ახალგაზრდებს, სად არის ნიკორწმინდა? ვერ გიპასუხებენ. ესეც ისტორიის მოპარვაა, ჩვენივე ხელით მოპარვა.

ნუგზარ კვაშალი: - იმდენ უცხოურ ინფორმაციას იღებენ ახალგაზრდები, რომ ქართული ყველაფერი მოსპეს. ანზორ ერქომაიშვილი რომ არ გვყოლოდა, ქართული სიმღერები აღარ იქნებოდა.

წამყვანი: - ლაშა, შენ გკითხავ: უნდა გვეშინოდეს შენი თაობის?

ლაშა ჩხარტიშვილი: - ვფიქრობ, უნდა შეგვეშინდეს. სუფრასთან ძალიან ბევრი ამაყობს ქართველობით. და რა არის ქართველობა? თუ საკუთარი თავის საზოგადოების ნაწილად წარმოდგენა არ შეგიძლია, თუ შენი ქვეყნის ისტორია და კულტურა არ იცი, რას დაიცავ და როგორ?

წამყვანი: - დაავადებამ ასე იცის: სადაც სუსტ ადგილს ნახავს, იქ ურტყამს. დაავადების თავიდან აცილების გზა კი სხეულის გაკაჟებაა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის.

შემდეგი გადაცემა "პალიტრა TV"-ის ეთერში 24 სექტემბერს გავა და მაყურებელს ამჯერადაც აქტუალურ თემაზე ფარული კამერით გადაღებულ ექსპერიმენტს შესთავაზებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე