"ვიცი, რომ მოვკვდები... ჩემს შვილს რა ეშველება?!" - უბედურება, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ მოვკვდები... ჩემს შვილს რა ეშველება?!" - უბედურება, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია

"ბავშვმა ტირილი დაიწყო და გამოვარდა, - დედა ვეღარ იცნო, თმები რატომ არ აქვსო?!"

"მგონია, რომ საშინელ სიზმარს ვნახულობ, გავიღვიძებ და გაქრება, მაგრამ..."

"მაგ ოპერაციას მარტო საზღვარგარეთ აკეთებენ, მაგრამ ბევრი ფული ღირსო. - რამდენი-მეთქი? რამდენი და 150-200 ათასი დოლარიო... 200000 დოლარი კი არა, 2 თეთრი არ მაქვს... რა ვქნა?"

ამჯერად დარბაიძეების ტრაგედიაზე უნდა დავწერო. იგი მაშინ დაიწყო, როცა მშრომელი ოჯახი ნელ-ნელა იქცა იმ უბედურების ნაწილად, რომელშიც ნახევარი საქართველო აღმოჩნდა, - სამსახურდაკარგული ჭიათურელი მაღაროელი ცოლთან ერთად კვირაობით ჩამოდიოდა თბილისში კარტოფილის გასაყიდად, რადგან სამი ქალიშვილი ჰყავდა გასაზრდელი. ამისთვის ცოლ-ქმარი დღიურად ქირაობდა ღამის გასათევს და ჭიათურაში მარტოდარჩენილ შვილებთან მორიგეობით დადიოდა. მალე გზის ფულიც გაუძვირდათ, ჭიათურაში სახლიც დაენგრათ. მაღაროელი იძულებული გახდა დედაქალაქში ბნელი სარდაფი ექირავა და შვილები გადმოეყვანა. მალე ერთ-ერთი, ნონა მათზე ბევრად უფრო გაჭირვებულმა მოიტაცა და ცოლად შეირთო... გაჭირვების ტვირთისაგან მალევე დასრულებულ ქორწინებას 6 წლის ლიზიკო შანიძე დარჩა, რომელიც დაინვალიდებულ ბაბუასთან, ბებიასთან, დედასა და დეიდასთან ერთად ლოტკინზე 8-კვადრატიან სარდაფში გაიზარდა. ოჯახს ბებია არჩენდა დეზერტირების ბაზარში "სემიჩკისა" და წიწაკის გაყიდვით ნაშოვნი ფულით. დები კი დროებით სამსახურს ან შოულობდნენ, ან ვერა.

მაგრამ ეს ყველაფერი ბედნიერება აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც დარბაიძეების ოჯახში სამი თვის წინ დაიწყო, - ერთადერთი 8 წლის ლიზიკო იყო შინ, როცა მისი დედიკო იატაკზე დაეცა. შიშისაგან გაოგნებული ბავშვი დედის წამოსაყენებლად მივარდა, მაგრამ ვეღარ შეძლო, - თვალსადახელშუა გასიებულ დედას ხელი ვერსად მოჰკიდა და განწირული აყვირდა. ვიდრე მეზობლები საშველად მისცვივდებოდნენ, სრულიად ახალგაზრდა ქალს სხეული ლურჯი სიხლჩაქცევებით დაეფარა და გონი დაკარგა.

ნინო დარბაიძე, ნონა დარბაიძის და:

- ხანდახან მგონია, რომ საშინელ სიზმარს ვნახულობ, გავიღვიძებ და გაქრება. სიკვდილი მინდა... არ ვიცი, ძალა საიდანღა მაქვს, მაგრამ რაღაც მექანიკური ძალები მაქვს და ასე ვაკეთებ, რისი გაკეთებაც სავალდებულოა. ყურებში კი იმ ექიმს ხმა მაქვს, შენს დას სისხლის გათეთრება სჭირსო, რომ მითხრა. უფრო სწორად, ჯერ ასე მითხრა, - ლეიკობლასტომა სჭირსო. ეს რომ ვერ გავიგე, მერე მითხრა, - სისხლის გათეთრება აქვსო. ამას მივხვდი, მაგრამ ალბათ გაშტერებული შევყურებდი და, - ვერ გაიგეო?!

სპეციალურ სავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ, იქ დაგიდგენენ, რა ხარისხის არის დაავადებაო. დიღომში ყოფილა ჰემატოლოგიური საავადმყოფო. რომელიღაც ოთახში შეიყვანეს და თან სხვა ექიმებს ეძახოდნენ. ისინი შედიოდნენ და აღარ გამოდიოდნენ. შიგ მე ვინ შემახედებდა და რას მეტყოდნენ, გაქვავებული ველოდებოდი, - იქნებ რამე ისეთი მითხრან, რაც მოარჩენს-მეთქი; მაგრამ მითხრეს, - შენს დას ისეთი ლეიკემია სჭირს, ძვლის ტვინი თუ არ გადაუნერგეს, მოკვდებაო. მაგ ოპერაციას მარტო საზღვარგარეთ აკეთებენ, მაგრამ ბევრი ფული ღირსო. - რამდენი-მეთქი? რამდენი და 150-200 ათასი დოლარიო... 200000 დოლარი კი არა, 2 თეთრი არ მაქვს... რა ვქნა?

- შენი და როგორ არის ახლა?

- ცუდად. რეამინაციაში წევს. ვეღარ ვცნობ, თმები აღარ აქვს, სიცილი აღარ იცის... მარტო იმას ამბობს, - ვიცი, რომ მოვკვდები, მე ფულს ვინ მომიტანს, ჩემს შვილს რა ეშველებაო. მასთან მარტო მე მიშვებენ. მაგრამ ლიზამ იტირა, - დედიკო მაჩვენეო და ფეხებში ჩავუვარდი ექიმს, - ბავშვს მოვიყვან და ერთხელ მაინც შეხედოს დედამისს-მეთქი. ეს არ უნდა გამეკეთებინა, - ჩემს დას ლაპარაკი აღარ შეუძლია, ლიზა რომ დაინახა, ცრემლები წამოუვიდა და გვერდზე გადაბრუნდა, არ დაგველაპარაკა. ბავშვმაც ტირილი დაიწყო და გამოვარდა, - დედა ვეღარ იცნო, თმები რატომ არ აქვსო?!

- ბავშვი ხშირად ტირის?

- სკოლაში მასწავლებელმა მითხრა, - გაკვეთილები რომ დამთავრდა, იმდენი იტირა, ლამის გული წაუვიდა, მაგრამ არ მითხრა, რატომ ტიროდაო. რომ ჩავიხუტე, მაშინ მითხრა, - ყველა ბავშვთან დედა მოვიდა წაშაყვანად, ჩემთან არც დედა მოვიდა, არც დეიდა და არც ბებია, იმიტომ ვტიროდიო. როგორ უნდა მივსულიყავი, როცა ნონასთან ვიყავი.

- დედათქვენი რატომღა არ მივიდა?

- ძალიან ცუდად არის. ჩემს დას ბოლოს იმის თვალწინ აუღეს სისხლი ანლიზისთვის. ჯერ სისხლი არ გამოუვიდა, აღარ აქვს და რა გამოუვიდოდა, ბოლოს წამოუვიდა ორიოდე წვეთი და ისიც იატაკზე დაეწვეთა, დედამ თავად მოწმინდა ეს წვეთები და ჩაწვა - რას მომასწრო ღმერთმა, ჩემს შვილის გათეთრებულ სისხლს საკუთარი თვალით ვხედავო. მეც დავინახე, - მოთეთრ-მოვარდისფრო წვეთები იყო. მაგრამ მე ვერ ჩავწვები, უნდა გავუძლო.

- აუცილებლად უნდა გაუძლოთ! თავს როგორ ირჩენთ, თუ დედა ვეღარ ვაჭრობს?

- მაღაზიაში ვიშოვე სამუშაო, დღეში 7 ლარს მაძლევდნენ და ისიც დავკარგე, - სამუშაოსთვის თავი რომ არ დამენებებინა, ჩემს დას ვინ მოუვლიდა. ჩემ გარდა ვერავინ უპატრონებს, კიდევ ერთი და გვყავს და იმას პატარა ბავშვები ჰყავს... მეზობლები გვეხმარებიან ისევ... იმდენად ვეცოდებით, ფული შეაგროვეს, შპალერი გაგვიკრეს და ნონას საწოლი უყიდეს, - ჩავარდნილ საწოლზე ვერ დაწვება, ცოდვააო. ლიზასაც ისინი აჭმევენ. სოციალურ დახმარებასაც ვიღებთ, მაგრამ ჩემს დას აუცილებლად ხორცი სჭირდება და იმას ვყიდულობთ. ნეტავი ჭამა შეეძლოს, მაგრამ ამასაც ვეღარ ჭამს...

... მითხრა ნინომ და ტირილი წასკდა. ვუთხარი, - იქნებ ლიზასა და დედამისის ფოტო მომცე, რომ ხალხს გავაგებინო, ლიზას რა ლამაზი დედა უკვდება, იქნებ გადაურჩინონ-მეთქი. თავი გადამიქნია, - სურათების გადაღებისა და დაბეჭდვისთვის ფულს ვერასოდეს ვიმეტებდით, ახლა ჩემი და ისეთი შესახედავია, სურათის გადაღება არ ღირსო. ამასობაში ლიზა ჩაწოლილ ბებიასთან მივიდა, პური მიიტანა და ჭამა დაიწყო, - სულ ეს იყო მთელ საღამოს მისი საჭმელი. ამის დამნახავმა მეც ცრემლი მომერია და დროზე წამოვდექი, - ცრემლებით ვის რას ვუშველი.

მაგრამ ამ უბედური ოჯახისთვის საშველი მაინც არსებობს, - თუკი მომაკვდავი ახალგაზრდა ქალისთვის ფული შეგროვდება, საზღვარგარეთ ძვლის ტვინს გადაინერგვას და გადარჩება. ლიზას კი დედა ეყოლება. ამასთანავე, ეს ანგელოზი მშიერი აღარ იქნება...

ამისთვის კი დარბაიძეების ანგარიშს ვბეჭდავთ.

საქართველოს ბანკი: GE90BG0000000853262600

მიმღები: ნინო დარბაიძე  პირადი ნომ: 54001006642

ტელეფონი: 555989607

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR IN FAVOUR OF CUSTOMERS OF

JSC BANK OF GEORGIA

Intermediary Bank:Cilibank N.A., New York,USA; SWIFT;CITIUS33

Account With Institution; Bank of georgia,SWIFT;BAGAGE22;29a Gagarin street, Tbilisi 0160,Georgia

Beneficiary;DARBAIDZE NINO

Account GE90BG0000000853262600

TEL;(995 32)2444 444

E-Mail; welcome@bog.ge

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR IN FAVOUR OF CUSTOMERS OF

JSC BANK OF GEORGIA

Intermediary Bank:Commerzbank, Frankfurt,Germany;SWIFT:COBADEFF

Account With Institution: Bank of georgia,SWIFT;BAGAGE22;29a Gagarin street, Tbilisi 0160,Georgia

Beneficiary;DARBAIDZE NINO

Account GE90BG0000000853262600

TEL;(995 32)2444 444

E-Mail; welcome@bog.ge

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)