"მთელი ოჯახი დავმარხე" - ღვთის ანაბარად დარჩენილი 87 წლის მოხუცის სულისშემძვრელი ამბავი - კვირის პალიტრა

"მთელი ოჯახი დავმარხე" - ღვთის ანაბარად დარჩენილი 87 წლის მოხუცის სულისშემძვრელი ამბავი

"23 წელია, შვილო, რაც აქ ვცხოვრობ... ადამიანისთვის საჭირო პირობები არ არის, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს - რაც სახლი დამეწვა, ამ ვაგონს შევაფარე თავი. პატრონი არავინ მყავს, და-ძმა უფროსები იყვნენ და დაიხოცნენ. ჩემი კეთილი მეზობლები რომ არა, ვერც მე ვიცოცხლებდი აქამდე" - ამბობს წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში მცხოვრები 87 წლის ჟენია ჯიშკარიანი, რომელიც დაშლის პირას მისულ რკინის ვაგონში ცხოვრობს.

- ზამთარში, როდესაც ძალიან ცივა და წვიმს, ვაგონის კედლებიდან წყალი ჩამოდის და მის ამოქოლვას ათასგვარი ჭინჭებით ვცდილობ, რომ ცოტა სითბო დადგეს შიგნით. ზოგჯერ წყალიც ჩამოდის... სახურავიდანაც ჩამოდის წყალი. ხან რას შევუდგამ, ხან რას. მერე მისი გადაღვრაც მიჭირს. 90 წელს მიტანებული ქალი ვარ, და ჩემი თავის მოვლა კი არა, სიარულიც მიჭირს, მაგრამ რა ვქნა, შევეჩვიე და ვუძლებ ამ ძაღლურ ყოფას.

- სახლს რა მოუვიდა?

- დამეწვა და აღდგენისა ან ახლის ყიდვის საშუალება არ მქონდა. ამიტომ იქვე, უპატრონოდ მიგდებული ვაგონი ვიპოვე და ჩემს ეზოში ჩავადგმევინე. რაც ხანძარს გადაურჩა, ამ 4 კვ-მეტრიან ვაგონში შემოვზიდე. ზოგი რამ მეზობლებმა შემომაწოდეს. ხომ გაგიგიათ, გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო, ისე დამემართა მეც, - ყველა უბედურება ერთდროულად დამატყდა თავს, - სახლის დაწვამდე, მეუღლეც გარდაცვლილი მყავდა და შვილებიც.

- შვილები როგორ დაგეღუპათ?

- ოთხი შვილი გავზარდე და ოთხივე დამეღუპა, ერთს დენმა დაარტყა, მეორე ავარიაში მოჰყვა... (ტირის) დანარჩენი ორიც ასე საცოდავად დავკარგე. ისეთ ასაკში დაიღუპნენ, რომ ოჯახი არც ერთს არ ჰყოლია. ამიტომ, არც შვილიშვილი მყავს. მთელი ოჯახი დავმარხე, შვილო და დავრჩი ასე საცოდავად, უპატრონოდ. კეთილი მეზობლების ამარა, ხან ერთი მეზობელი შემომაწოდებს ცხელ საჭმელს და ხან მეორე.

- სოციალური დახმარება გაქვთ?

- რამდენიმე თვის განმავლობაში მოხსნილი მქონდა. ლამის ყოველდღე დავდიოდი და ვეკითხებოდი, - რატომ მომიხსენით-მეთქი, - ჩვენ არაფერი ვიცითო, - მეუბნებოდნენ. შემდეგ აღმიდგინეს და გაცდენილი თვეებიც ამინაზღაურეს. სოციალური დახმარებითა და პენსიით, როგორღაც გამაქვს დღეები. ადრე, როცა ჯანი მომდევდა, მიწასაც ვამუშავებდი, ჩემი ბოსტნეულიც მქონდა და მარცვლეულიც. ახლა სადღა შემიძლია, დახმარების ფულს თუ გადავანაწილებ საჭმლისა და წამლებისთვის.

- ნათესავი არ გყავთ?

- და-ძმა დამეღუპა და ახალგაზრდებს კიდევ, ჩემთვის სად სცალიათ, ყველას თავის პრობლემა აქვს.

- საცხოვრებელი ფართის გამო დამხარებისთვის ადგილობრივ გამგეობას არ მიმართეთ?

- კი, ერთხელ და ორჯერ კი რა, ბევრჯერ...…წყალტუბოს გამგეობამ მომატყუა, რომ მივდიოდი მპირდებოდნენ, რომ ფიცრულს შემიჭედავდნენ, სადაც სითბო შეინახებოდა და ქარი და წვიმა არ გაატანდა. თუმცა ყოველ წელს ეს დაპირება დაპირებადვე რჩება... გუშინ და გუშინწინ კი არა, წლებია მატყუებენ, 1992 წლის შემდეგ ამ რკინის ვაგონში ვცხოვრ, მაგრამ არაფერი მეშველა. ზამთარში ისე ცივა, სიკვდილს ვნატრონ, რომ მოვისვენო. ვაგონი უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ როცა თოვს, საწოლშიც მათოვს... იქნებ ადგილობრივმა ან ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ზამთრამდე თუ ვიცოცხლე, ყინვისგან არ მოვკვდე. რომ მოვკვდები, იმის მეშინია, სად უნდა დამასვენონ, ამ ვაგონში სასახლეც კი არ დაეტევა და სხვის სახლში რომ დაასვენებენ მიცვალებულს...…

პ.ს. იმედს ვიტოვებთ, ადგილობრივი ხელმძღვანელობა გულთან ახლოს მიიტანს საუკუნეს მიტანებული მოხუცის გასაჭირს და მისი ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრების პირობები უკეთესობისკენ შეიცვლება...

ქალბატონ ჟენია ჯიშკარიანთან დაკავშირების მსურველებს, გთხოვთ, დაურეკოთ მის მეზობელს, ქ-ნ თინა ჯიშკარიანს:

0790 32 96 44

ლალი პაპასკირი…(სპეციალურად საიტისთვის)