"ძიძა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ გაბრიელი ხელს უშლიდა მეცადინეობაში" - კვირის პალიტრა

"ძიძა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ გაბრიელი ხელს უშლიდა მეცადინეობაში"

"გაბრიელი ყვირის, გაბრიელმა ეს გააფუჭა, საწყალი გაბრიელი და სხვ. ვერ წარმოიდგენთ დედისთვის რა მძიმეა ამ ყველაფრის თითქმის ყოველდღე მოსმენა"

"მშობლებს ეუბნებოდა, რომ აი ამ ბავშვს ხომ ხედავთ (უთითებდა გაბრიელზე), მას ცალკე სჭირდება ერთი ადამიანი და თქვენს შვილებს სათანადო ყურადღებას ამიტომ ვერ ვაქცევო"

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს, რომ მას მიყენებული აქვს დაზიანებები. ტექსტში რომელიც ფოტოს ერთვოდა, წერია, რომ აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვს კერძო ბაღ "სადუნში" მიაყენეს. ჩვენ დავუკავშირდით გაბრიელის დედას, თამუნა იარაჯულს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ორი კვირის განმავლობაში გვესმოდა, რომ ბავშვს ჰქონდა პრობლემა. ამას გვეუბნებოდა ძიძა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მიგვეყვანა პირად ფსიქოლოგთან. როდესაც ფსიქოლოგი შევიდა ბავშვთან, დახვდა შემდეგი სიტუაცია: ბავშვს მოსდიოდა ტუჩიდან სისხლი, პედაგოგები ისხდნენ ურეაქციოდ. როდესაც ფსიქოლოგმა ჰკითხა, თუ რატომ მოსდიოდა გაბრიელს სისხლი, მათ ჯერ უპასუხეს, რომ არ იცოდნენ, შემდეგ უპასუხეს, რომ თვითდაზიანება მიიყენა ბავშვმა. ფსიქოლოგმა უთხრა, რომ არსებობდა საბუთები, რომ ბავშვს არ აქვს იმ ფორმის აუტიზმი, რომ მიიყენებინა თვითდაზიანება, თანაც სამ ადგილას. ძიძა ძალიან ცუდად იყო ბავშვის მიმართ განწყობილი, ცემის ფაქტს არასოდეს შევსწრებივარ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბავშვი აწუხებდა. როდესაც დირექტორს ამ ძიძის თაობაზე ველაპარაკე, მან მიპასუხა, რომ თვითონ ძიძას ჰქონდა ოჯახური პრობლემები და ამის გამო ვერ ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან. მას მერე რაც დირექტორს ვესაუბრეთ, ძიძამ გვითხრა, რომ დირექტორმა თქვენს გამო საყვედური მითხრა და თუ რამე პრეტენზია გექნებათ, მე მითხარითო და ამ საუბრიდან მეორე დღეს გაბრიელს დაემართა ის, რაზეც უკვე გესაუბრეთ. ძიძა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ გაბრიელი ხელს უშლიდა მეცადინეობაში, მშობლებს ეუბნებოდა, რომ აი ამ ბავშვს ხომ ხედავთ (უთითებდა გაბრიელზე), მას ცალკე სჭირდება ერთი ადამიანი და თქვენს შვილებს სათანადო ყურადღებას ამიტომ ვერ ვაქცევო.

- მშობლებისგან თუ გიგრძვნიათ აგრესია?

- მხოლოდ ერთადერთი მშობლისგან ვგრძნობდი, რომელიც თურმე სასწაულად ავიწროვებდა ბავშვს, მგონი ჯგუფშიც კი შედიოდა და ამოწმებდა ხოლმე, თუ რას აკეთებდა გაბრიელი. სხვებისგან, პირიქით, მხოლოდ დადებით ემოციას ვგრძნობდი. დაბადების დღეზე საჩუქარიც მოუტანეს გაბრიელს. ბავშვებს ძალიან უყვართ და სწორედ ამის გამო ვითმენდი ამდენ ხანს.

- როდესაც დირექტორს ამ პრობლემაზე ესაუბრეთ, რა გიპასუხათ?

- მე ვუთხარი, რომ თუ ბავშვს აქვს პრობლემა, გადავიყვანთ სხვა ბაღში, სადაც ეცოდინებათ, თუ როგორ უნდა მიუდგნენ აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს და შესაბამისად მიხედავენ კიდეც და აღარ მომიწევს ყოველდღიური საყვედურების ატანა, რომ გაბრიელი ყვირის, გაბრიელმა ეს გააფუჭა, საწყალი გაბრიელი და სხვ. ვერ წარმოიდგენთ დედისთვის რა მძიმეა ამ ყველაფრის თითქმის ყოველდღე მოსმენა. დირექტორმა მითხრა, რომ ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ წამეყვანა და ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ დააყოლა, იქნებ მხოლოდ 2 საათამდე გააჩეროთ ბავშვი და მერე წაიყვანოთო, როგორც ჩანს ამ დროს ის მშობელი მოდიოდა, რომელიც გაბრიელის მიმართ აგრესიული იყო და არ უნდოდათ,  ბავშვი ეჩვენებინათ. ჩვენი სხვაგან წასვლა კი იმიტომ არ უნდოდათ, რომ მე ორი ბავშვი დამყავს ამ ბაღში და ალბათ თანხის დაკარგვა არ სურდათ.

- ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ ეზოში გამავალი კარი ამოუქოლა უნარშეზღუდულ ბავშვებს, ახლა ეს. როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ასეთი ფაქტები?

- ესაა არაადამიანობა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევდი. სამწუხაროდ, მე ჩემი შვილი ვერ დავიცავი. ეს ქვეყნის პრობლემაა...

- სასამართლოში ჩივილს აპირებთ?

- იმედი მაქვს, რომ მე არ მომიწევს ჩივილი და უფლებათადამცველი ორგანიზაციები ჩაერევიან, რადგან საქართველოში, მარტო ვერაფერს ვერ გავხდები. ამას მე კი არ უნდა ვჩიოდე, თვითონ სახელმწიფო უნდა აგვარებდეს. სხვათაშორის, თქვენს ერთ-ერთ კოლეგას ბაღის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მშობლებს მოველაპარაკეთ და კმაყოფილები წავიდნენო. ესაა ტყუილი. მთელი ოჯახი განადგურებულები ვართ. ორი დღეა, ნორმალურად არ გვიძინია. აქ საქმე ნაიარევში არა, ამას 2-3 დღეში მოვურჩენთ, მაგრამ ხვალ რა უნდა გავაკეთო, ის არ ვიცი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)