"ბავშვობიდანვე გამორჩეული და უწმიდესი იყო..." – რას ყვებოდა პატრიარქზე მისი უფროსი ძმა - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდანვე გამორჩეული და უწმიდესი იყო..." – რას ყვებოდა პატრიარქზე მისი უფროსი ძმა

"კვირის პალიტრის" არქივი, 2014, 02 ოქტომბერი

"აცხოვნოს ღმერთმა უწმინდესის ძმა და სასუფეველი დაუმკვიდროს მას სასუფეველსა შინა, სადაცა მართალნი განისვენებენ.. საოცრად კეთილშობილი ადამიანი იყო ბერი გიორგი, ვუსამძიმრებ საყვარელ უწმინდეს მამას ძმის გარდაცვალებას, ამ არიას რომ ვმღეროდი, იქ იჯდა გიორგევიჩი (ასე იხსენიებდა ყველა), მახსოვს, გულით მომილოცა, რომ დავამთავრე სიმღერა... ეს სიტყვები საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწე ქართველმა საოპერო მომღერალმა - დავით სუმბაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.. ვინაიდან დავით სუმბაძე პატრიარქმა გაზარდა, მომღერალი უწმიდესის ძმასაც ახლოს იცნობდა.

- გიორგი ძია ძალიან კეთილი და თბილი ადამიანი იყო, რომელიც განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა. მე საპატრიარქოში ვცხოვრობდი და ყოველდღიური შეხება მქონდა. ყოველ დღე ერთად ვტრაპეზობდით. უამრავ რამეზე ვსაუბრობდით. ძალიან ხშირად გვიყვებოდა, როგორი იყო უწმიდესი ბავშვობაში. ჩვენ მას ასაკით შვილებად და შვილიშვილებად შევეფერებოდით, ბევრ რამეს ვეკითხებოდით უწმიდესზე, თავად მასზე, მშობლებზე... ყოველთვის დიდ ბედნიერებას გამოხატავდა სხვის სიხარულზე და თავადაც სულ ცდილობდა გავეხარებინეთ... საოცარი ადამიანი იყო ნამდვილად.

- უწმიდესის ბავშვობას როგორ იხსენებდა?

- უწმინდესი ყველასგან გამორჩეული ბავშვი იყო, სამი-ოთხი წლის ასაკში ყველა რომ ვიყავით ეზოში გამოსულები, უწმიდესი იჯდა და რაღაცას აკეთებდა, ან მეცადინეობდა, ბავშვობიდანვე გამორჩეული და უწმიდესი იყოო... ჩვენ თუ ერთმანეთში წავკინკლავდებოდით, ყოველთვის მშვიდობას ჩამოაგდებდაო...

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- ცნობილი ფოტოა ბობოყვათის რეზიდენციაში სანაპიროსთან გადაღებული. ამ ფოტოზე სამწუხაროდ არ არის ძია გიორგი (მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი, ვიქტორი) , რომელიც იმ პერიოდში ჩვენთან ერთად იყო იქ... ცოტა არაყი ჰქონდა დალეული, რაც კატეგორიულად არ შეიძლებოდა. შუადღეს პატრიარქის ტრაპეზზე მივედით და პატრიარქმა უთხრა, ვიქტორ, ჩემს გვერდით დაჯექიო. ჰკითხა, აბა როგორ ხარ ჯანმრთელობით, რამე ხომ არ გაწუხებს, სასმელსაც აღარ სვამ ხოო?.. ძია ვიქტრორმაც დაუდასტურა აღარ ვსვამო, არადა ნახევარი ლიტრი არაყი ჰქონდა დალეული. ეს მაშინვე შეატყო უწმიდესმა, (მას არაფერი გამოეპარება) ძალიან საყვარლად გაეღიმა უწმიდესს და ჩვენც ძალიან ვიხალისეთ.. ეს იყო დაუვიწყარი დღე ჩემ ცხოვრებაში. მახსოვს პავაროტის გასვენებას ვუყურებდით ერთად, პირდაპირი ეთერი იყო, რომ დამთავრდა, უწმინდესმა თქვა, ჩავიდეთ "პლიაჟზე", "იოდი" ვისუნთქოთო.. შემდეგ წყალში შევედით ასე წელამდე, ჩემზე და ჩემ მეგობარზე ეკიდა ხელი ხელზე. ვკითხე, ცოტა ღრმად ხო არ შევიდეთ-თქო რაზეც მიპასუხა რას ამბობო, განა ისევ პატარა ვარო, ისეთი სითბოთი მიპასუხა, სიხარულისაგან რა მექნა, არ ვიცოდი. დაუვიწყარი დღე იყო, რომელიც მუდამ მემახსოვრება და ყოველ გახსენებაზე ვიგრძნობ უწმინდესის სითბოს და მადლს, რომელსაც ჩემს მიმართ ყოველთვის ავლენდა ხან რით და ხან რით.. ძალიან გული დამწყდა, ძია ვიქტორი რომ გარდაიცვალა. ბოლოს ბერად უკურთხებია პატრიარქს და შეეწიოს მისი ლოცვა სრულიად საქართველოს და თვითეულ ჩვენთაგანს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)