"ღმერთით, დღეს მე ქრისტიანი გავხდი" - კვირის პალიტრა

"ღმერთით, დღეს მე ქრისტიანი გავხდი"

"7 მილიონი ქართველია თურქეთში. ბევრს უნდა გაქრისტიანდეს და წინაპრების სარწმუნოებას დაუბრუნდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ"

"ჩემი შვილი  მალე დაიბადება და ისიც ქრისტიანი გახდება"

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ბრალდებული ელმაზ ორკანი მართლმადიდებლად მოინათლა. მამა გაბრიელ პაიკიძემ ნათლობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  II-ის კურთხევით ციხეში ჩაატარა.

ბოლო წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის 157 პატიმარი გაქრისტიანდა. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა - მართალია, ბრალდებული ელმაზ ორკანი თურქეთის მოქალაქეა, მაგრამ მისი წინაპრები ქართველები იყვნენ. როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე, მისი ოჯახიც დიდი ხნის წინ აღმოჩნდა თურქეთში. ისიც იქ დაიბადა და გაიზარდა. დანაშაულიც თურქეთში ჩაიდინა და ქართველმა ძალოვანებმა აქ დააკავეს, რადგან ინტერპოლით იძებნებოდა. ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოლოდინშია. ალბათ, მას მალე გადასცემენ თურქეთს, თუმცა თავად სურს საქართველოში გასამართლდეს და აქ მოიხადოს სასჯელი. სურვილს, ალბათ, ვერ აისრულებს, სამაგიეროდ, დიდი ხნის ოცნება აისრულა და გაქრისტიანდა.

პატიმარმა თავად მიმართა თხოვნით პატრიარქს. ის წერილში უწმინდესს სწერდა, რომ წარმოშობით ქართველია, გვარად ლორთქიფანიძე. მისი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ თურქეთში წასვლის შემდეგ, 1780 წელს, იძულებით გამაჰმადიანდნენ.

მას ნათლობის სახელიც შეურჩიეს, თორნიკე დაარქვეს და პატრიარქის გამოგზავნილი სახარებაც უსახსოვრეს.

"ალბათ, ზეციურ საქართველოში ხარობენ შენი წინაპრები, რომ შენ დაუბრუნდი შენს სარწმუნოებას და გახდი ქრისტიანი. ამ ნათლობის შემდეგ მიგეტევება ყოველივე ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი. დღეს შენ ხელმეორედ დაიბადე, გარდაიქმენი ახალ კაცად, ქრისტიანად, სხვა ადამიანი ხარ და სულ უნდა გახსოვდეს, რომ ერმა და ბერმა უნდა ვიაროთ უფლის გზაზე", - ამ სიტყვებით მიმართა მღვდელმა თორნიკეს.

ელმაზ ორკანი, იგივე თორნიკე ლორთქიფანიძე: -  მადლობელი ვარ პატრიარქის. ჩემი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუნდი და ღმერთით, დღეს მე ქრისტიანი გავხდი.

თურქეთში დავიბადე, მამაჩემი ლორთქიფანიძეა, დედა - ნინიძე. ჩემი მშობლებიც თურქეთში დაიბადნენ, ჩემი დიდი ბაბუა ქრისტიანი იყო.

როცა აქედან წავიდნენ, ისეთი პოლიტიკა იყო, რომ 1780 წელს მუსლიმანები გახდნენ. 7 მილიონი ქართველია თურქეთში. ბევრს უნდა გაქრისტიანდეს და წინაპრების სარწმუნოებას დაუბრუნდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ჩემი მშობლებიც მუსლიმანები არიან, მაგრამ არ დადიან სალოცავად, მორწმუნე მუსლიმანები არ არიან, ალბათ, იმიტომ, რომ მათ გულში  უფლის სიყვარულია.

მამაჩემმა, დედაჩემმა, დეიდამ თურქულიც კი არ იცოდნენ, როცა პირველ კლასში მივიდნენ. შინ სულ ქართულად საუბრობდნენ.

ბიძაჩემი საქართველოშია, მყავს ბათუმში ბიძაშვილები და ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს.

2 წლის წინ ცოლად ქართველი შევირთე, ბათუმელია ჩემი მეუღლე, ქრისტიანი. ჩვენ ბათუმში ვცხოვრობდით, ახლა ფეხმძიმეა და შვილს ველოდებით. ღმერთით ის მალე დაიბადება და ისიც ქრისტიანი გახდება. დავურეკე მეუღლეს და ვუთხარი, რომ ვინათლებოდი, ძალიან გაუხარდა.  აქედან რომ გავალ, მე და ჩემი მეუღლე ჯვარს დავიწერთ და ვიცხოვრებთ ქრისტიანულად.

4 წელია საქართველოში  ვარ და ველოდებოდი მოქალაქეობას. ბავშვობიდან ვიცოდი ქართული, სახლში ქართულად ვლაპარაკობდით. თურქეთში, ართვინში ვცხოვრობთ. იქ მყავს ძმა და დედა, მათაც იცოდნენ, რომ სარწმუნოება უნდა შემეცვალა.

ბავშვობიდან მინდოდა ქრისტიანად მონათვლა, მაგრამ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იქ ყველა მუსლიმანია და ეს იქ ვერ გავაკეთე.

- რისთვის იხდი სასჯელს?

- ერთმა თურქმა მამა მომიკლა და მერე მე მოვკალი მამაჩემის მკვლელი. მას ჩემი მოკვლაც უნდოდა... ეს ამბავი 4 წლის წინ მოხდა, მას მერე უფრო მეტად საქართველოში ვარ, მეორე თვეა, რაც აქ დამაკავეს. ამბობენ, რომ თურქეთში გადამიყვანენ, მე კი აქ მინდა დავრჩე.

თეა ხურცილავა