"წერილი დატოვაო, თამაშობდაო, შეყვარებულის გამო მოიკლა თავიო... ტყუილია ყველაფერი" - რატომ მოიკლა თავი 18 წლის ახალწვეულმა - კვირის პალიტრა

"წერილი დატოვაო, თამაშობდაო, შეყვარებულის გამო მოიკლა თავიო... ტყუილია ყველაფერი" - რატომ მოიკლა თავი 18 წლის ახალწვეულმა

"ის თავს არ მოიკლავდა. დათო არ იყო ის ბიჭი, ასეთ რამეს რომ დაუფიქრებლად გააკეთებდა. ცხოვრებას რეალურად უყურებდა და წინ იყურებოდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე, ვილაპარაკეთ, სულაც არ იყო "დაგრუზული" ჯარზე, თორემ რამე "ისე" რომ ყოფილიყო, მეტყოდა... არ ვიცი, რა ვთქვა, დაზაფრულები ვართ მეგობრები" - ამბობს ჩვენთან საუბარში 18 წლის ახალწვეულის, დავით ბოლოთაურის ახლო მეგობარი.

დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" რიგით ჯარისკაცად მსახურობდა და სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ის 2 ოქტომბერს, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული...

- უამრავი ვერსია გავრცელდა, წერილი დატოვაო, თამაშობდაო, შეყვარებულის გამო მოიკლა თავიო, - არც ერთი მათგანი სიმართლე არ არის, - დათო არ თამაშობდა და ასე რომ ყოფილიყო, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი იქნებოდა, პირველ რიგში, - მეგობრებისთვის. დედამისმა შემოგვტირა, - მითხარით, რა მოხდაო, - არ ვიცით. მე ვიცი მისი ხასიათი, ის არ ითამაშებდა. 18 წლის იყო, მაგრამ ძალიან დინჯი, გაწონასწორებული. არც დეპრესიული იყო, რომ ყელში ამოსვლოდა ჯარი, ან იქ სიტუაციაზე "აჭრილიყო", - თავისუფალი, ხალისიანი, გახსნილი, მეგობრული ბიჭი იყო, მეგობრები უყვარდა და ყველასთან პოულობდა საერთო ენას. 30-ე სკოლაში სწავლობდა, მე-9 კლასიდან გამოვიდა და თავისი გზით წავიდა, - ხელობას სწავლობდა, მაგრამ არც კლასელთან და სკოლის მეგობართან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ძმა მასზე უფროსია, ორივე ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. დედის ხელების შემყურე არასდროს ყოფილა, - მშრომელი ბიჭი იყო და სულ ცდილობდა, საქმე ეკეთებინა. უბანში ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა. ამას წინათ ვნახე და ვისაუბრეთ, ძველებურად ხალისიანი იყო... როგორც ბიჭებმა მითხრეს, იმ დღეს, მამას წაიყვანა მანქანით, 6 საათზე უნდა ყოფილიყო ბაზაზე. დამუნჯებული იდგა ის კაცი, - რა ვიცოდი, შვილს უკანასკნელად თუ ვხედავდიო... ყველა, მეგობარი თუ ახლობელი, გამორიცხავს თვითმკვლელობას, ერთხმად ამბობენ - დათო თავს არ მოიკლავდაო!..

გიული გრძელიძე, დათოს მასწავლებელი:

- კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით. ძალიან თბილი, უკონფლიქტო და მეგობრული ბიჭი იყო, ცოტა ცელქიც, მაგრამ ზრდილობიანი. მე არ მახსოვს მასწავლებელს შეპასუხებოდა, ან ვინმესთვის რამე უხეშად ეთქვა. ვერ ვიტყვი, რომ სწავლაში ბრწყინავდა და ძლიერი იყო-მეთქი, იყო-მეთქი, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე მასწავლებელს რამე ცუდად ეთქვას მასზე, - ყველას ძალიან უყვარდა. ისე სწავლობდა, როგორც შეეძლო. დედაც ძალიან მშვიდი და კარგი ადამიანია და ეტყობოდა, რომ კარგად ჰყავდა შვილი აღზრდილი. საერთოდ, ბუნებით ძალიან თბილი ბავშვი იყო. რატომღაც მეც მგონია, რომ თავს არ მოიკლავდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)