"ეს ერთი წელი, მგონი, დათოს ლოგინში არც კი ძინებია" - თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე - კვირის პალიტრა

"ეს ერთი წელი, მგონი, დათოს ლოგინში არც კი ძინებია" - თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე

"ნინოთი ცხოვრობდა, მის ფოტოებთან ერთად ათენებდა და აღამებდა"

"ვერ ვუპატრონე. მისთვის საკმარისი დრო არ აღმომაჩნდა და ამიტომაც "გამიფრინდაო"

"დათო ძალიან ნერვიულობდა დის გამო... ფსიქიურად მანამდეც ცუდად იყო. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დამამშვიდებლებს სვამდა. დის დაღუპვამ საერთოდ ბოლო მოუღო. ეს ერთი წელი, მგონი ლოგინში არც კი ძინებია, სკამზე ეძინა, თუკი ეძინა საერთოდ, ისიც მედიკამენტების საშუალებით თუ ახერხებდა. ძალიან ცუდად იყო. ბიჭები ამ თემაზე მას არც ველაპარაკებოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ მკურნალობდა. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც სახლიდან არ გადიოდა, რადგან სავარაუდოდ, მაშინ ფსიქიკური პრობლემები უმწვავდებოდა" - ამბობს ჩვენთან საუბარში 27 წლის დაღუპულის დათო გვასალიას მეგობარი.

დათო გვასალია 4 ოქტომბერს, მეტრო-სადგურ "300 არაგველების" ლიანდაგებზე ჩახტა და მატარებელმა გადაუარა. ერთი წლის წინ, 2013 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა დათოს დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ, რომელიც სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა... სამართალდამცველები და მეგობრები თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. ბაიკერებმა მისი ცხედარი 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს...

როგორც დათოს მეგობრები ამბობენ, ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები ადრეც აწუხებდა, დის დაღუპვის შემდეგ კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

თემო, დათო გვასალიას მეგობარი:

- როგორც ამბომბდნენ, მწვავე შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და მკურნალობდა, მაგრამ ამას თუ გააკეთებდა, მართლა არ გვეგონა, რადგან ხედავდა, დედამისი რა დღეში იყო. ნინოთი ცხოვრობდა, მის ფოტოებთან ერთად ათენებდა და აღამებდა. ბიჭებიც ძალიან ცუდ დღეში იყვნენ და როგორც ვიცი, მამაც... სამ ძმას ნინო ერთადერთი და ჰყავდათ და ისედაც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, ნინოს დათოსთვის ჰქონდა გადაკვრით ნათქვამი თვითმკვლელობის შესახებ და ამას ძალიან განიცდიდა... ასეთ ცუდ დღეში იყვნენ ყველანი, მშობლებიანად და დათო თუ კიდევ თავის ტრაგედიას დაამატებდა, უბრალოდ ვერ ვიფიქრებდით. შოკში ვართ... ნინოს ამბავმა წელში გაწყვიტა ოჯახი. ახლა ქალბატონ ლალის ორი ვაჟი დარჩა, ამ უბედურების შემდეგ რამდენად შეძლებს მათ დედობას, არ ვიცით...

- თვითმკვლელობა დედამაც სცადა, არა?

- დიახ. წამლები დალია და რეანიმაციაში იყო. ცოცხალია. თუ კი შეიძლება მის მდგომარეობას სიცოცხლე ეწოდოს... ნინოსგან განსხვავებით, დათო კომპიუტერთან დროს იშვიათად ატარებდა... არადა, ერთ დროს, ძალიან თბილი, მხიარული და ბედნიერი ოჯახი იყვნენ. მშობლების დაშორებამ ბავშვებზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. თან, როგორც ამბობენ, ნინოს დაღუპვაში თავს იდანაშაულებდა.

- რატომ?

- არ ვიცი, ვერ ვუპატრონე. მისთვის საკმარისი დრო არ აღმომაჩნდა და ამიტომაც "გამიფრინდაო" ამბობდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ითქვა, რომ ნინომ თავისი გადაწყვეტილების შესახდებ მამასაც უთხრა.

- დათო ბოლოს როდის ნახეთ?

- ბოლო დროს იშვიათად ვნახულობდი. თავიდან უფრო ვინტერესდებოდი მისი ამბით. შემდეგ შევნიშნეთ, რომ თავი გვარიდებდა და ჩვენც აღარ ვაწუხებდით. რახან დათო ძლიერ ფსქიტროპულებს სვამდა, რომელიც, როგორც ცნობილია ადუნებს, ისიც ითქვა, რომ მას შესაძლოა, მეტროს ბაქანზე ჩასთვლიმაო, მაგრამ არ მჯერა. თვითმხილველებმა თქვეს, რომ ის ჩახტა... ბოლო დროს, ნინოს დაღუპვამდე, დათო ჩაიკეტა, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ იმ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე ნინო და არც მომესალმა. შემდეგ ვიფიქრე, ალბათ ვერ შემამჩნია-მეთქი. ძაღლს ასეირნებდა. დღემდე ყურებში მიდგას იმ ძაღლის ყმუილი გოგონას დაღუპვის შემდეგ. ბოლო დროს აღარც მინახავს, არ ვიცი, სად წაიყვანეს.

- მამამისს ნახულობთ ხოლმე?

- კი, ხანდახან მოდიოდა... საოცრად კარგი ადამიანი იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა იმ ხელისუფლების დროს, რაღაც პრობლემები შეექმნა და საკუთრება წაართვეს. ამან დიდი როლი ითამაშა ოჯახში და ის სახლიდან წავიდა. რასაკვირველია, იყო ოჯახში პრობლემები. ეს ბაშვებისთვის უდიდესი ტრავმა იყო და ეტყობოდათ კიდეც, განსაკუთრებით, ნინოს. ძალიან განიცდიდა. ამიტომაც დაწერა, - არ მინდა თქვენი ნაწილი ვიყოო...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)