"ღმერთო, დიდხანს გამაჩერე კიდევ ჰაერში-თქო"- ჰაერში მოლივლივე "აჭარელი შამანი" - კვირის პალიტრა

"ღმერთო, დიდხანს გამაჩერე კიდევ ჰაერში-თქო"- ჰაერში მოლივლივე "აჭარელი შამანი"

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა "ჰაერში გამოკიდებული შამანის" ფოტომ ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება მიიპყრო. ფოტო "ბათუმობა 2014" წლის ღონისძიებაზე, ერას მოედანთან არის გადაღებული. "კვირის პალიტრა" ილუზიური ნომრის იდეის ავტორს, ჯგუფ "პლატინას" ხელმძღვანელ მალხაზ ირემაძესა და როლის შემსრულებელ მსახიობს მირზა სათმანიძეს დაუკავშირდა:

მალხაზ ირემაძე - იდეის ავტორი:

- ნომრის გაკეთება საკმაოდ რთული იყო. ინტერნეტში არ მოიპოვებოდა ამ ტრიუკის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია. გამიმართლა, რომ ვიღაცას ჩუმად ჰქონდა ვიდეო გადაღებული და ამის მიხედვით დავიწყეთ მუშაობა.

- როგორ აღმოჩნდა მსახიობი ჰაერში?

- როგორც იქნა ავაწყეთ კონსტრუქცია, მსახიობს ნაჭერი გადავაფარეთ, "ბათუმობის" ღონისძიებაზე მოსული ხალხის ყურადღება უკვე ჩვენსკენ იყო მოპყრობილი, აინტერესებდათ რას ვაკეთებდით. მირზამ თითქოს რაღაც ლოცვები წაიკითხა, უცებ მოვაცილეთ ნაჭერი და შეძახილები წამოვიდა - "ვაიმე დედაა", "უი ჯადოქრები". პირველი რეაქციების მერე დაიწყეს ფიქრი თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ზოგმა თქვა შუშაზე დგასო და ხელი გამოატარა ფეხების ქვემოთ, ზოგმა პირჯვრის გადაწერა დაიწყო. გვთხოვდნენ გვეთქვა, რა ზეციური ძალით იყო ჰაერში. ერთი კაცი არ მოგვეშვა, სახლამდე გამოგყვებით თუ არ მეტყვითო. ვუთხარი, ინდოეთიდან მყავს ჩამოყვანილი სპეციალისტი და ამის გამხელა არ შეიძლება თქო.

- სამოსი სპეციალურად ამ ნომრისთვის შეაკერინეთ?

- სამოსიც ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ. ნომრის შემადგენელი ნაწილი იყო გრანდიოზული ქუდი, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ქუდის დამზადება ვეღარ მოვასწარით. უცებ მოვიფიქრეთ შუბლზე ბენდენის გაკეთება.

- ასეთი ინტერესის შემდეგ, როგორ ჩამოვიდა მირზა ჰაერიდან მიწაზე, როგორ "გამოაპარეთ" ხალხს კონსტრუქციის არსებობა?

- უცებ გადავაფარეთ ნაჭერი, მირზამ ლოცვები წარმოთქვა, ამასობაში დავშალეთ კონსტრუქცია, "აჭარელი შამანიც" ჩამოვიყვანეთ ჰაერიდან და გარშემომყოფების ოვაციები კიდევ ერთხელ დავიმსახურეთ.

- ჩვენს მკითხველს გაუმხელთ ამ კონსტრუქციის საიდუმლოს?

ეს საიდუმლო ნაწილობრივ უკვე გავამხილე, მაგრამ მეტის თქმა აღარ შემიძლია, თუმცა ვიტყვი, რომ არცერთი ფოკუსი არ არის ღვთიური, არავინ არ დაფრინავს, ეს არის დიდი ძალისხმევის ფასად შესწავლილი ტრიუკი".

მირზა სათმანიძე - მსახიობი:

- ვფიქრობდით, რომ 20 წუთიანი ნომერი იქნებოდა, მაგრამ ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, როლში ყოფნა გაცილებით დიდხანს მომიწია, ვიდრე დაგეგმილი იყო. მოდიოდა უამრავი ადამიანი და იღებდა ფოტოებს. ინტერესდებოდნენ, როგორ ვიყავი ჰაერში გამოკიდებული. მყავდა კურატორი, რომელიც სიტუაციას აკონტროლებდა, ჩემთან შეხება და გასაუბრება არ შეიძლებოდა.

- რაც შეეხება ლოცვებს?

- ღმერთო, დიდხანს გამაჩერე კიდევ ჰაერში-თქო, გულში ვამბობდი. ხმამაღლა არაფერი მითქვამს, მაგრამ შთაბეჭდილება იყო, თითქოს ჯადოსნურ სიტყვებს ვამბობდი.

-ხალხს სჯეროდა?

- იყო ისეთი კატეგორია, რომელმაც დაიჯერა და გვთხოვა, გვასწავლეთ როგორ აკეთებთო. ერთი კაცი გადაგვეკიდა, ვერ მოვისვენებ, ძილი არ მექნება და ამიხსენით რას შვრებითო. ქალი მოვიდა... ამას მკითხაობაც ეცოდინებაო, სანამ ჰაერიდან არ ჩამოვა არ წავალ აქედან ან საცხოვრებელი მისამართი მომეცითო. ასეთ დროს მეცინებოდა, მაგრამ ცხადია ვერ გავიცინებდი.

-სიცხეს როგორ გაუძელი?

- ისე დამცხა, ლამის გავიგუდე. ზაგარი მივიღე, შუბლიდან ბენდენა რომ მომხსნეს "რაზნიცა" მქონდა.

წაიკითხეთ ინგლისურად! + კონსტრუქციის საიდუმლო

ნინო ხოზრევანიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე