"მკითხა, - ტატა ხარო?.." - 14 წლის შემდეგ სვანეთში ნაპოვნი ტატას საოცარი ამბავი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მკითხა, - ტატა ხარო?.." - 14 წლის შემდეგ სვანეთში ნაპოვნი ტატას საოცარი ამბავი (ექსკლუზივი)

14 წლის შემდეგ National Geographic-მა სვანეთში ტატა ისევ იპოვა, - ამის შესახებ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი წერს და სოციალურ ქსელ ინსტაგრამ-ზე სვანეთში გადაღებული გოგონას ფოტოებს აქვეყნებს. ჟურნალის ფოტოგრაფმა, აარონ ჰიუმ, 1999 წელს, სვანეთში მცხოვრებ პატარა გოგონას, ტატას ფოტო გადაუღო. მაშინ ტატა 8 წლის იყო... მას შემდეგ, ფოტოგრაფი სვანეთში კიდევ რამდენჯერმე იყო, ქართველი ლამაზთვალება გოგონა ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო... კიდევ ერთხელ, 2013 წელს კიდევ ერთხელ იმოგზაურა და გოგონა კვლავ იპოვა. უფრო სწორად, თავად გოგონამ იპოვა... ფოტოების გამოქვეყნებას National Geographic-ის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე საათში ტატას ფოტომ 129 ათასზე მეტი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა...

ჩვენ ვიპოვეთ ცნობილი ფოტოგრაფის ქართველი მუზა და გადავწყვიტეთ ის ჩვენი მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო.

ტატა ცაავა, 22 წლის:

- 14 წლის წინ, დედულეთში, ლენჯერში ვიყავი სტუმრად. მაშინ, 1999 8 წლის ვიყავი და ნათესავებთან, დედის მოგვარეებთან, ფილფანებთან ვიყავი სტუმრად. აარონიც იქ იყო. პატარა გოგონა ვიყავი, მაგრამ მაინც თბილად მახსოვს, როგორ აფრთოვანდა ჩემი თვალებით, რა მაგარი თვალები გაქვს, ფოტოები უნდა გადაგიღოო. კიდევ რა მითხრა, აღარ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი...

- მაშინ გადაღებული ფოტო ალბათ არ გქონდა ნანახი, არა?

- კი, ფირზე გამჟღავნებული ორი ცალი გამომიგზავნა იმ ოჯახის საშუალებით, ვისთანაც მნახა. რა თქმა უნდა, სასოებით ვინახავდი. ვიცი, რომ მას ძალიან უყვარს სვანეთი და საერთოდ საქართველო და მითხრეს, რომ მეძებდა, ჩემი ბავშვობისდროინდელი ფოტო თან ჰქონია და ყველას ანახებდა, ეს გოგო მაინტერესებს როგორიაო... 2012 წელსაც ყოფილა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვადასხვა დროს ვიყავით სვანეთში და ვერ შევხვდით.

- 2013 წელს როგორ შეხვდი?

- ასევე შემთხვევით. თბილისიდან სტუმარი მყავდა სვანურ კოშკზე ვიყავით ასული, რათა მისთვის დამეთვალიერებინა. ამ დროს ისიც სვანეთში ყოფილა და კოშკზე ამოვიდა. ჩემი ნათესავებისგან ვიცოდი, რომ მეძებდა. მივედი და ვკითხე, თქვენ აარონ ჰიუ ხართ-მეთქი? – დიახო, - მე კარგად მახსოვდა და ვუთხარი, - 14 წლის წინ ფოტო რომ გადამიღეთ, ის ვარ-მეთქი, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ჩემი სახელი ახსოვდა და მკითხა, - ტატა ხარო?.. რაც 14 წლის წინანდელ ჩემს ბავშვურ მეხსიერებას შემორჩა, იგივე რეაქცია ჰქონდა. ძალიან გაუხარდა.. ახლაც უნდა გადაგიღო ფოტოებიო და ასე შეკრა წლების წინანდელი და ახლანდელი ფოტოკოლაჟი.

- რა გითხრა, ბავშვობის სახე გაქვსო?..

- არა. არ უთქვამს, შეცვლილი ხარო, ღიმილით მითხრა.

- ვიცი, რომ ინტერნეტით გაიგე შენი პოპულარობის ამბავი...

- (იცინის) დიახ, 2013 წელს გადამიღო და ახლახანს, 9 ოქტომბერს, სრულიად შემთხვევით გავიგე. ისე კი, ის ორი ცნობილი ფოტო ინტერნეტვერსია ნანახი მქონდა, მაგრამ საგაზეთო – არა. ჩემს ოჯახს და ნათესავებს პირველი ფოტოც ძალიან გაუხარდათ, მაგრამ ასეთ გაგრძელებას ნამდვილად არ ველოდით. ბევრს ვხუმრობთ ჩემს უეცარ პოპულარობაზე. მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ფოტო მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცეოდა. მეც მიყვარს ფოტოების გადაღება, ძალიან მოკრძალებულად შეიძლება ვთქვა, რომ დამწყები მოყვარულის დონეზე ვიღებ ფოტოებს, თუმცა, მომერიდა მისთვის ამის თქმა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)