“ამ შემზარავი სურათის შემხედვარე მტერიც კი ატირდებოდა” - ეკლესიის ძარცვა-რბევის დეტალები - კვირის პალიტრა

“ამ შემზარავი სურათის შემხედვარე მტერიც კი ატირდებოდა” - ეკლესიის ძარცვა-რბევის დეტალები

“გული წამივიდა, როცა დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სათუთად  ეკიდა კედელზე,  ძირს დაგდებული ვნახე. მართლმადიდებლური  წიგნები ძირს იყო დაყრილი და ფეხით იყვნენე შემდგრები”

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სამგორის რაიონში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. Kრიმინალებმა  ტაძრის კარი ერთ-ერთი სასაფლაოდან აღებული მარმარილოს ქვით შეამტვრიეს და შიგნით შეაღწიეს. არც სიგნალიზაციის გამორთვა დავიწყებიათ, როგორც ჩანს, ტერიტორია კარგად ჰქონდათ შესწავლილი.  მეორე დილით იქ მისული ადამიანები შემაძრწუნებელი ფაქტის თვითმხილველები გახდნენ. ტაძარი მთლიანად გაეთელათ. კედლებიდან ჩამოგლეჯილი ხატები იატაკზე იყო მიმობნეული, სიწმინდეები, საეკლესიო წიგნები, საგალობლები, ჯვრები და სხვა ნივთები ძირს ეყარა. მღვდლისა და სტიქაროსნის შესამოსლებიც იატაკზე ეგდო. მძარცველებსა თუ ვანდალებს არც საკურთხეველში შესვლის შეშინებიათ. იქაც ყველაფერი მიმოფანტული დახვდა ტაძრის წინამძღვარს. არც წმინდა ნიკოლოზის ხატის შუშის ჩამტვრევა და ხატისთვის ოქროს ყელსაბამის და ჯვრის მოგლეჯის შეშინებიათ მათ.

ტაძრის წინამძღვარი მამა ისე ამბობს, რომ მომხდარით შეძრულია.

მამა ისე:

- რაც აქ მოხდა, ეს არ იყო მარტო ქურდობა. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, ქართულ ეკლესიას მიხედვა უნდა ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ჩვენ არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები.  რაც მოხდა ეს ერის შეურაცხყოფაა. ყველა გვეკითხება ტაძრიდან რა წაიღესო. ეს არის მთავარი? ეკლესია გატეხეს, დაარბიეს  და რა წაიღეს ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, თუ იმაზე, როგორ მოქცნენ დედა ეკლესიას? რაც წაიღეს,  ის ხალხის იყო, მაგრამ რაც ღვთისაა, იმას რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს არის შემაძრწუნებელი. ჩვენ აღარ გვინდა ქართველობა, სიყვარული -  ხელწერა ისეთია, რომ შეგნებულად, მიზამნიმართულად მოხდა დარბევა. ეს სხვა სარწმუნოების, ან სექტის წარმომადგენლისთვის რომ გაეკეთებინათ, ყველა ფეხზე დადგებოდა და ათასი დამცველი გამოჩნდებოდა. ჩვენი ეკლესია დაარბიეს, გაიძარცვა და ვინმემ ამოიღო ხმა? რაც მოხდა ვანდალიზმია. შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, ხატები  კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი. ქართული ეკლესია შეგვიგინეს, ამაზე მეტი რა გითხრათ. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ეს ალბათ ეშმაკმა გააკეთა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. პოლიციელები და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე 5 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც გავარკვიე, ამ ტაძარში ქურდობა ადრეც მრავალჯერ მომხდარა, მაგრამ არც ერთი ფაქტი სამართალდამცველებს არ არ გაუხსნიათ.

წმინდა ბარბარეს ეკლესიაში  თინა ჭუმბაძე უკვე 21 წელია,  რაც  მსახურობს. ის მომხდარით შეძრულია. როცა ამბავს გვიამბობდა, ცრემლებს ვერ იკავებდა.

თინა ჭუმბაძე:

- დილის 7 საათზე დამირეკა ჩემმა გოგომ და მითხრა, ჩვენი ტაძარი გაუძარცვავთო.  მაშინვე გამოვიქეცი ტაძრისკენ, მაგრამ პოლიციის მოსვლამდე შიგნით შესვლისგან თავი შევიკავე. რაც ვნახე, ეს შემზარავია. ძალიან ბევრჯერ გატეხილა ეს ტაძარი, მაგრამ ახლა რაც მოხდა ეს იყო მართლმადიდებლობის, ეკლესიის და ქართველი ერის წარწყმენდა. აქ საშინელი სურათი დამხვდა. 21 წელია აქ ვმსახურობ, ეს ჩემი სახლია და ხომ წარმოგიდგენიათ როგორ მიყვარს ეს ტაძარი. გული წამივიდა, როცა დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სათუთად  ეკიდა კედელზე,  ძირს დაგდებული ვნახე. მართლმადიდებლური  წიგნები ძირს იყო  დაყრილი და ფეხით იყვნენე შემდგრები. წმინდანების ხატები ჩამოყრილი, დაჩეხილი ძირს ეყარა, ამ შემზარავი სურათის შემხედვარე მტერიც კი ატირდებოდა. ვინც ეს საშინელება თავისი თვალით ნახა, ყველა ტიროდა. რაც მოხდა, მთელი ერის სატირალია, მართლმადიდებელთა სატირალი. ხმამაღლა ვამბობ ეს მართლმადიდებლობაზე, ეკლესიაზე თავდასხმაა და არ შეიძლება  მომხდარს ქურდობის კვალიფიკაცია მიეცეს. ამ მუხლით აღძრეს საქმე, მაგრამ ვაპროტესტებ. ჩემი აქ მსახურის პერიოდში ალბათ  20-ჯერ მაინც გაიძარცვა ეს ტაძარი, მაგრამ სხვა დროს მხოლოდ შესაწირი მიჰქონდათ, ხატს და სიწმინდეებს არავინ შეხებია. ახლა ყველაფერი მიწასთან გაასწორეს

P.S. სამართალდამცავებმა ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი 15 ოქტომბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ბრალდებულები არიან წარსულში ქურდობაზე ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დავით ლ. და 1997 წელს დაბადებული გიორგი ე.