ჯეკ კერუაკი - ბიტნიკთა თაობის მეფე - კვირის პალიტრა

ჯეკ კერუაკი - ბიტნიკთა თაობის მეფე

უკვე გაქრობის პირას მყოფი "დაკარგული თაობის" ნაშთებზე აღმოცენებული "ბიტნიკები" 20 წლის შემდეგ თვითონვე ტრანსფორმირდნენ ჰიპებად და სხვა პოლიტიკური თუ სამწერლო-სახელოვნებო ამქრების წევრებად

ჯეკ კერუაკი ვიწრო, ანუ თანამოაზრეთა და თანამსგავსთა წრეში ისედაც ძალიან პოპულარული კაცი იყო, მაგრამ მთელ ამერიკაში სახელი რომანმა "გზაზე" გაუთქვა.

წიგნის გამოსვლისთანავე ითქვა, რომ იყო მასში რაღაც მარკ ტვენისეული - მართალია, 100 წლის შემდეგ, მაგრამ ჰაკისა და ჯიმის მსგავსად, კერუაკის მთავარი გმირი (ფაქტობრივად, საკუთარ მოგზაურობას აღწერს) და მისი მეგობარი მორიარტიც (რომლის პროტოტიპიც ნილ კესიდია, კერუაკის მეგობარი) ამერიკასა და მექსიკაში "დაბოდიალებენ".

ეს რომანი გახდა საფუძველი იმისა, რომ კერუაკისთვის "ბიტნიკთა თაობის მეფე" ეწოდებინათ, რაც, სხვათა შორის, ძალიან ეუხერხულებოდა და ერთხელ თქვა: "მე ბიტნიკი კი არა, კათოლიკე ვარ!" ცხადია, ეს მხოლოდ თავმდაბლობა იყო, - კერუაკი ხომ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტთა იმ სამეულში შედიოდა (ალენ გინზბერგსა და უილიამ ბეროუზთან ერთად), რომლებმაც საფუძველი დაუდეს ჯერ ამ მოძრაობას ("დამსხვრეული თაობა"), შემდეგ კი მასზე დაშენებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას. თვით ტერმინ "ბიტ-თაობის" ავტორიც კერუაკი იყო.

უკვე გაქრობის პირას მყოფი "დაკარგული თაობის" ნაშთებზე აღმოცენებული "ბიტნიკები" 20 წლის შემდეგ თვითონვე ტრანსფორმირდნენ ჰიპებად და სხვა პოლიტიკური თუ სამწერლო-სახელოვნებო ამქრების წევრებად, მაგრამ მანამდე დიდი როლი ითამაშეს ამერიკული ლიტერატურის კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცლით შევსებაში. ფილიპ უეილენის, ლეროი ჯონსის, ბობ კაუფმანის, დიანა დი პრიმას, გრეგორი კორსოსა და სხვათა ნაწარმოებები ამის დასტურია, მაგრამ ზემონახსენები სამეულის შედევრები ამ ჯგუფის საუკეთესო ნიმუშებად ითვლება: გინზბერგის პოემა "გოდება", ბეროუზის რომანი "შიშველი ვახშამი" და კერუაკის "გზაზე". მანამდე კერუაკს კიდევ ჰქონდა ერთი რომანი გამოქვეყნებული - "დიდი და პატარა ქალაქი", რომელსაც, დებიუტის პირობაზე, საკმაო წარმატება ხვდა წილად, მაგრამ ტომას ვულფის სტილში და მისი აშკარა გავლენით დაწერილი ეს რომანი მაინც არ იყო ის კერუაკი, რომელიც ლიტერატურის ისტორიას შემორჩა. ეს სხვა იყო და ამიტომ ისიც სიმბოლურია, რომ "დიდი და პატარა ქალაქი" არა ჯეკ კერუაკის, არამედ სხვა სახელით - ჯონ კერუაკით გამოაქვეყნა. ასე რომ, შეიძლება ჩავთვალოთ: ჯეკ კერუაკის, "ბიტნიკთა მეფის", შემოქმედება იწყება რომანით "გზაზე". ამ რომანს კი მოჰყვა ამ წიგნში თქვენთვის შემოთავაზებული "მიწისქვეშელები".

ისე კი, კერუაკს სინამდვილეში არც ჯეკი ერქვა და არც ჯონი. ინგლისურიც არ იცოდა 6 წლამდე და მისი სრული სახელი იყო: ჟან-ლუი ლებრი დე კერუაკი. მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ლოუელში კი დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები კანადური კვებეკიდან გადმოსახლებული სამუშაოს მაძიებლები იყვნენ და ამიტომ მათი მესამე შვილიც სკოლაში წასვლამდე მხოლოდ ჟუალზე - ფრანგული ენის კვებეკურ დიალექტზე საუბრობდა. 6 წლისამ დაიწყო ინგლისურის შესწავლა და სკოლაში წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ეს უცებ ნასწავლი ინგლისურის კი არა, მისი ფიზიკური შესაძლებლობების დამსახურება იყო: სკოლის საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავად იქცა და ე. წ. სპორტული სტიპენდიაც მოიპოვა. ასეთივე სტიპენდიის წყალობით მოხვდა კოლუმბიის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, თუმცა, იქ მისი სპორტული კარიერა მალე დასრულდა - ფეხი მოიტეხა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფორმა ვერ აღიდგინა და მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებდა. ამის გამო ხშირად ჰქონდა მასთან უსიამოვნება და შედეგად ის მიიღო, რომ სტიპენდია შეუწყვიტეს და იძულებული შეიქნა, უნივერსიტეტი მიეტოვებინა.

სამაგიეროდ, იმ ორ წელიწადში დაუახლოვდა ზემოხსენებულ იმ ადამიანებს (კესიდი, ბეროუზი, გინზბერგი), რომლებთან ერთადაც მთელი მსოფლიო მოიარა და ამ მოგზაურობის შედეგებით აუწონელი წილი შეიტანა ლიტერატურის საგანძურში. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო ნილ კესიდი. თვითონ არ წერდა (თუ არ ჩავთვლით, სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ ნოველას), მაგრამ "ბიტნიკი" მწერლებისთვის ყველაზე "საჭირო კაცი" გახლდათ: კერუაკის რომანში "მთავარ როლში თამაშის" შემდეგ კესიდი ბევრი ნაწარმოების პერსონაჟის პროტოტიპად მოგვევლინა. ამიტომაც მას "მსოფლიოში ცნობილ პროტოტიპს" ან "პროფესიონალ პროტოტიპსაც" უწოდებდნენ.

რაც შეეხება "მიწისქვეშელებს": პუნქტუაციისა და ორთოგრაფიის უცნაურობამ, უცნაურობამ კი არა, თითქმის არარსებობამ, არ შეგაშფოთოთ - ეს კერუაკია, მაგრამ უფრო მეტად უცნაური თვით რომანია, რომელიც "ნაკლებად ჰგავს" კერუაკს: ლეოს შავკანიანი გოგონა მარდუ უყვარს და 300 გვერდზე მეტი ამ სიყვარულით, მისგან გამოწვეული ეჭვიანობით, იმედითა და მსჯელობებით არის შევსებული. ხომ არ გაგიქრათ ინტერესი? მერწმუნეთ, სულ ტყუილად - ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც სიყვარულის შესახებ დაწერილა.

აი, "დიდი სური" კი ნამდვილი კერუაკია! - რეალური საფრთხე იმისა, რომ მკითხველს დარდმა დარიოს ხელი.

დიდი სური ულამაზესი სანაპიროა კალიფორნიაში, მაგრამ მისი სილამაზე და სიმშვიდეც ვერ სცემს ჯეკს პასუხს მთავარ კითხვებზე და მკითხველიც მასთან ერთად აწყდება ამ მიკროსამყაროს კედლებს: ხან ტყეში გაურბის ცივილიზაციას; ხან მეგობრებსაც იქით ექაჩება; ხან თავს იტყუებს, რომ ბედნიერია, რადგან გზად შეხვედრილი ოჯახისთავის - ცოლის მორჩილი კაცის მსგავსი არ არის... ცხადია, როგორც სხვა რომანების უმეტესობა, "დიდი სურიც" ავტობიოგრაფიაა: მეგობარმა პოეტმა, ლოურენს ფერლინეტიმ, უკვე გალოთებულ და ღვიძლდაშლილ კერუაკს შესთავაზა, მასთან ერთად ჯანმრთელი ცხოვრებით ეცხოვრა დიდი სურის სანაპიროზე. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და მოგზაურობა სამ კვირაში სან-ფრანცისკოს ბარებში გაგრძელდა. სამაგიეროდ,

მივიღეთ რომანი, რომელსაც ვერ მოსწყდებით და თუკი ემოციური ადამიანი ბრძანდებით და კარგი ლიტერატურა თქვენზე მძაფრად მოქმედებს, კარგა ხანს ვერ იქნებით ხასიათზე. ამ "შავ იუმორში" სიმართლის დიდი წილია, მაგრამ ნამდვილი მკითხველი მაინც კმაყოფილი დარჩება - ამ წიგნში შესული ორივე რომანი ნამდვილი შედევრია.