"გიო დედისერთა იყო და მამაც 5 თვის წინ დაეღუპა..." – ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შემზარავი დეტალები - კვირის პალიტრა

"გიო დედისერთა იყო და მამაც 5 თვის წინ დაეღუპა..." – ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შემზარავი დეტალები

"მამის დაღუპვის შემდეგ გიორგი და დედა მარტონი დარჩნენ და ამ ტრაგედიის გამო, ერთმანეთს ანუგეშებდნენ"

ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გიორგი ჩხარტიშვილის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. BMჭ-ს მარკის ავტომანქანაში, ოთხი ახალგაზრდა იჯდა... დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მანქანის მძღოლი, 23 წლის გიორგი ჩხარტიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, - დანარჩენი სამი ახალგაზრდა უვნებლად გადარჩა.

დათა, გიორგი ჩხარტიშვილის ახლობელი:

- მადლობა ღმერთს, ის სამი უვნებლად გადარჩა, ნაკაწრიც არ აქვთ... თვითმხილველების თქმით, სწრაფად მომავალი მანქანა დაახლოებით 50 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ, ადგილზე დატრიალდა, კვალში გადავარდა და ხის კუნძს წამოედო, რის შემდეგაც ამოტრიალდა, სრული ბრუნი გააკეთა და რკინის ღობეს დაენარცხა. მერე ამოტრიალებული მანქანა იქვე მდებარე გაზის მილს დაეხეთქა. დაცემის კვალი მილსაც ეტყობა... გიორგი ადგილზევე გარდაიცვალა. დაცემისგან თავის ქალის მრავლობითი დაჟეჟილობა და ფუძის მოტეხილობა მიიღო. ძალიან დასახიჩრებულია, თავი სულ დანაწევრებული აქვს, როგორც თქვეს...

- ითქვა, რომ დედისერთაა...

- დიახ, დედისერთაა. მამა 5 თვის წინ დაეღუპა. ბატონი ზურაბი, საოცრად კარგი ადამიანი იყო, მთელი ქუჩის საიმედო. უცებ დაიღუპა... მამის დაღუპვის შემდეგ გიორგი და დედა მარტონი დარჩნენ და ამ ტრაგედიის გამო, ერთმანეთს ანუგეშებდნენ. ამიტომაც ვიწვით დედამისის საცოდაობით. ცოცხალ-მკვდარია... დედა მუსიკოსი ჰყავს, ლანჩხუთის მუსიკალურ სკოლაში ასწავლის. ისე მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ასე მგონია, სიზმარში ვარ, საშინელ სიზმარში. 23 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი. წლების განმავლობაში ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ "მხედრებში" ცეკვავდა. ამიტომ დაბადების დღესა და ნებისმიერ სუფრაზე, მისი ყოფნა ნამდვილი დღესასწაული იყო. სულ კარგ ხასიათზე იყო, ყველას მხიარული და სიცოცხლით სავსე გვახსოვს.

13:32:11

- არა, სხვისი მანქანა იყო, გიორგის მანქანა არ ჰყავდა, მაგრამ იგივე მანქანით რამდენიმე დღის წინაც ვნახე. საერთოდ აქტიური ცხოვრება უყვარდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)