"გამწარებული ბიჭი მხოლოდ ამას ყვიროდა ინგლისურად - I am french - მე ფრანგი ვარო" - კვირის პალიტრა

"გამწარებული ბიჭი მხოლოდ ამას ყვიროდა ინგლისურად - I am french - მე ფრანგი ვარო"

"ქართული ტოლერანტობა" მხოლოდ ლამაზი სიტყვებია..."

"ეს ორანგუტანგიც რომ პიჯაკში გამოწყობილა, ჭირი უნდა გაგვივრცელოს, რადგან ჩვენი ამოხოცვა უნდათო"

"ფერადკანიანის გვერდით მგზავრობას მის გვერდით მსხდომნი, ფეხზე დგომას, ან სამარშუტო ტაქსის დატოვებას არჩევენ."

მწერალმა ლელა კოდალაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის შეესწრო ფერადკანიანი ადამიანის ჩაგვრის ფაქტს. ჩვენ დავუკავშირდით მას და ამ ფაქტის დეტალების გახსენება ვთხოვეთ:

- ყაზბეგის გამზირზე მიმავალი ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საკმაოდ სოლიდურად იყო ჩაცმული. მან გადმოვარდნისას ცხვირი ასფალტს დაარტყა. სამწუხაროდ ამ ფაქტმა ისე დამაბნია, რომ ავტობუსის ნომერი ვეღარ დავინახე. ავტობუსი, გაჩერებაზე ოდნავ წინ იყო, შუქნიშანთან ახლოს, ვერ გეტყვით, შუქნიშანზე წითელი იყო ანთებული და იმიტომ გაჩერდა, თუ მძღოლმა სპეციალურად გააჩერა, რათა ეს ადამიანი ჩამოეგდოთ ავტობუსიდან. გამწარებული ბიჭი მხოლოდ ამას ყვიროდა ინგლისურად -I am french - მე ფრანგი ვარო. ამის გამო მე გამიჩნდა ეჭვი, რომ ის ავტობუსის მგზავრებმა ებოლას ვირუსის მატარებლად აღიქვეს და სწორედ ამიტომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან. მასთან ერთად ვიღაც მგზავრიც ჩამოვიდა ავტობუსიდან, ასაკოვანი ქალი იყო, ამ ბიჭს საოცარი ზიზღით უყურებდა და ამბობდა - ეს ორანგუტანგიც რომ პიჯაკში გამოწყობილა, ჭირი უნდა გაგვივრცელოს, რადგან ჩვენი ამოხოცვა უნდათო. შემაშფოთებელია, რომ ფერადკანიანის გვერდით მგზავრობას მის გვერდით მსხდომნი ფეხზე დგომას ან სამარშუტო ტაქსის დატოვებას არჩევენ.

- ყველა ამბობს, რომ ქართველები ტოლერანტი ერი ვართ, ქართული ტოლერანტობა დეგრადაციას ხომ არ განიცდის?

- მე ვფიქრობ "ქართული ტოლერანტობა" ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, რომელიც მეტწილად ისე ვლინდება, როგორც ამ შემთხვევაში. მარტო შავკანიანების მიმართ ვერ ვიტყვით ამას, ზოგადად გვახასიათებს ზიზღი სხვა რელიგიის მოქალაქეების მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები, სომხები, აზერბაიჯანლები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენ მაინც გვახასიათებს გამოხტომები ნაციონალური ნიშნით. რელიგიური ნიშნითაც ხდება აგრესიის გამოხატვა, რისი მაგალითიცაა ღორის თავის მიჭედება მეჩეთზე და მინარეთის ჩამონგრევა.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- მე როგორც მოქალაქე და ლიტერატორი, ვცდილობ, რომ ვიბრძოლო იმ ფორმით რითაც ვიბრძვი - სიტყვით, რადგან მე სხვა იარაღი არ გამაჩნია. გამოსავალი იქნება, თუ ერთმანეთს გავუზიარებთ ასეთ ფაქტებს და დავგმობთ. ერთი ადამიანი მეორეს მოუყვება, მეორე მესამეს და ასე გავრცელდება ეს და ყველა გაიგებს ამ მართლაც ამაზრზენი ფაქტის შესახებ, ყველა დაგმობს ამას და ეს ერთგვარი პრევენცია იქნება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)