როგორ "შაიქმნა" მანქანა "ჩაჩო" – სოფლის მშვენება და სიამაყე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

როგორ "შაიქმნა" მანქანა "ჩაჩო" – სოფლის მშვენება და სიამაყე (ექსკლუზივი)

"რომ დავქოქეთ, კარგი კახური "მაღარიჩიც" ვიკისრე და განხვავებულით დაილია "ჩაჩოს" სადღეგრძელო"

"ზილის" კაბინებისაგან გავაკეთე. სულ 5 კაბინა გამოვიყენე, ერთმანეთზე შევადუღე და ასე იშვა "ჩაჩოც"

სიღნაღის რაიონის სოფ. მაღაროში ჩასულ სტუმარს მასპინძელი მთავარ ღირსშესანიშნაობას - სოფლის მშვენებას და სიამაყეს, "ჩაჩოს" ანახებს ხოლმე. "ჩაჩო" დიდი ხანი არაა, რაც სოფლის მკვიდრი გახდა, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულია. "ჩაჩოს" შესახებ მისი "შამქმნელი", შალვა ყანდიაშვილი გვიამბობს:

"ბავშვობიდან მინდოდა, საკუთარი ხელით აწყობილი მანქანა მყოლოდა. ჯერ ხიდები გავაკეთე, მერე ძარა, ამის მერე კაბინაზე დავიწყე ფიქრი და "ზილის" კაბინებისაგან გავაკეთე. სულ 5 კაბინა გამოვიყენე, ერთმანეთზე შევადუღე და ასე იშვა "ჩაჩოც". ყოველთვის მინდოდა მყოლოდა განსხვავებული ავტომობილი, რომელიც ყველას მოეწონებოდა".

ნაწილების უმეტესობა შალვა ძიამ იყიდა, თუმცა ზოგი აჩუქეს კიდეც – მანქანის კეთებას წელიწადნახევარი მოუნდა – ძირითადად იმის გამო, რომ რეგისტრაციის და ლიცენზირების პროცესმა, როგორც თვითონ ამბობს, "საქმე გაუჭირა":

"თბილისში მითხრეს, რომ ლიცენზიის გაცემა შეჩერებულიაო, ქუთაისში 2.5 ტონზე მეტი სიმძიმის მანქანებზე ლიცენზიას ჩვენ ვერ გავცემთო, ამან გული გამიტეხა და ერთი ხანობა საერთოდ შევეშვი კეთებას. საბოლოოდ მეგობრების და ახლობლების თხოვნით დავასრულე, თუმცა ახლაც არ აქვს მანქანას რეგისტრაცია გავლილი. არადა მართლა კარგი მანქანაა, სრული გამტარუნარიანია. ერთი ბორბალიც რომ იდოს მიწაზე, მანქანას მაინც შეუძლია სიარული, არც საწვავს წვავს ძალიან ბევრს. სახურავზე ლუქი აყენია."

საერთო ჯამში მართლა კარგი მანქანააო, ალალად გვეუბნება და არც იმას მალავს, რომ მანქანის აწყობა დაახლოებით 10 000 დოლარი დაუჯდა. დიდი იმედი აქვს, რომ მისი მანქანით დაინტერესდებიან, და "ეგება სერიული წარმოებაც დაინერგოს-მეთქი, მაგრამ ამ რეგისტრაციის პროცესმა ისე გამიტეხა გული რომა, ამის დასრულებაც აღარა მინდოდა". ახლა გამოფენაზე მიყავს, რათა პოტენციურ კლიენტებს აჩვენოს.

რაც შეეხება უჩვეულო სახელს, მანქანა შალვა ძიას პაპის სეხნიაა:

- ჩემს დიდ პაპას ერქვა "ჩაჩო" და იმიტომ დავარქვი ამასაც. როგორც ყველა ქალაქს აქვს თავის ინდექსი, ისე გვაქვს ჩვენს ოჯახს სოფელში ინდექსი და "ჩაჩოანებს" გვეძახიან. მომავალში როცა რეგისტრაციას გავივლი, შეიძლება სახელი შევუცვალო კიდეც" – გვეუბნება "ჩაჩოს" პატრონი, რომელიც მას შემდეგ, რაც მის "პირმშოს" სახელი გაუვარდა, სტუმრებს ვეღარ აუდის:

"ქალაქიდან თუ ვინმე მონადირე ჩამოვა ან სოფელში სტუმარი ეყოლება ვინმეს, ყველას ჩემთან მოყავს და ჩემს მანქანას აჩვენებენ. სხვათაშორის, მონადირეებისთვის და მეთევზეებისთვის მართლაც მისწრებაა ეს მანქანა. ბევრი გულშემატკივარი მყავს და აწყობის პროცესში მუდამ გვერდით მიდგნენ, ჰოდა, რომ დავქოქეთ, კარგი კახური "მაღარიჩიც" ვიკისრე და განხვავებულით დაილია "ჩაჩოს" სადღეგრძელო".

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)