"ლეკვი პირს რომ აღებდა, ბიჭები ბოთლით არაყს ასხამდნენ" - კვირის პალიტრა

"ლეკვი პირს რომ აღებდა, ბიჭები ბოთლით არაყს ასხამდნენ"

"ლეკვი პირს რომ აღებდა, ბიჭები ბოთლით არაყს ასხამდნენ."

"ფეხზე ვერ დგებოდა. არ ვიცი, არყით იყო გაბრუებული თუ დაბრმავდა კიდეც, თვალებიდან ცრემლები სდიოდა."

"პასუხი არც გაუციათ, შორიდან მიყურებდნენ რას გავაკეთებდი."

სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრების" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ რუსთავში სამმა ახალგაზრდამ ლეკვი სასტიკად სცემა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. როგორც გაირკვა, პატარა ლეკვი მიყენებული ტრავმებისგან მოკვდა... აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად ორგანიზაციამ უკვე მიმართა რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსს. მათივე ცნობით, ფაქტზე აღძრულია საქმე, დაიკითხნენ ახალგაზრდები, ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან. ეს ცხოველზე ძალადობის ერთადერთი ფაქტი არ არის. ჩვენ გავესაუბრეთ ჟურნალისტ მარი ჯაფარიძეს.

- დილას, რუსთავში პროფილაქტიკაში მივდიოდი და ქუჩის მხარეს, ლეკვის თავგანწირული წკმუტუნი შემომესმა. რომ მივიუახლოვდი, შევამჩნიე, სამ ახალგაზრდა მამაკაცს, პატარა ლეკვი ჰყავდათ დაჭერილი, ლეკვი თავს აქეთ ატრიალებდა და წკმუტუნებდა. პირს რომ აღებდა, ბიჭები ბოთლით არაყს ასხამდნენ. თან ბოთლი საკმაოდ მაღლა, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ეჭირათ და საცოდავ ცხოველს მთელ სხეულზე ესხმებოდა სასმელი და ადამიანივით ტიროდა.

- რა ასაკის იყვნენ მამაკაცები?

- 30 წლამდე, ვითომ ნორმალურად რომ უნდა აზროვნებდნენ ის ასაკი ჰქონდათ. ლეკვი მთლიანად სველი იყო და კანკალებდა... ამ სურათის დანახვაზე, სხვას შეიძლება ჯერ ფოტო გადაეღო და მერე მივარდნოდა მათ, მაგრამ ძაღლები ძალიან მიყვარს და არც ფოტო გამხსენებია და არც ვიდეო, გადამეკეტა გონება დაგავლანძღე ისინი და პასუხი არც გაუციათ, შორიდან მიყურებდნენ რას გავაკეთებდი.

- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ?

- არა, არ იყვნენ ნასვამები. თან დილა იყო, ასე 9 საათი... პროფილაქტიკაში ხალხი, მუშები და ალბათ მანქანის პატრონებიც კი იყვნენ, მაგრამ ის ადგილი ცოტა მოშორებით არის, თან ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და ესენი არავის შეუმჩნევია... ერთი სიტყვით, უბრალოდ ლეკვს შეეშვნენ. თავიდან ბოლომდე სველი ლეკვი წამოვაყენე, მაგრამ ბარბაცებდა, ფეხზე ვერ დგებოდა. არ ვიცი, არყით იყო გაბრუებული თუ დაბრმავდა კიდეც, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ვერ ხედავდა... პროფილაქტიკამდე ხელით მივიყვანე და დანარჩენ ლეკვებთან დავსვი. იქვე პური იყო დაფშვნილი, სუნზე მივიდა და ჭამა დაიწყო...

- პროფილაქტიკის თანამშრომლები იმ სამ ახალგაზრდას არ იცნობდნენ?

- არ ვიცი, სავარაუდოდ, არა. შესაძლოა, კლიენტები იყვნენ და მანქანის გაკეთებას ელოდებოდნენ... შემდეგ ერთ-ერთმა ხელოსანმა მითხრა, რომ ის ძაღლი, ანუ ლეკვის დედა შეჩვეული ჰყავდათ და საჭმელს აჭმევდა. როდესაც აღშფოთებულმა ეს ამბავი მოვუყევი, თავადაც ძალიან გაბრაზდა, იქ დაახლოებით ნახევარი საათი მომიწია ყოფნა და როდესაც გამოვედი ის "დიდი ადამიანები" იქ აღარ დამხვედრიან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)