შალომ, ბატონო ოთარ... ლეგენდარული "ილუზიონის" ავტორი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

შალომ, ბატონო ოთარ... ლეგენდარული "ილუზიონის" ავტორი გარდაიცვალა

"უნდა გენახათ თვალებში ვარსკვლავები როგორ აუციმციმდებოდა ხოლმე, როცა კი საქართველოზე საუბარს დავიწყებდით"

”საქართველოდან ჩურჩხელები ჩამოუტანეს, იცით, რამდენ ხანს ყნოსავდა, საქართველოს სურნელს ეძებდა."

"მკრთალად განათებულ ინტერიერში, მეწამულფერ სავარძელში იჯდა ნაცრისფერპიჯაკიანი, კინემატოგრაფზე შეყვარებული ადამიანი და მაყურებელს მშვიდი საუბრით იმ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებდა," საიდანაც თავისუფლების სიოც უბერავდა...

ლეგენდარული გადაცემა "ილუზიონის" ავტორი და წამყვანი, კინომცოდნე, ოთარ სეფიაშვილი 84 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ჩემ თაობას საბჭოთა ბავშვობაში ტელეკრანზე თუ რამ უნახავს ღირებული, რამაც თოთოეული ჩვენგანის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ეს უპირველსად გადაცემა ”ილუზიონია”, რომელიც პირველად ეთერში 1981 წლის 1 იანვარს ეთერში საკმაოდ ხმაურიანად გავიდა. გადაცემას სკანადლები არც შემდეგ მოკლებია, როგორც ამბობენ, გადაცემის დახურვა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური ტელევიზია საპროტესტო წერილებმა ლამის წალეკა, გადაცემის დახურვაზე საბოლოოდ უარი თქვეს. ოთარ სეფიაშვილი ამ გადაცემით იმ კარსაც აღებდა, საიდანაც თავისუფლების სიოც უბერავდა... ბატონ ოთარს, რომელიც ბოლო 18 წელიწადი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, ამ ქვეყანაში გამომავალი ჟურნალ "მამულის" რედაქტორ-გამომცემელი, მანუჩარ კაჭახიძე იხსენებს:

- ყველაზე მეტად თბილისში ყოფნა ენატრებოდა. უნდა გენახათ თვალებში ვარსკვლავები როგორ აუციმციმდებოდა ხოლმე, როცა კი საქართველოზე საუბარს დავიწყებდით. აი, მაშინ, ცხადად შევიგრძნობდი, რომ ნიუ-იორკის ერთ მოკრძალებულ ბინაში, თბილისური მოგონებებით ფრთშესხმული ახალგაზრდა მესაუბრებოდა და არა ცხოვრებით დაღლილი მოხუცი. სამშობლოს სურნელს ყველგან ეძებდა და პოულობდა კიდეც... საქართველოდან ჩურჩხელები ჩამოუტანეს, უნდა გენახათ რამდენ ხანს ყნოსავდა, საქართველოს სურნელს ეძებდა. ჩემთვის გაყოფილ სულგუნშიც გემოზე მეტად, სურნელმა გააგიჟა. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელებში წერდნენ, ოთართან ერთად დიდი ეპოქა დამთავრდაო. "ილუზიონი," ჩემი თაობისთვის რევოლუციური გადაცემა იყო, გადაცემა, რომელსაც ერთ ღამეში შეეძლო ადამიანის აზროვნების შეცვლა. იმას, რასაც მთავრობები ათეულ წლებს ანდომებენ, ხშირად სისხლიან გადატრიალებების ფასადაც კი, ბატონი ოთარი მარტივად თავისი კეთილი და თბილი ხმით ახერხებდა.… მკრთალად განათებულ ინტერიერში, მეწამულფერ სავარძელში იჯდა ნაცრისფერი პიჯაკიანი კინემატოგრაფზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და ტელემაყურებელს ამ ჯადოსნური სამყაროს კარს მშვიდი საუბრითა და კეთილი ღიმილით უღებდა... გადაცემის ქუდი, კოლაჟი და საოცარად შერჩეული მუსიკა კინოფილმიდან "ცის ქუხილი.” ამერიკაში რომ ჩამოვედი, ამ თექვსმეტი წლის წინ, აღმოვაჩინე, რომ ამერიკული თუ მსოფლიო კინო საბჭოთა ბავშვობაგამოვლილმა გაცილებით კარგად ვიცოდი, ვიდრე ამერიკელებმა. "ვესტსაიდური ამბავი", "შერბურგის ქოლგები", "როკო და მისი ძმები", , "ამარკორდი", "ჩოჩარა", "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში", "ოქროს ჩარჩოიანი სათვალე" და ა.შ. - ეს ის ფილმებია, რომლის შინაარსსაც გატაცებით მოგიყვებათ თბილისის ქუჩაში გაჩერებული რიგითი გამვლელი, დიდ წილად სწორედ "ილუზიონის" წყალობით.

- იქნებ, მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაიხსენოთ...

- ოთარ სეფიაშვილი დამშვიდებული წავიდა ამ ქვეყნიდან. მანამდე, ნერვიულობდა, შიშობდა, ჩემი სიმამრის დაწყებული საქმე, ვაითუ, მეც ვერ მივიყვანო ბოლომდე და ქართველ ებრაელთა ”ფიროსმანზე", შალომ კობოშვილზე წიგნი ვერ გამოვცეო. ერთი წლის წინ, როცა ავადმყოფობამ შეუტია, ბავშვივით დავტუქსე, საჭმელი უნდა ჭამო და მოძლიერდე-მეთქი. უმალ დამაწყნარა: სანამ შალომზე წიგნს არ მოვრჩები, არ მოვკვდებიო. წიგნი გამოსაცემად ამ ექვსიოდე დღის წინ გადმომცა. ფურცელზე დახატული მაკეტის ზომაც თავად შეარჩია, სურათებიც და ილუსტრაციებიც... მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან, ოღონდ თან საქართველოს მონატრება წაიღო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)