გმირის დედა - "მთავარია, რომ კაცი გავუზარდე ქვეყანას" - კვირის პალიტრა

გმირის დედა - "მთავარია, რომ კაცი გავუზარდე ქვეყანას"

"შვილის მონატრებამ შემიჭამა გული"

"ღმერთს ვმადლობ ყველაფრისთვის, მთავარია, რომ კაცი გავუზარდე ქვეყანას"

"გიორგის დედა ოცნებობდა შვილიშვილების გაზრდას და მათ ბედნიერებას მაინც შესწრებოდა, მაგრამ გულმა არ ქნა, მეტად ვეღარ გაუძლო ტკივილს..."

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკებისას, ტყვედ ჩავარდა... ცხინვალიდან გადმოსვენებული ჯარისკაცების გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დედა დიდხანს არ იჯერებდა შვილის სიკვდილს, მაგრამ... ოკუპანტებმა ინტერნეტით ქართველ ტყვეთა სადისტური მოპყრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელეს. ერთ-ერთი განსაკუთრებით უმძიმესი აღმოჩნდა, ჩანაწერში ჩანს ქართველ ტყვეთაგან ერთ-ერთს, როგორ აიძულებენ სეპარატისტები დაიჩოქოს და მიწას აკოცოს, ბიჭი მედგრად დგას, მეტრს არ ეპუება... ზოგი თავის მოჭრით ემუქრება, ზოგიც დახვრეტას უპირებს, აიძულებენ მტრის ინტერესების მიხედვით მისცეს ჩვენება, მაგრამ ჯარისკაცი არ ტყდება, გმირულად უძლებს წამებას... მტერს ეს უფრო აცოფებს, შეუბრალებლად სცემენ... სასიკვდილოდ იმეტებენ. ახლობლებმა ჯაკარიკაცში გიორგი ანწუხელიძე ამოიცნეს...

გიორგის ვაჟი ლევანი, იმჟამად მხოლოდ ათი თვის იყო, ანა კი მამის სიკვდილიდან 7 თვეში დაიბადა. გიორგის დედა ლალი ანწუხელიძე ოცნებობდა შვილიშვილების გაზრდას და მათ ბედნიერ მომავალს შესწრებოდა, მაგრამ გულმა არ ქნა, მეტად ვეღარ გაუძლო ტკივილს... ამ ორიოდე თვის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლალი ანწუხელიძე ამბობდა: "შვილის მონატრებამ შემიჭამა გულიო," სწორედ გულმა უღალატა, როდესაც შვილიშვილების სანახავად სოფლიდან თბილისში მოდიოდა. თუმცა იმავე ინტერვიუში ისიც თქვა: "მძიმედ მაქვს გული, დიაბეტიც მაქვს. შესაძლოა ჰოსპიტალიდან ცოცხალიც ვერ დავბრუნდე, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ღმერთს ვმადლობ ყველაფრისთვის, მთავარია, რომ კაცი გავუზარდე ქვეყანას." როგორც ახლობლები ამბობენ, შვილის გმირობით ამაყობდა, თუმცა მის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირდა. ლალი ანწუხელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პ.ს. ვაჟა-ფშაველა წერდა: "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა!"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)