2 წლის ვუნდერკინდის განსხვავებული ჰობი - კვირის პალიტრა

2 წლის ვუნდერკინდის განსხვავებული ჰობი

"თუ მეგობარი მეწვევა, არასდროს ვეუბნები თავისი ნიჭი წარმოაჩინოს, თუ მოუნდა, ზოგჯერ თვითონ გამობაჩუნდება და რუკაზე ქვეყნებს გვაჩვენებს"

"ჯერ თვითონ ვერც ხვდება განსაკუთრებული ნიჭი რომ აქვს, უბრალოდ თანატოლებისგან განსხვავებული ჰობი აქვს..." " "ჩემთვის მთავარია რასაც მათე გააკეთებს, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას გამოადგეს და ვინ იქნება, ამას როცა გაიზრდება თვითონ გადაწყვეტს."

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები მათე კობიაშვილის ნიჭის ამსახველი ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა. 2 წლის მათეს რუკაზე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოძებნა უშეცდომოდ შეუძლია. ასევე ცნობს დროშებსაც. პატარა ვუნდერკინდზე საუბარი მათეს მამას სოსო კობიაშვილს ვთხოვეთ:

- მათე 2 წლისაც არ იყო, ეს ნიჭი რომ აღმოაჩნდა. ერთ-ერთი წიგნის უკანა გვერდზე იყო მსოფლიოს რუკა, დაინტერესდა ეს რა არისო და ხელი დაადო კანადას, ავუხსენით, რომ ეს იყო კანადა. მერე სხვაზე იკითხა იგივე და ისიც ავუხსენით, თურმე ამ ყველაფერს იმახსოვრებდა, მალე უკვე თვითონ გვაჩვენა რომელი ქვეყანა სად იყო. ახლა უკვე, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა შეუცდომლად იცის, შესაძლოა პატარა ქალაქ-სახელმწიფოები არ იცოდეს, მაგრამ მგონი ეს გვეპატიება. მაგალითად, ბირმა და პაპუა-ახალი გვინეა ბევრ ზრდასრულს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს გაგონილი, მათე კი მათ უპრობლემოდ გაჩვენებთ რუკაზე. ჩვენ არ ვაძალებთ სწავლას, თვითონ იჩენს სურვილს, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

- ის ფაქტი, რომ თანატოლებზე მეტად განვითარებულია, მათთან ურთიერთობაში ხომ არ უშლის ხელს?

- საერთოდ არა. ჩვეულებრივ თამაშობს თავის თანატოლებთან, სიმართლე გითხრათ, ჯერ თვითონ ვერც ხვდება განსაკუთრებული ნიჭი რომ აქვს, უბრალოდ თანატოლებისგან განსხვავებული ჰობი აქვს...

- სხვა განსაკუთრებული ნიჭი თუ აქვს?

- ზოგადად ძალიან კარგი მეხსიერება აქვს. თითქმის ყველაფერს უპრობლემოდ იმახსოვრებს. შეიძლება ითქვას ყველა ქვეყნის დროშას უპრობლემოდ ცნობს, ინგლისური ანბანი იცის. სხვათაშორის, არც ჩემს და არც ჩემი მეუღლის წინაპრებს ასეთი განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონიათ

- მშობლისთვის რა განცდა, როდესაც შვილზე მთელი საქართველო ლაპარაკობს?

- არა მგონია, მთელი საქართველო ჩემს მათეზე ლაპარაკობდეს, მაგრამ თუ ვინმე ჩემს შვილზე რამეს ამბობს, ბუნებრივია ძალიან მიხარია და მეამაყება, მაგრამ არ მიყვარს ჩემი შვილს წარმოჩინება. მაგალითად, თუ მეგობარი მეწვევა, არასდროს ვეუბნები თავისი ნიჭი წარმოაჩინოს, თუ მოუნდა, ზოგჯერ თვითონ გამობაჩუნდება და რუკაზე ქვეყნებს გვაჩვენებს ხოლმე.

- რომელიმე ქვეყანა თუ უყვარს გამორჩეულად?

- კანადა, ალბათ იმიტომ რომ პირველი სწორედ კანადით დაიწყო რუკასთან ურთიერთობა.უნდა მოგზაური გამოვიდეს და ყველა ის ქვეყანა ნახოს, რომელიც რუკაზე აქვს ნანახი. კიდევ ეიფელის კოშკის ნახვა უნდა ძალიან. სიმართლე გითხრათ არასოდეს მიფიქრია ვინ იქნება მათე მომავალში. ჩემთვის მთავარია რასაც მათე გააკეთებს, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას გამოადგეს და ვინ იქნება, ამას როცა გაიზრდება თვითონ გადაწყვეტს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)