ვინ არის ჰოლივუდში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ქართველი - კვირის პალიტრა

ვინ არის ჰოლივუდში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ქართველი

"იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს... როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხდები, მერე ყველაფერი იოლი გეჩვენება და ბევრი კომპანიისგან შემოთავაზებასაც იღებ."

"უფრო შორეულ მომავალში კი საქართველოში დავბრუნდები და იქიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას"

"ჩემი წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლაა, ასევე მნიშვნელოვანია შენი საქმიანობის სწორი შეფასება და ანალიზი შეგეძლოს, რათა საკუთარი მიმართულებიდან არ გადაუხვიო."

გაიცანით ჰოლივუდში მოღვაწე ყველაზე წარმატებული კომპიუტერული გრაფიკის ქართველი ოსტატი, ვალ ( იგივე ვალერი) ხარიტონაშვილი, რომელმაც სახელი მსოფლიოში ცნობილ, ისეთ შედევრებზე მუშაობით გაითქვა, როგორებიცაა: "კარიბის ზღვის მეკობრეები", "შრეკი 2012", "მისის და მისტერ სმიტები", "პის ცხოვრება" და სხვა მრავალი ცნობილი ფილმი. 15 წლის წინა ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დოლარით ჩასულმა ბიჭმა წარმატებისკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა. სამგანზომილებიანი გამოსახულების გენერალისტი ინტერვიუში მოგვითხრობს თავის საინტერესო და ამასთანავე დაბრკოლებებით სავსე გზაზე.

- როდის და როგორ დაინტერესდით ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სამყაროთი?

- ჯერ კიდე სკოლაში სწავლისას, სკამაოდ პატარა გამიტაცა პერსონაჟების ხატვამ. ძალიან მინდოდა ეს ნახატები რამენაირად ამემოძრავებინა, მინდოდა, ამხტარიყვნენ-დამხტარიყვნენ, ერბინათ. დედამ თბილისის კინოსტუდიაში მიმიყვანა, სადაც ნახატების ამოძრავებას მასწავლიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.

- იმ დროისთვის საქართველოში ეს სფერო როგორ იყო განვითარებული?

- ნახატი ანიმაციები იქმნებოდა, თუმცა კომპიუტერი და მით უფრო, მისი დახმარებით სამგანზომილებიანი გრაფიკების შექნმა, ჯერ კიდე უცხო ხილი იყო. სამოქალაქო ომის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების გამო, ანიმაციის განვითარებისთვის არავის ეცალა. ადამიანები გამუდმებით ყოფითი პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ, უშუქობა, უწყლობა... მოკლედ, გაუსაძლისი პირობები იყო.

- თქვენ გიმუშავიათ ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Sony Pictures, Industrial Light and Magic (a division of Lucas film), Digital Domain and DreamWorks. რამდენად რთული იყო წარმატების მიღწევა?

- ერთდროულად რთულიც იყო და საინტერესოც. მეტად სახალისო აღმოჩნდა ანიმაციის შესაქმენლად კომპიუტერული პროგრამების გამოყენების სწავლა. მოგეხსენებათ, იმ დროს ინტერნეტი არ იყო განვითარებული , შესაბამისად, გაკვეთილების ან თუნდაც ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელი იყო. ამ სფეროს შესახებ ერთი-ორი წიგნი თუ იშოვებოდა და ეგეც ინგლისურად, მე კი იმ დროს არც ინგლისური ვიცოდი და არც კომპიუტერის გამოყენება. ერთი სიტყვით, დაწყება საკმაოდ რთული იყო... მით უფრო მაშინ, როდესაც თავიდან არასოდეს იცი, რა შედეგს მიიღებ. იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა, როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხდები, მერე ყველაფერი იოლი გეჩვენება და ბევრი კომპანიისგან შემოთავაზებასაც იღებ.

- ბევრ ცნობილ და ოსკარზე ნომინირებულ ფილმებზე მოგიწიათ მუშაობა, თქვენთვის რომელ ფილმზე მუშაობა იყო ყველაზე საინტერესო და ამასთანავე, რთული?

- ჩემთვის თითოეულ ფილმზე მუშაობა საინტერესოა. ყოველთვის ვცდილობდი, განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის მიზნით, სამსახური ხშირად გამომეცვალა და ისეთ სტუდიებში მემუშავა, სადაც, ჩემი აზრით, საინტერესო ფილმებს იღებდნენ. სირთულეს რაც შეეხება, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მოცემულ ვადებში ვერ ვეტევი და დრო შეზღუდულია. ამიტომ ყველაფრის თავიდანვე კარგად და დეტალურად დაგეგმვაა საჭირო.

- თუ შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ თქვენი სამომავლო გეგმები?

- ახლო მომავალში ვგეგმავ ჰოლივუდში ფილმებზე მუშაობას თავი დავანებო და სხვა ქალაქში, მაგალითად, საცხოვრებლად ნიუ იორკში ან ვაშინგტონში გადავიდე. ვაპირებ, პატარა მოცულობის მობილური ჯგუფები შევქმნა და საკუთარ პროექტებზე დავიწყო მუშაობა. შემდეგ კი ეს საქმე უფრო განვავითარო და გავზარდო. ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი საქართველოში დავბრუნდები და იქიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას.

- რას ურჩევთ დამწყებ და მომავალ ანიმატორებს? რა არი თქვენი წარმატების საიდუმლო?

- ჩემი წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლაა, ასევე მნიშვნელოვანია შენი საქმიანობის სწორი შეფასება და ანალიზი შეგეძლოს, რათა საკუთარი მიმართულებიდან არ გადაუხვიო.

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია