"შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას..." -სიმღერა, რომელსაც მორიგი დაპირსპირება მოჰყვა - კვირის პალიტრა

"შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას..." -სიმღერა, რომელსაც მორიგი დაპირსპირება მოჰყვა

"ეს დეისაძეები, ბურჭულაძეები და ქარუმიძეები თქვენ არ გაშფოთებთ?"

"ერეკლეს სიმღერა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ დღეს აუდიტორიაში მსხდომი მორალისტი ციციკორეები ზუსტად მოერგნენ ყველა იმ სტერეოტიპს, რასაც ერეკლე დასცინოდა სიმღერაში."

"უკეთესი იქნება, პური მეპურემ გამოაცხოს და წიგნზე ლიტერატურათმცოდნეებმა ისაუბრონ და არა რქიანმა ჰომოერექტუსებმა. "

"საქართველო უკვე დაიღუპა ძალიან ბევრჯერ. პირველად მაშინ როცა დავიბადე და ერთმანეთს ავტომატებით ხოცავდით მამების თაობა რუსთაველზე..."

"სასწაულს ელი, როგორც მამას უნდა,

სამშობლო გესმის, როგორც მამას უნდა,

დახოცავ ყველას, ვინც მამას უნდა,

არ მისმენ მე, რადგან მამას არ უნდა.

ენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას..." -ეს არის ამონარიდი ერეკლე დეისაძის იმ სიმღერის ტექსტიდან, რომელსაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სხვა რაკურსი" აურზაური მოჰყვა. სიმღერა განსაკუთრებულად გააპროტესტეს გივი სიხარულიძემ და ბესო ჩუბინიძემ. პასუხად ერეკლე დეისაძემ განაცხადა: "საქართველო იმით კი არ იღუპება, რომ ვიღაც ბურჭულაძე, თუ დეისაძე და ბუღაძე ამეებს დაწერენ.. პრობლემა სხვა რამეშია... საქართველო უკვე დაიღუპა ძალიან ბევრჯერ. პირველად მაშინ როცა დავიბადე და ერთმანეთს ავტომატებით ხოცავდით მამების თაობა რუსთაველზე... არავის პირადად არ ვეხები, მაგრამ ფონს გეუბნებით სად გავიზარდე. ჯერ ერთმანეთს ხოცავდით ქართველები რუსთაველზე, მერე იქედან მოყოლებული ორი ომი, რევოლუციები, კოშმარი და... ახლა აქ ვიღაცები, სხედან და ამგვარი რეაქციით - საქართველო იღუპება! ავტომატი მაინც არ გვისვრია ჩვენ და თქვენი შეცდომების გამო ჩემმა თაობამ 2008-ში ისროლა უკვე!"

დავინტერესდით, რამ აღაშფოთა გივი სიხარულიძე:

-საოცარია, მეკითხებით კიდევაც, თუ რამ გამოიწვია ჩემი აღშფოთება? - ეს დეისაძეები, ბურჭულაძეები და ქარუმიძეები თქვენ არ გაშფოთებთ? რომ წერენ დედაჩემთან მინდებაო?! ვუსამძიმრებ ამათ მშობლებს და ჩვენს თავსაც, იმიტომ რომ ესენი საქართველოს შვილებიც არიან. საქართველოს თუ ეგეთი შვილები ჰყავს, მთელმა მსოფლიომ უნდა მოგვისამძიმროს... საქართველო აღარ არსებობს თუ აქ ასე აზროვნებენ!

-თანამედროვე მსოფლიო მწერლობას ეცნობით? დღეს ძალიან თამამი ტექსტები იწერება...

-თამამი მწერლობა აგებულია გახწნილობაზე და გათახსირებულობაზე... შეუძლიათ დაწერონ -ჩინელებმა, გერმანელებმა, ნიგერიელებმა, ამერიკელებმა და სხვებმა... ჩვენ ქართველები მცირერიცხოვანი ერი ვართ და მხოლოდ ზნეობა და პატიოსნება გადაგვარჩენს. ჩვენ გმირები გვყავს, ამ გმირებით უნდა ვიამაყოთ და არა დეისაძეებით, ჭიაღუა ჭიაბერაშვილებით და ბურჭულაძეებით. ისინი გამოგონილი მწერლები არიან. საერთოდ უნდათ გახრწნან მცირერიცხოვანი ქვეყნები, მაგრამ საქართველოს გახრწნას ვერცერთი ქვეყანა ვერ მოესწრება! საქართველოში ჯერ კიდევ არიან ქალები და კაცები, რომლებიც ქართულად აზროვნებენ... როდესაც გერმანიაში მინისტრი კაცი კაცზე გათხოვდა და კანცლერმა –ანგელა მერკელმა მსოფლიოს დასანახავად მიულოცა, მაშინ ვთქვი, რა უფლება აქვს, აწი, მერკელს თავის ქვეყანაში ვინმეს მორალზე რამე მიუთითოს-მეთქი. ღმერთის წინააღმდეგ წასული ადამიანი მორალზე არ უნდა საუბრობდეს! ჩემთვის მთელი ევროპა უკვე გახრწნილების ზღუდედ გადაიქცა! მათი პარადები მეზიზღება... მე არ ვარ ფრთიანი ანგელოზი, გივი სიხარულიძეს ყველაფერი უნახია ამ ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ჩემი ეროვნული ღირსება ყველაზე მაღლა დგას!

მომხდარს საზოგადოების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პოეტმა და ლიტერატორმა პაატა შამუგიამ საკუთარ "ფესიბუქგვერდზე" დაწერა: "ეკომ ბოლოსკენ მასტერკლასი ჩაატარა აქვე, ყოველი შემთხვევისთვის, ვინმე ბესო ჩუბინიძის დედას შ....ი და გივიას არ შევაგინებ, ისიც ეყოფა, მარაზმატიკი .... როა. ძაან გავბრაზდი ამ მორალისტი ფარისევლების ყრილობაზე, პერსონაჟი და ავტორი რო ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან".

პაატა შამუგია:

-საერთოდ, არ მიყვარს საჯაროდ გინება (ფეისბუკიც საჯარო სივრცეა, რახანია), მაგრამ ასეთი სიტუაციებზე მაზიდებს. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა ბესიკ ჩუბინიძე და არც მაინტერესებს, მაგრამ რაც მან თქვა, იდიოტურთან ერთად, მანიაკურიც იყო. ისეთი სიამოვნებით, დაგემოვნებით, ნება-ნება, გამოზოგვით ამბობდა, ასეთი რამე რომ დაწეროს ჩემმა შვილმა, კბილებს ჩამოვუღებო, რომ მემგონი, შვილი დროზე უნდა გაარიდონ ასეთ მამას. მერე ისიც დაამატა, "ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას ვუზამო." ასე მგონია, ეს ადამიანი პირდაპირ შუა საუკუნეებიდან გამოიძახეს. ასეთი ადამიანის ტვინში განათლებას უჭირს ფეხის მოკიდება, ისხლეტს. ერეკლეს სიმღერა "რაც მამას უნდა" იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ დღეს აუდიტორიაში მსხდომი მორალისტი ციციკორეები ზუსტად მოერგნენ ყველა იმ სტერეოტიპს, რასაც ერეკლე დასცინოდა სიმღერაში. საერთოდ, გაუნათლებლობა იმდენად საშიში არაა, რამდენადაც ის, რომ გაუნათლებელი ადამიანი განმანათლებლის მანტიას მოიგდებს მხრებზე და სხვებს ასწავლის ცხოვრების წესს. ეს საშიში მოვლენაა და ყველა უნდა შეეწინააღმდეგოს. როდესაც ავტორის მიერ აღწერილი პერსონაჟი ავტორისავე სურვილების განმახორციელებელი ჰგონიათ, ეს პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კულტურული კოდები პირდაპირ გვესმის და ინტერპრეტაციის ძალა არა გვაქვს. რამდენიმე მაგალითს გეტყვით: გაიხსენეთ, დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი", სადაც პერსონაჟი რასკოლნიკოვი აუღელვებლად, ნაჯახით ანაკუწებს მოხუც ქალს. გადაცემაში მონაწილე ორი "რეცენზენტის" აზრით, დოსტოევსკიც პირსისხლიანი მანიაკი გამოდის.ნობელიანტი მწერალი გიუნტერ გრასი თავის საკულტო რომანში "თუნუქის დოლი" აღწერს ასეთ სიტუაციას: პერსონაჟი, სახელად ოსკარი, რამდენჯერაც მიდის იესოს ქანდაკებასთან, იმდენჯერ ერექცია ემართება. კიდევ კარგი, ვინმე ჩუბინიძე და სიხარულიძე წიგნებს იშვიათად კითხულობენ, თორემ გიუნტერ გრასს, სავარაუდოდ, სექსუალურ მანიაკად შერაცხავდნენ და შეიძლება, კბილებიც ჩამოეღოთ მისთვის. კიდევ ერთი მაგალითი: მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მწერალმა, ცოცხალმა კლასიკოსმა უმბერტო ეკომ "პრაღის სასაფლაოში" დაწერა: "მღვდლები ხელებსაც არ იბანენ, ისე ეზიარებიან უფლის სისხლს და ხორცს, რომელსაც მერე მოფსამენ და მოჯვამენ." (ეს ფრაზა არ ამოიღოთ, სწორედ ასე უწერია ავტორს). როგორ გგონიათ, რადგან ასე დაწერა, ეს აზრები უმბერტო ეკოს პირად სურვილებად რომ გავიაზროთ და ჩავქოლოთ, სასაცილოები არ ვიქნებით?! სწორ პასუხს აქვე დავწერ სიხარულიძისთვის და ჩუბინიძისთვის: ვიქნებით, ბიჭებო, ვიქნებით! აი, ასეთი მდგომარეობაა. ეს მაგალითები კი იმიტომ მოვიტანე, რომ უკვე მართლა ყელშია ამოსული უტვინო მორალისტების ისტერიკა და გულზე მჯიღის ბრაგუნი. უკეთესი იქნება, პური მეპურემ გამოაცხოს და წიგნზე ლიტერატურათმცოდნეებმა ისაუბრონ და არა რქიანმა ჰომოერექტუსებმა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)