გერმანული წიგნი, რომელშიც ქართული სამზარეულო რუსულად გამოაცხადეს - კვირის პალიტრა

გერმანული წიგნი, რომელშიც ქართული სამზარეულო რუსულად გამოაცხადეს

"წიგნის ყდის ერთი შეხედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ გამომცემლობამ ქართული სამზარეულო სომხურ, უკრაინულ და აზერბიჯანულ სამზარეულოებთან ერთად, რუსულად მიიჩნია."

"პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ უცხოურმა გამომცემლობამ ასეთი არაკორექტული და რუსოფილური წიგნის ყდისა და წიგნში წარმოდგენილი გეორგრაფიული რუკების გამო ბოდიში მოიხადოს!!!"

"გამომცემლობამ ჯერ აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს. შემდეგ გამოცემებში კი შესწორებები უნდა შეიტანოს და წიგნი სხვა სახით გამოსცეს.""

სოციალურ ქსელ"ფეისბუქში" ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა გერმანული წიგნის ფოტო ატვირთა, წარწერით: "გერმანულმა გამომცემლობა H.F.Ullmann-მა აი ასეთი ძვირფასი წიგნი გამოსცა, რომელსაც აუცილებლად გავაპროტესტებთ!!!" წიგნის ყდის ერთი შეხედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ გამომცემლობამ ქართული სამზარეულო სომხურ, უკრაინულ და აზერბიჯანულ სამზარეულოებთან ერთად, რუსულად მიიჩნია. რასაც ცნობილი ქართველების და არა მარტო მათი დიდი აღშფოთება მოჰყვა. როგორც გაირკვა, წიგნში ასევე შეტანილია დამახინჯებული რუკა.

დეა მეტრეველი:

- ეს ფოტო ჩემმა კოლეგამ მომაწოდა და ბერლინის წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული... გაპროტესტებას ვაპირებთ ოფიციალური წერილით, ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივართ. პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ უცხოურმა გამომცემლობამ ასეთი არაკორექტული და რუსოფილური წიგნის ყდისა და წიგნში წარმოდგენილი გეორგრაფიული რუკების გამო ბოდიში მოიხადოს!!!

ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გვესაუბრა...

- გამომცემლობა, რომელმაც აღნიშნული წიგნი გამოსცა, მალევე მიხვდება, რომ მნიშვნელოვანი შეცდომაა. ქართული კულტურა არასოდეს ყოფილა რუსული კულტურის ნაწილი,შესაბამისად, რუსული სამზარეულოს ნაწილი ვერც ქართული კულინარიული კულტურა იქნებოდა. სულ რომ თავი დავანებოთ პოლიტიკურ ნაწილს, თვისობრივი თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება და აცდენილია საკვების მომზადების წესი და რაციონები... შესაბამისად, საქმე გვაქვს რაღაც ფატალურ შეცდომასთან... ვიმედოვნებ, რომ გამომცემლობა ამას უფრო მახვილი თვალით გადახედავს.

- წიგნი უკვე გამოსულია, შეცდომა როგორ შეიძლება გამოსწორდეს?

- გამომცემლობამ ჯერ აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს. შემდეგ გამოცემებში კი შესწორებები უნდა შეიტანოს და წიგნი სხვა სახით გამოსცეს.

- ჩნდება ვარაუდი, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა და რომ ეს პროექტი შეიძლება რუსეთმა დააფინანსა.

- დეტალებს არ ვიცნობ, სამწუხაროდ, მაგრამ თუ მართლაც ასეა, მაშინ კიდევ უფრო გასაგები ხდება ყველაფერი.

- საქართველოს მხრიდან რა იქნება ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი?

- გამომცემლობასს შესაბამისმა უწყებამ - კულტურის სამინისტრომ, ასევე გამომცემელთა ასოციაციამ უნდა მისწერონ შესაბამისი ინფორმაციული წერილი. ასეთი ფაქტები ადრეც ყოფილა. საქართველო და რუსეთი ერთი ქვეყანა რომ ჰგონიათ, ეს დიდ წილად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთგვარმა ინერციამ განაპირობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე ოცი წელი გავიდა და ასე გაგრძელება ყოვლად წარმოუდგენელია.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)