საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი თბილისის ისტორიაზე სადიპლომო ნაშრომს დაიცავს - კვირის პალიტრა

საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი თბილისის ისტორიაზე სადიპლომო ნაშრომს დაიცავს

ორი კვირის წინ, სამსახურში მისულს, სოციალურ ქსელში შეტყობინება დამხვდა: "მოგესალმები, თორნიკე. მე ბრიტანეთის მოქალაქე ლეია ბეთლსი ვარ. რამდენიმე თვის წინ ქუჩაში სამი ქართველი ახალგაზრდა გავიცანი. ისინი ქართულ მრავალხმიან სიმღერას მღეროდნენ. ეს ხმები იმდენად კარგად ერწყმოდა ერთმანეთს, რომ კარგა ხანს ერთ ადგილზე ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. ეს იყო საოცრება. მსგავსი რამ აქამდე არ მომისმენია. ისეთი მოხიბლული ვიყავი, რომ მათთვის კოორდინატების გამორთმევა დამავიწყდა, მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რომ ჯორჯიიდან იყვნენ, ოღონდ არა ამერიკის, არამედ სხვა ჯორჯიიდან. იმ საღამოს სახლში მისულმა გუგლში დავიწყე თქვენი ქვეყნის ძებნა. რუკაზე ძალიან პატარა ქვეყანაა. როცა თქვენს ისტორიას გადავხედე, მივხვდი, რომ ტრადიციების მატარებელი და ერთ დროს, საოცრად დიდი ქვეყანა ყოფილხართ. ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის წინაპრები გყოლიათ, როგორიც პრინცი ჰერაკლიუსია. ერთი თვეა რაც ქართული ენის შემსწავლელი ლექსიკონი შევიძინე და ქართულ წერა-კითხვას ვსწავლობ. მე უკვე ვიცი რამდენიმე ქართული სიტყვა: (Gამარჯობა  გეტაკვა, გმადლობტჰ, ნაქვამდის). ორიოდე სიტყვით ჩემ შესახებაც გეტყვი: 27 წლის ვარ, ხელოვნებათმცოდნეობას ვეუფლები. იმდენად მომხიბლა თქვენმა ნაციონალურმა მრავალხმიანობამ და ახლა უკვე ინტერნეტში მოძიებულმა ქვეყანამ, რომ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მანამდე კი ერთი სათხოვარი მაქვს, იქნებ თქვენი ფოლკლორული ანსამბლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მომაწოდოთ,  ვიდრე ინტერნეტშია. მსგავსი წერილი უკვე არაერთ ქართველს მივწერე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამომხმაურებია. იმედია, ჩემს წერილს უპასუხოდ არ დატოვებთ.

პატივისცემით, ლეია ბეთლსი".

ჩვენი ფოლკლორით მოხიბლულ უცხოელს მადლობა გადავუხადე საქართველოთი დაინტერესებისთვის და რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის სიმღერის ლინკი გავუგზავნე. მეორე დღეს„"ფეისბუკზე" ლეიასგან ახალი წერილი დამხვდა. ამჯერად, საქართველოს ისტორიის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მთხოვდა. რამდენიმედღიანი წერილობითი საუბრის შემდეგ, ლეიასგან ასეთი შეტყობინება მივიღე: "თებერვალში საქართველოში ჩამოვდივარ!" მან უკვე იმდენი იცის ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის შესახებ, რომ თბილისში ჩამოსულს ნაცნობი გარემო და სიტუაცია დახვდება. საქართველოზე შეყვარებულმა ბრიტანელმა უკვე ისიც იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე თვეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების შემდეგ "საქსტატის" სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩაატარა. „"ისეთი ლამაზი ქვეყანა და მდიდარი ისტორია გაქვთ, რომ ქართველები ემიგრაციაში არ უნდა მიდიოდნენ. ვიმედოვნებ  რამდენიმე წელში, როდესაც თქვენი ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა კვლავ ჩატარდება, ემიგრაციიდან დაბრუნებულ თანამემამულეებთან ერთად, გაცილებით მეტი იქნებით, ვიდრე ახლა", - მწერს ლეია.  ერთ-ერთ წერილში კი ქართველი კაცის ხასიათსა და ბუნებაზეც მეკითხებოდა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ თბილისის დაარსების ისტორიაც მიამბო. განსაკუთრებით აბანოთუბნის ფოტოებითა და გოგირდის აბანოებით დაინტერესდა. ერთი სიტყვით, მას ყველა და ყველაფერი აინტერესებს ჩვენი ქვეყნის შესახებ, განსაკუთრებით კი თბილისის ისტორია. ფიქრობს, რომ სადიპლომო ნაშრომს სწორედ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქზე დაიცავს.

P. S. ლეია თბილისში ორ თვეში ჩამოვა. დაპირებისამებრ, 10 დღეში შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ ქალაქს და შევეცდები, ამ მოკლე დროში თბილისის ისტორია, რომელზეც დიპლომი უნდა დაიცვას, უფრო ახლოს გავაცნო. ისიც ვიცი, რას გადავცემ "სამახსოვრო" საჩუქრად - "საქართველოს ილუსტრირებულ ისტორიას", სადაც თბილისის ისტორია ილუსტრაციებითა და ტექსტუალური მასალებით არის გაცოცხლებული.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიიდან"

ქალაქის მოსახლეობა და ტერიტორიის ზრდა

"1801 წლიდან, ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, თბილისი გადაიქცა სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრად. 1845-1917 წლებში თბილისი წარმოადგენდა კავკასიაში რუსეთის იმპერატორის უმაღლესი წარმომადგენლის - მეფისნაცვლის რეზიდენციას. თბილისის კავკასიის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევამ დააჩქარა ქალაქის ურბანიზაცია: ძველი ერთ და ორსართულიანი ნაგებობების მაგივრად აღიმართა მრავალსართულიანი შენობები;  XIX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს ათვისება. 1824 წელს თბილისის შემადგენლობაში მოექცა ჩუღურეთი, 50-იან წლებში - დიდუბე, ხოლო 80-იან წლებში - ნაძალადევი.  XX საუკუნის  I ნახევარში დაიწყო თბილისის გაფართოება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ. 1907 წელს თბილისს შეუერთდა ვაკის უბანი, 1917 წელს კი - საბურთალო".

თორნიკე ყაჯრიშვილი