მე-7 სართულიდან გადმოვარდნილმა კარადამ კინაღამ ფეხით მოსიარულე იმსხვერპლა - რას ყვება კარადის მეპატრონე - კვირის პალიტრა

მე-7 სართულიდან გადმოვარდნილმა კარადამ კინაღამ ფეხით მოსიარულე იმსხვერპლა - რას ყვება კარადის მეპატრონე

"ერთი სიკვდილი გავათავე, ვიდრე მეშვიდე სართულიდან დაბლა ჩავიდოდი და ვნახავდი, დაშავებული მამაკაცი რა მდგომარეობაში იყო"


"კარადა ახლახან დავალაგე... ძირითადად ცარიელი მინის ქილები მქონდა შენახული"

"სავარაუდოდ, გახშირებული წვიმის გამო კარადის ერთი ნაწილი დაზიანდა, რის შემდეგაც დაზიანებული ნაწილი და თაროები აივნიდან გადავარდა."

შესაძლოა თქვენთვის მშვიდად მიდიოდეთ ქუჩაში და უცებ, არც მეტი არც ნაკლები, თავზე კარადა დაგეცეთ. არ იფიქროთ, ეს კოშმარული ვარაუდია, ანაც უნიჭო ხუმრობა, 24 ნოემბერს, საღამოს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ჩვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე სწორედ რომ, კინაღამ მე-7 სართულიდან გადმოვარდნილ კარადას ემსხვერპლა. ფეხით მოსიარულე, 60 წლამდე მამაკაცს პირველადი დახმარება ახლომდებარე აფთიაქის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. ფარმაცევტების ინფორმაციით, მამაკაცს თავიდან სისხლი მოსდიოდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა თვალის მიდამო, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ შემდგომი მკურნალობისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.  ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოითქვა ვარაუდები, რომ კარადის მე-7 სართულიდან გადავარდნას ოჯახური კონფლიქტი უძღვოდა წინ. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია რა მოხდა რეალურად. ნაძალადევის რაიონში მცხოვრები მოქალაქე, რომლის აივნიდანაც გადმოვარდნილი კარადა მამაკაცს დაეცა, საშუალო ასაკის ქალბატონი აღმოჩნდა. ის დადიანის ქუჩის 34 ნომერში, მეშვიდე სართულზე, ერთოთახიან ბინაში, ქირით ცხოვრობს. ინტერვიუზე ადვილად დაგვთანხმდა და სახლშიც შეგვიპატიჟა, თუმცა ფოტო-ვიდეო გადაღებასა და სახელის გამჟღავნებაზე უარი გვითხრა. აი, რა მოგვითხრო ქალბატონმა, რომლის ბინის აივნიდან გადავარდნილმა კარადამაც ლამის ადამიანი იმსხვერპლა:

- საღამოს ჩემთან სტუმარი იყო, როდესაც აივნიდან ხმაური მომესმა. აივანზე გასულს კი ეს მეტად უცნაური და არასასამოვნო ამბავი დამხვდა -კარადის ნაწილი მომწყდარი იყო კედელს, დაბლა კი გასისხლიანებული კაცი ჩანდა. ერთი სიკვდილი გავათავე, ვიდრე მეშვიდე სართულიდან დაბლა ჩავიდოდი და ვნახავდი დაშავებული მამაკაცი რა მდგომარეობაში იყო. ღვთის მადლით, დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა.

- მაინც რა მოხდა, როგორ გადავარდა აივნიდან კარადა?

- სავარაუდოდ, გახშირებული წვიმის გამო კარადის ერთი ნაწილი დაზიანდა, რის შემდეგაც დაზიანებული ნაწილი და თაროები აივნიდან გადავარდა. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ამ სახლის სახურავია დაზიანებული. მიუხედავად, კორპუსის მოსახლეთა არა ერთი მცდელობისა, დროულად შეკეთბულიყო შენობის სახურავი, პრობლემის დღემდე მოუგვარებელია. იმედია, ვისაც ეს ეხება, ადგილობრივი თვითმართველობაა ეს, თუ კორპუსის ამხანაგობა, ახლა მაინც მიაქცევენ ამ პრობლემას ყურადღებას. არ გამოვრიცხავ, კარადის გადავარდნის მიზეზი იმ კედლის არასახარბიელო მდგომარეობაც იყოს, რომელზეც კარადა იყო დამაგრებული.

-კარადაში რას ინახავდით?

-მძიმეს არაფერს. კარადა ახლახან დავალაგე, ძირითადად ცარიელი მინის ქილები მქონდა შენახული.

ჯონი პატარკაციშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე, რომლის აივნიდანაც გადმოვარდნილი კარადა მამაკაცს დაეცა, სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს. ქალბატონის ინფორმაციით, გამომძიებლებს კითხვები ინციდენტის ირგვლივ ჰქონდათ, თუმცა რაიმე სახის ბრალდებაზე ლაპარაკი არ ყოფილა.