"დედამ 16 წლის შვილი სკოლაში გაუშვა, ის კი გამოიქცა და მატარებელს ჩაუხტა ბორბლებში" _ თვითმხილველთა მონაყოლი - კვირის პალიტრა

"დედამ 16 წლის შვილი სკოლაში გაუშვა, ის კი გამოიქცა და მატარებელს ჩაუხტა ბორბლებში" _ თვითმხილველთა მონაყოლი

"როგორც კი დაინახა, რომ მატარებელი გვირაბიდან გადმოვიდა, იმ წუთში ლიანდაგებში ჩახტა... საწყალი მემანქანე ასეთ დროს ვერაფრით დაამუხრუჭებდა"

"გოგო ლიანდაგებს შორის ჩაღრმავებაში იწვა, ეტყობა, როცა მიხვდა, რომ მატარებელი გადუვლიდა, სიკვდილის მაინც შეეშინდა..."

"ამ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასე დაიღუპა 19 წლის ბიჭი. საწყალი, სიკვდილის ალბათ იმასაც შეეშინდა, მაგრამ მან ლიანდაგებს შორის ჩაწოლა ვერ მოასწრო, მატარებელმა რელზე გადაუარა"

გვითხრა, თავს იმიტომ ვიკლავდი, თმები შევიჭერი და სახლში გამიბრაზდნენო.

მეტრო "ღრმაღელის" მომსახურე პერსონალი მეტროსადგურის ბაქანზე მყოფი ქალბატონების კივილმა შეძრა, რომელთაგან ერთს გულიც წაუვიდა. რამდენიმე წამში გვირაბის შესასვლელთან ბაქანზე მყოფი პოლიციელიც გაჩნდა, ამ უკანასკნელმა გაფითრებული მემანქანისაგან შეიტყო, რომ მატარებლმა ლიანდაგებში გადამხტარ გოგონას გადაუარა, გვამი კი ბორბლებქვეშ იყო, შეძრწუნებულმა პოლიციელმა მატარებლის ბორბლებში ფარანი შეანათა და იქ გოგონას სხეული დაინახა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. შემდეგ პოლიციელი სასწრაფო დახმარებასა და მეტროსადგურის საგანგებო დაცვას დაუკავშირდა.

ლ. ო; მეტროსადგურ "ღმაღელეს" მომსახურე პერსონალი:

- შოკში ჩავვარდდი, კინაღამ მოვკვდი, როცა ხალხის კივილი გავიგონე, - ლიანდაგებში ვიღაც ასე, 16 წლის გოგო მატარებელს ჩაუვარდა ბორბლებშიო. აბა, როგორი გასაგონია ბავშვის სიკვდილი, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ცხოვრებას! თავადაც დაახლოებით ამ ასაკის შვილები მყავს, ერთი წამით იმანაც კი გამიელვა თავში, ვაიმე, ჩემი შვილი ხომ არ არის-მეთქი! ამ ბოლო დროს იმდენი ახალგაზრდა იკლავს თავს, უკვე ეჭვი საკუთარ შვილებშიც მეპარება. გაგიჟებული ვარ, - რა უნდათ ამ ბავშვებს, ასე სწრაფად რომ გარბიან სიკვდილისკენ?! თავის თავი თუ არ ეცოდებათ, დედები მაინც შეიცოდონ, გამოზრდი გაჭირვებითა და ვაივაგლახით შვილს, ის კი გაიქცევა და თავს იკლავს. დედამ 16 წლის შვილი სკოლაში გაუშვა, ის კი გამოიქცა და მატარებელს ჩაუხტა ბორბლებში. კიდევ კარგი, გადარჩა… განგებამ შეიცოდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ მეეჭვება ან მისი მშობლები დარჩნენ ნჯანმრთელები, ან ის საცოდავი მემანქანე, ბორბლებში რომ შეუვარდა!

- პირადად დაინახეთ, გოგონა როგორ გადახტა ლიანდაგებზე?

- გადახტომა არ დამინახავს, მაგრამ მატარებლის ლიანდაგზე დახლოებით გვირაბის შესავლელიდან 3 მეტრზე ეგდო. ანუ ისე დაელოდა მატარებელს, როგორც კი დაინახა, რომ მატარებელი გვირაბიდან გადმოვიდა , იმ წუთში ლიანდაგებში ჩაუხტა. საწყალი მემანქანე ასეთ დროს ვერაფრით ვერ დაამუხრუჭებდა, საცოდავმაც თავად დაინახა, ბავშვი ბორბლებში როგორ ჩაუხტა და მერე ზედ გადაუარა, - ასეთ დროს მეტროს მატარებელს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. კაცი თავადაც ნახევრად მკვდარი იყო, ზეწარივით იყო გაფითრებული, იმ პოლიციელსაც ხელები უცახცახებდა მატარებლის ბორბლებში ფარანს რომ აშუქებდა, უყვიროდა, - გოგონა ცოცხალი თუ ხარ, მიპასუხეო. ის კი არ პასუხობდაარავის ეგონა, რომ ცოცხალი იყო.

ო.ს; მეტროსადგურ "ღრმაღელის" დაცვის სამსახურის თანამშრომელი:

- გოგო ლიანდაგებს შორის იწვა, - ჩაღრმავებაში. ეტყობა, როცა მიხვდა, რომ მატარებელი გადუვლიდა, სიკვდილის მაინც შეეშინდა და ლიანდაგებს შორის ჩაღრმავებაში გადაგორდა. ეს ჩაღრავება დაახლოებით ნახევარი მეტრი მაინც არის… გოგო გამხდარი იყო, მატარებლის ძირი ვერ დასწვდა და ამიტომაც გადარჩა. მაგრამ ეს მაინც სასწაულია, - ამ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასე დაიღუპა 19 წლის ბიჭი. საწყალი, სიკვდილის ალბათ იმასაც შეეშინდა, მაგრამ მან ლიანდაგებს შორის ჩაწოლა ვერ მოასწრო, მატარებელმა რელზე გადაუარა. ბორბლებში ფარანს რომ ვანათებდი და ვუყვიროდი, თუ ცოცხალი ხარ, ხმა გამეცი-მეთქი, ვერც ვიფოქრებდი რომ ცოცხალი იყო. დაახლოებით 5 წუთი უძრავად იწვა; როგორც აღმოჩნდა, შოკისაგან ვერ იღებდა ხმას. როგორია, თავზე მატარებელმა გადაუარა! როცა დავინახე, რომ გაინძრა, გიჟივით ვიყვირე, ცოცხალი ყოფილა-მეთქი! ვუყვიროდი, მატარებელს ვერ დავძრავთ, რამე არ გავნოს, ისევ შენ უნდა იყოჩაღო, გამოძვერიო და გამოძვრა… თითქმის 10 წუთი მოუნდა გამოსვლას, უვნებელი რომ დავინახე, ღმერთს მადლობა შევწირე… კარგა ხანს შოკში იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადე გამოვიძხეთ, ქიმებმა თქვეს, რომ ფიზიკურად ყველაფერი რიგზე ჰქონდა. შემდეგ დედამისს დავურეკეთ, რომ ალაპარაკდა, თავად მოგვცა დედის ტელეფონის ნომერი. სიმართლე რომ ვთქვა, ამ გოგოზე უფრო მეტად დედამისი შემეცოდა, - ქალი ისტერიკულად ტიროდა და შვილს ეხვეოდა…

- გოგომ რა თქვა, თავს რაზე ვიკლავდიო?

- გვითხრა, თავს იმიტომ ვიკლავდი, თმები შევიჭერი და სახლში გამიბრაზდნენო. ისე, კაცმა არ იცის, ეს ასე იყო, თუ - არა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. უბედურება ის არის, რომ მოზარდებისთვის სიცოცხლე ჩალის ფასია. ნუთუ არ უნდა არსებობდეს რაიმე ფსიქოლოგიური სამსახური რომ სკოლაში ბავშვებს ამ თემაზე ელაპარაკოს?

პ.ს: სუიციდის მცდელობისას გადარჩენილი გოგონას ოჯახი კომენტარზე უარს ამბობს. მემანქანემ, რომელსაც 16 წლის მოზარდი სუიციდის მცდელობის დროს შაუვარდა, რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტა.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)