"რა დავაშავეთ?!. მშივრები, რომ არ იყვნენ, უმცროსებს - ბარბარეს, მარიამს და ნათიას ძუძუს ვაჭმევ..."- სიღატაკისთვის განწირული 8-სულიანი ოჯახი - კვირის პალიტრა

"რა დავაშავეთ?!. მშივრები, რომ არ იყვნენ, უმცროსებს - ბარბარეს, მარიამს და ნათიას ძუძუს ვაჭმევ..."- სიღატაკისთვის განწირული 8-სულიანი ოჯახი

"მაინცდამაინც სხვას უნდა მივცე შვილი, მშიერი რომ არ იყოს?!"

"რა დავაშავეთ, რომ ასეთ უკუღმართ ქვეყანაში ვცხოვრობთ... რაც ჩემი ბიჭები წამოიზარდნენ, დადიან და ჯართს აგროვებენ. 3 ლარს რომ იშოვიან, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს, არც ჩემსას... ზოგჯერ კი დამენანება მათ დასისხლიანებულ ხელებს რომ შევხედავ..."

"ხომ ისეთი ღატაკები და უბედურები ვართ, ხან რომელი "ხაზეიკა" გვაგდებს ბინიდან ხან რომელი, მაგრამ, რაც ჩემს 13 წლის კახას სჭირს, დედისთვის იმაზე მეტი ტრაგედია არ არსებობს

ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელისთვის, რომელსაც კომფორტისა და ბედნიერებისთვის 160 ათასი ლარი არ ყოფნის, თუმცა სხვისთვის 160-ლარიანი პენსია სრულად საკმარისად მიაჩნია, ალბათ საინტერესოც არ არის, რომ საქართველოში სიღატაკეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი კვლავაც საგანგაშოა. გაჭირვებული კაცი სულ გაჭირვებულად დარჩება! -ამ დაუნდობელი ფრაზას ბავშვობაში ხშირად ვაპროტესტებდი, - არ მესმოდა ასე რატომ უნდა ყოფილიყო. მერეღა მივხვდი, რატომაც, - ჩვენ ხომ ისეთი ქვეყნის შვილები არ ვართ, სადაც, ასეთი ისტორიები დიდ წილად "ჰეფი ენდით" არ სრულდება.... მრავალი შვილი ხშირად ღატაკ ოჯახებში ჩნდება. ეს ბავშვები და მათი დედები ყველაფერს ითმენენ, მანამდე, ვიდრე შიმშილი და სიცივე მათ ფიზიკურ არსებობას არ დაემუქრება. ასეთ დროს კი მათი დედები უკან არაფერზე იხევენ… აი, ამ აზრებმა გამიელვა, როცა ე. წ "ალექსეევკაში" ქობულაშვილების ნაქირავებ ბინაში შევედი, - თბილისის ამ ღატაკ გარეუბანში, ღარიბული ბინის დაქირავება შედარებით იაფია. ამიტომაც 16 წლის განმავლობაში "ალექსეევკაში" ბინიდან ბინაში ბავშვებით დახეტიალობენ, - მეტწილად, გაყინულები და მშივირები...

ეკა გულიშვილი, ოჯახის დიასახლისი:

- მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს რომ შევხვდით, მაშინაც ასე უსახლკაროები ვიყავით. ორივე თბილისში ვართ დაბადებულები, მაგრამ ორივე ობლები ვართ, თბილისში კი ობლისთვის ბინა ძნელად შესანარჩუნებელია, - ნათესავებმა, რახან გიპატრონეთ, წილიც გვეკუთვნისო და ბინები გაგვიყიდეს. ამაზე ლაპარაკისას ბრაზი ახლაც მახრჩობს.... მოკლედ, ასე დავრჩით ქუჩაში. ერთმანეთი რომ გავიცანით, ვეღარც დავშორდით. გვეგონა, სიყვარული ციხე-კოშკებს აგვაშენებინებდა. მაგრამ ასე არ გამოვიდა, - ჩემი ქმარი 10 წელიწადი მუშაობდა მშენებლობაზე მუშად, ბოლოს თურქებთან მუშაობისას, ხელი არმატურაში მოჰყვა და ამით ჩვენი იმედიც დამთავრდა, - ხელი გაუშეშდა, თითები დაეკრუნჩხა და 6 წელია ვეღარ მუშაობს. ასე დაემატა ჩემს 6 ბავშვს შესანახად მეშვიდე ადამიანი, - კაცი რომ ხელს ვეღარ გაანძრევს, ბავშვივით უსუსურია, აბა, რა არის! მადლობა ღმერთს, რაც ჩემი ბიჭები წამოიზარდნენ, დადიან და ჯართს აგროვებენ. 3 ლარს რომ იშოვიან, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს, არც ჩემსას... ზოგჯერ კი დამენანება მათ დასისხლიანებულ ხელებს რომ შევხედავ, მაგრამ მერე ვიფიქრებ, - შრომა აუცილებლად უნდა ისწავლონ, რომ მშიერი არ მოკვდნენ-მეთქი. ამას წინათ ჩემმა 10 წლის მიხეილმა ეს ჯართის ფული დააგროვა და მთხოვა, - დედიკო, სხვის სახლში რომ შევდივარ და ლამაზი თეთრეული ახურავთ, მეც მინდა, თუ შეიძლება, ვიყიდიო. მინდოდა მეთქვა, - მაგის ფული სად გვაქვს, ბარბარესა და კახას პამპერსები, როგორღა ვიყიდო-მეთქი! მაგრამ ვეღარ ვუთხარი, - ჩემს შვილებს უბრალო კანფეტიც კი ენატრებათ, მაგრამ და კანფეტი კი არ იყიდა, თეთრეული იყიდა... როგორ დამეშალა?!

- 2 ბავშვს რატომ აცმევთ პამპერსს, თქვენ ხომ ჩვილი -7 თვის მხოლოდ ერთი გყავთ? - პამპერსს 13 წლის კახასაც ვაცმევ, ეს ჩემი ყველაზე დიდი უბედურებაა. ხომ ისეთი ღატაკები და უბედურები ვართ, ხან რომელი "ხაზეიკა" გვაგდებს ბინიდან ხან რომელი, - ახლა რომელშიც ვცხოვრობთ ის ბინაც იყიდება, ქმარიც დამიავადმყოფდა, 5 წელიწადია ნერვიულობითა და უჭმელობით ღვიძლზეც ჰემანგიომა გაუჩნდა, მაგრამ რაც ჩემს კახას სჭირს, დედისთვის იმაზე მეტი ტრაგედია არ არსებობს, - ტრამვული მშობიარობით გამიჩნდა, რომ დაიბადა 2 კილოც არ იყო, რომ არ მომკვდარიყო, სულ "ფეჩთან" მყავდა. 2 წლის რომ გახდა, მაშინ შეატყვეს ექიმებმა, რომ ბავშვს ფსიქიატრიული დაავადება აქვს. დროდადრო ვმკურნალობთ, მაგრამ ამ დაავადებას ვინ განკურნავს?! ახლა ექიმები მეუბნებიაან, რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო საშიშია ბავშვებისთვის, ისეთი შიზოფრენია აქვს, შეიძლება ვინმს ყელი გამოჭრასო, ამიტომ სპეციალურ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანოთო. მაგრამ შვილია და ვერ ვიმეტებ.…

- ჰემანგიომა საკმაოდ საშიში დაავადება, თუკი დიდი ხნის განმავლობაში არ მიეხედა, შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედ ოქცეს.

- როგორ უნდა მივხედოთ? მხოლოდ სოციალური დახმარებით ვცხოვრობთ და აქედან 200 ლარს ბინის დაქირავებაში ვიხდით.…დანარჩენს კი პამპერსებში ვიხდით. მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობ, ჩემს შვილებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. აქვე მიტოვებული შენობაა, ვისესხეთ ფული და საჯარო რეესტრში შევამოწმეთ - არავის ეკუთვნის. ასე, 40 წლის წინ დაწყებული მშენებლობაბა და ეტყობა, ვერც მოესწრო ვინმეს საკუთრება გამხდარიყო; გამგეობაში გვითხრეს, გადადით და იცხოვრეთო, მაგრამ რანაირად უნდა ვიცხოვროთ, როცა არც სახურავი აქვს, არც კარ-ფანჯარა და მის გასაკეთებლად თეთრიც არ გვაქვს.

-საჭმელი თუ აქვთ ბავშვებს?

- წლებია მათხოვრობას შევეჩვიეთ და ხან ვინ გვეხმარება, ხან - ვინ. ხელგაწვდილები არ ვართ, მაგრამ მათხოვრობაა აბა, რა არის, როცა ხალხს სამადლოდ მოაქვს რაიმე და შენც ელოდები ვინ რას მოგიტანს. ხანდახან ჩავფიქრდები და ვერაფრით ამიხსნია, რა დავაშავეთ, რომ ასეთ უკუღმართ ქვეყანაში ვცხოვრობთ, - ჩვენნაირი ოჯახიდან ბავშვები რომ გაყავთ და სხვა ოჯახს აბარებენ, თითოს აღზრდაში 400 ლარს აძლევენ, სადაა სამართალი, - მე სხვაზე ნაკლები დედა არ ვარ, შვილები მოვლილი მყავს და მაინცდამაინც სხვას უნდა მივცე შვილი, მშიერი რომ არ იყოს?! უფასო სასადილშიც მხოლოდ ოჯახის 4 წევრი ვიღებთ სადილს, - საშუალება არ გვაქვს, დანარჩენებიც ჩაგრთოთ, Eთუ ვინმე მოკვდება, დაგამატებთო. ამიტომ, არ ვიცი ჭკვიანურს ვაკეთებ თუ სულელურს, მაგრამ მშივრები, რომ არ იყვნენ უმცროსებს, ბარბარეს, მარიამს და ნათიას სამივეს ძუძუს ვაჭმევ, ამ დროს, ნათია 4 წლის არის…

- რას ამბობთ?!

- სხვა დანარჩენი რაც მჭირს, ამაზე გასაკვირი არ არის?! არ ვტრაბახობ, მაგრამ 16 წელია "ალექსეევკაში" ვცხოვრობ, ყველა მიცნობს აყ ველა მეუბნება, ასეთ მშრომელი და წესიერ ბავშვების გაზრდას ამ გაჭირვებაში როგორ ახერხებო? იმიტომ ვახერხებს, რომ ერთმანეთის სიყვარულს ვასწავლი. მხოლოდ სიყვარული გვაქვს დაუმადლებლად.…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. თუ ვინმეს გაუჩნდება ქობულაშვილების იჯახის დახმარების სურვილი, შეუძლია ამ ნომერზე დარეკოს: 557 606551