ბავშვს პულსიც კი აღარ ესინჯებოდა, 19 კილოს იწონიდა - კვირის პალიტრა

ბავშვს პულსიც კი აღარ ესინჯებოდა, 19 კილოს იწონიდა

"მითხრეს, რომ მარიკა მსოფლიოში ყველაზე კატასტროფული შემთხვევაა. მაღალი ბავშვი იყო და სიმაღლეშიც კი ათი სანტიმეტრითაა დაპატარავებული..."

"ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა და ვითომ მკურნალობდა, ფულის გამო სხვა ექიმთანაც არ გაგვიშვა.."

"ღუმელზე დაეცა, ოთხაში რომ შევედი, იწვოდა და ვერაფერს გრძნობდა"

ინფორმაციამ 29 წლის გოგონას შესახებ, რომელიც მხოლოდ 22 კილოგრამს იწონის, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მარიკა მეკოკიშვილი 12 წელია ანორექსიით იტანჯება. ამ ავადმყოფობას ქალთა დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ამგვარი დიაგნოზის პაციენტთაგან მამაკაცი 10%-ც არ არის. მარიკას მდგომარეობის შესახებ დედა ლალი მეკოკიშვილი გვესაუბრება:

- უკვე 12 წელია, ჩემს შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს... ხან 27 კილო იყო, ხან 23 და ხანაც 22... მარიკას 15 წლის ასაკში გლანდების ოპერაცია გავუკეთეთ და ამან გამოიწვია ყველაფერი: ერთი გლანდი გაძვალებული იყო და ექიმმა ჩამოაგლიჯა, იქ სისხლის კოლტები გაჩნდა და შემდეგ ჩამოფხიკა. ამ დროს სან ერწყვე ჯირკვლის ნერვი დაზიანდა... ათი დღე ოპერაციის შემდეგ ისე გავიდა, რომ მარიკას არაფერი გაუსინჯავს, წყალიც კი არ დაულევია. ყელი იმდენად გაურთულდა და გაუღიზიანდა, ვერაფერს ყლაპავდა. ათი დღის შემდეგ პატარა ულუფა კი მიიღო, მაგრამ თვითნებურად უკან წამოუვიდა. ასე დაიწყო და იმ დღიდან, რასაც შეჭამდა სულ პირღებინება ჰქონდა. ჩავთვალეთ რომ კუჭ-ნაწლავი ჰქონდა გაღიზიანებული და ექიმთან წავიყვანეთ. ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა და ვითომ მკურნალობდა, ფულის გამო სხვა ექიმთანაც არ გაგვიშვა...მარიკას დაეწყო ბულემია, მართლაც მგლის მადა ჰქონდა, მაგრამ სულ პირღებ ინება აწუხებდა. ისე გახდა, რომ ავადმყოფობა ანორექსიაში გადაეზარდა. არადა, ჯანმრთელი ბავშვი იყო, ქართული ცეკევებით იყო გატაცებული, როგორც ამბობდნენ, კარგი მონაცემებიც ჰქონდა.

- მარიკა ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საქართველოში გადიოდა მკურნალობის კურსს?

- დაწესებულება, სადაც მარიკას საბოლოო გამოჯანმრთელების იმედს გვაძლევენ, მოსკოვშია. თუმცა ორ ქვეყანას შორის ისეთი გაფუჭებული იყო ურთიერთობა, წაყვანა ვერ შე ვძელით. შემდეგ უკრაინაში წავედით. იმ დროს ბავშვი 19 კილოს იწონიდა და პულსიც კი აღარ ესინჯებოდა. სასიცოცხლო უჯრედები მკვდარი და გადაგვარებული იყო. მკურნალობამ გარკვეული შედეგი გამოიღო. 2 წელი უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ ამის საშუალება არ გვქონდა... - სიარულიც უჭირს?

- მენჯ-ბარძაყის სახსარი დაეშალა. ძვლების დარბილება დაეწყო, რადგან ორგანიზმს კალცი აკლდა. ერთხელ დაიწვა კიდეც ღუმელზე. მაღაზიაში მხოლოდ ხუთი წუთით გავედი პურის საყიდლად, იმ დროს გათიშულა ღუმელზე დაეცა, რომ შემოვედი, იწვოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. ძლივს მოვარჩინეთ იმდენად სერიოზული დამწვრობა ჰქონდა... ენა ვერ აღწერს იმ წამებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. იყო შემთხვევა, როდესაც მეტყველების უნარიც აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა. წლები ისე გადიოდა, საწოლი არ მინახავს. იქვე, მარიკასთან ახლოს ვიჯექი ტახტზე დარაჯივით. რამე როგორც წამოსტკივდებოდა, იმ წუთასვე ფეხზე ვიყავი... ახლაც ხშირია შემთხვევა, როცა თავბრუ ეხვევა, ითიშება და გონებას კარგავს. ამ დროს მხოლოდ მე ვახერხებ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას.

- ახლა როგორია მარიკას დღის რეჟიმი, ძირითადად წევს?

- ძალიან ხშირად ჭამს და სულ დიდი ულუფებით. შემდეგ სულ აღებინებს. ახლა იმდენად არის დასუსტებული, ძირითადად ელექტროლეიბზე წევს. სისხლიც აღარ აქვს. სამი ჩხვლეტით ვენაში სამი გრამი სისხლი ვერ ამოუღეს.

- მარიკას გამოჯამრთელებას მხოლოდ მოსკოვში გპირდებიან?

- ინტერნეტში სულ ვეძებ ინფორმაციას. ძალიან ბევრი საავადმყოფო ვიპოვე ბრიტანეთში, მისამართებიც ამოვიწერე, მაგრამ ყველაფერი დიდ ფინანსებს უკავშირდება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ისე კი მითხრეს, რომ მარიკა მსოფლიოში ყველაზე კატასტროფული შემთხვევაა. მაღალი ბავშვი იყო და სიმაღლეშიც კი ათი სანტიმეტრით დაპატარავებულია... გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ეს სწორი არ არის, ვთხოვ იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს, ბოროტებას ნუ სჩადიან... ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რომ იწვა, ექიმებმა კონსილიუმი მოიწვიეს და გამოგვიშვეს. ძალიან ცოდვაა, აქ იყოს სულით ავადმყოფების გვერდითო... დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი გამოჯამრთელდება. როგორც ვიცი, მსოფლიოს ცნობილი ხალხი, პრინცესა დაიანაც კი ანორექსიით იტანჯებოდა.

პ.ს. მარიკას მდგომარეობის თოაბაზე მომზადებული გადაცემის შემდეგ, გამოჩნდა ადამიანი, ვინც მზად არის მარიკას მკურნალობის ხარჯები დაფაროს. ქველმოქმედი ინკოგნიტოდ არჩევს დარჩენას. მარიკას იმედი გაუჩნდა, რომ დაძლევს ავადმყოფობას და მალე საყვარელი ქართული ცეკვების შესრულებასაც შეძლებს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია : “My 29-year-old daughter currently weighs 22 kilos”