მიხეილ სააკაშვილი ისევე ვერ გამოვიყენეთ ქართველებმა, როგორც ილია ჭავჭავაძე! - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ისევე ვერ გამოვიყენეთ ქართველებმა, როგორც ილია ჭავჭავაძე!

"რეზო ჩხეიძემ კარგი რომ თქვა რუსეთზე, გადავირიე... როგორ ვთქვა ახლა ცუდი მაგ ბებერზე?!"

"იმას, ვინც დღეს რუსეთში მიდის, იქ უჩოქებს, თბილ სიტყვას ეუბნება და უმღერის, არ ვიცი, რა უნდა უყოს კაცმა... ერთხელ მაგისთანებზე, ვთქვი, ჩამოსახჩობებია-მეთქი და გამათახსირეს გაზეთებში... ამიტომ ეგეთი ხალხი უნდა გაწკეპლო, ჩახადო ნიფხავი და გაწკეპლო" მსახიობი ოთარ კობერიძე, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებსა და სიმპათიებს არასდროს მალავდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დღესაც ეხმაურება:

- ყური მოვკარი გირგვლიანის საქმეში სააკაშვილს სდებენ ბრალსო და აღვშფოთდი. მიხეილ სააკაშვილს არავინ მოუკლავს და თავი დაანებეთ! მიხეილ სააკშვილი როგორ მოკლავდა?! -მივიდა მოკლა და წამოვიდა?! რაღაც უთანხმოება მოხდა, ბიჭები სცემდნენ, აიყვანეს იქ ზევით, გაექცათ და გადაიჩეხა... ეს ვერსია ვიცი მე და სრულიად ვეთანხმები! იმ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან იქ გადაღება მქონდა! ხევია, ხეებია და იმ ხეებში რომ გაეჩხირა, მერე ხევში გადაიჩეხა საბრალო ბიჭი... სააკაშვილზე სისულელეების წერას თავი დაანებეთ! ის ჩვენი დროის და სინამდვილის მოვლენაა! ახალგაზრდა ვაჟი, ცოცხალი გონებით, სავსე ნიჭით, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ... დიახაც, მიხეილ სააკაშვილი ისევე ვერ გამოვიყენეთ ქართველებმა, როგორც ილია ჭავჭავაძე! ასევე ვერ გამოვიყენეთ საწყალი კახა ბენდუქიძე.. ისიც უნიჭიერესი კაცი იყო და ვერ შევინარჩუნეთ. აღარ ვარგივართ ქართველები რუსების შემოსვლის შემდეგ... რუსის შემოსვლის შემდეგ ქართველი დაიღუპა...

ასე არ ფიქრობენ თქვენი კოლეგები... გიორგი შენგელაია, გურანდა გაბუნია, რეზო ჩხეიძე...

- რეზო ჩხეიძემ კარგი რომ თქვა რუსეთზე, გადავირიე... როგორ ვთქვა ახლა ცუდი მაგ ბებერზე?! (ჩემზე უმცროსია და ამიტომ ვამბობ ბებერს მოფერებით)... რა შემოიტანა რუსეთმა, როდესაც პაპაჩემს სახლში საწოლი და ჭაღი საფრანგეთიდან ჰქონდა გამოწერილი?! ფრანგებთან გვქონდა ჩვენ კავშირი, ფრანგულად საუბრობდნენ სახლებში და რუსეთმა შემოიტანა მხოლოდ ტურტლიანი ჩექმა. ამ ჩექმით გვთელავს და გვთელავს დღემდე! იმას, ვინც დღეს რუსეთში მიდის, იქ უჩოქებს, თბილ სიტყვას ეუბნება და უმღერის, არ ვიცი, რა უნდა უყოს კაცმა... ერთხელ მაგისთანებზე, ვთქვი, ჩამოსახჩობებია-მეთქი და გაზეთებში გამათახსირეს... ამიტომ ეგეთი ხალხი უნდა გაწკეპლო, ჩახადო ნიფხავი და გაწკეპლო, რამდენიმე ხანს, რომ ვერ დაჯდეს... მე ჩემი სამშობლოსთვის რუსეთში ვომობდი და ვერავინ მასწავლის რა არის რუსეთი! ბოლოს ისევ დავძენ რომ, დაანებონ ამ ნიჭიერ კაცს თავი! მიხეილ სააკაშვილი კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს. მსოფლიოსთვის მოაქვს, და საქართველო ვერ ვუფასებთ... ჩვენმა ახლანდელმა მთავრობამ ვერანაირი სიკეთე ვერ მოიტანა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჯერჯერობით კეთილი ვერაფერი ვნახე!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)