რა რისკს შეიცავს შეუფუთავი ხორცპროდუქტი?! - კვირის პალიტრა

რა რისკს შეიცავს შეუფუთავი ხორცპროდუქტი?!

"დაფასოებული პროდუქტის ხელოვნურად დაბინძურების ალბათობა ნულის ტოლია"

ერთი წელია, ყოველდღე ერთსა და იმავე მარკეტში პროდუქტს ვყიდულობ. სამ კონსულტანტ გოგონას, რომლებიც დღეგამოშვებით მუშაობენ "ჩემს მარკეტში" (ასე შევარქვი ამ მარკეტს), უკვე ისე დავუმეგობრდი, რომ ლამის ოჯახებით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. იუმორის გრძნობას არც გოგონები უჩივიან და არც თქვენი მონა-მორჩილი, ამიტომ ყოველ შესვლაზე ღიმილნარევი და ტრადიციული კითხვით ვიწყებ: "დღეს რომელი პროდუქტი გაქვთ ვადაგასული?" - ამ კითხვას ყოველთვის ასეთი პასუხი მოსდევს: "შენთვის ყველაფერი ვადაგასული გვაქვს".

ერთი სიტყვით, ვადაგასულ პროდუქტებზე უკვე იმდენჯერ ვიხუმრე, რომ რამდენიმე დღის წინ ამ მარკეტის დახლ-მაცივარში, სადაც ასაწონი ხორცპროდუქტებია განთავსებული, ერთ-ერთი სახეობის სოსისსა და შაშხს თეთრი "გამონაყარი" შევნიშნე. რა თქმა უნდა, ამის დანახვაზე კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო მომეცა და კონსულტანტებს მივმართე: გოგონებო, ძეხვი და შაშხი "დაშაქრულა"-მეთქი. ამის თქმა და, დახლ-მაცივრიდან იმ პროდუქტების ამოღება და მათი ტილოთი გაწმენდა ერთი იყო. ორივე პროდუქტს "გამონაყარი" გააშორეს და "გაპრიალებული" თავის ადგილას დააბრუნეს. როგორც კონსულტანტმა მითხრა: ასეთი "გამონაყარი" მსგავს პროდუქტებს ხშირად ემართება, მაგრამ "საშიში" არაფერია - იწმინდება და შორდება. უბრალოდ, ასე იმიტომ მოსდის, რომ მაცივარშია. გაფუჭებული რომ იყოს, მენეჯერი  დისტრიბუტორისგან გუშინწინ კი არ მიიღებდაო, - მითხრა.

რატომ და რა მიზეზით უჩნდება ასაწონ ხორცპროდუქტებს  პუდრის მსგავსი მასა? და ყველაზე მთავარი, რამდენად უსაფრთხოა მათი საკვებად გამოყენება? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მივმართეთ.

ირაკლი გულედანი, საკვები პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი:

- რა უპირატესობა აქვს შეფუთულ სოსისს ასაწონთან?

- დაფასოებული სოსისის ვადა ჩვეულებრივი ასაწონი სოსისისგან განსხვავებით რამდენიმე დღით მეტია. ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, ავიღოთ პოლიეთილენის გარსში მოთავსებული, რძიანს რომ ეძახიან, ისეთი სოსისი და ეგრეთ წოდებული "ტკაცუნა". ორივე მოვათავსოთ დახლ-მაცივარში და თუ იქ რაიმე დაბინძურება არ არის და პროდუქტებს  კონსერვანტები არა აქვს დამატებული, 72 საათში უნდა დაიწყოს მიკროორგანიზმებმა ზრდა და გარედან ლორწოვანი გარსის გაკეთება.  დაცული ატმოსფერული შეფუთვის დროს სოსისს ეს პრობლემა არ შეექმნება, თუ, რა თქმა უნდა, ანაერობითი დაბინძურება არ მოხდა შეფუთვაში  მოხვედრამდე.

- გარდა ამისა,  ასაწონ ხორცპროდუქტს ხშირად ხელით ეხება კონსულტანტი. შეფუთული პროდუქტი კი, ალბათ, უფრო დაცულია დაბინძურებისგან.

- დაფასოებული პროდუქტის ხელოვნურად დაბინძურების ალბათობა ნულის ტოლია.  მიკროორგანიზმებით დაბინძურება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გვაქვს ნორმირებული. ერთი მიკროორგანიზმიც რომ იყოს, სალმონელა ან ლისტერია, პროდუქტი გასაყიდად არ დაიშვება. ყურადღება უნდა მივაქციოთ დახლ-მაცივარში არსებულ სანიტარიულ მდგომარეობას.

საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ბევრ მარკეტში (განსაკუთრებით, დიდ მარკეტებში) დეზინფექციას უტარებენ დახლ-მაცივრებს, რათა გამოირიცხოს ბაქტერიების კერა.

შეფუთვა იმიტომ მოიგონეს, რომ ხორცპროდუქტების: ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცის შენახვის ვადა გაიზარდოს. გაზრდაში რამდენიმე დღე იგულისხმება. მაგალითად,

ჩვეულებრივი ხორცპროდუქტები პოლიეთილენის პარკით მაცივარში 4-5 გრადუსზე შეიძლLება ორი-ოთხი დღე შევინახოთ, შეფუთული  ხორცპროდუქტი კი 7-10 დღე.

დაცული ატმოსფერული შეფუთვა პროდუქტს სიახლესა და საკვებ ღირებულებებთან ერთად, ფუნქციურ ღირებულებასაც უნარჩუნებს.

ევროპისა და ამერიკის ბევრ მარკეტში, ბოლო პერიოდში ჩვენთანაც, დაიწყეს დახლ-მაცივრებში პროდუქტების შეფუთვა. ამით, რა თქმა უნდა, შენახვის ვადასაც ზრდიან და მომხმარებელზეც ზრუნავენ, რომ სუნმა არ შეაწუხოს.

- დაფასოებული  პროდუქტისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ ასაწონ ხორცპროდუქტს გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები არ აწერია. ხშირად მომხმარებელი კონსულტანტის კეთილსინდისიერების იმედად რჩება...

- ასაწონ პროდუქტს ხშირად ეტიკეტირება არა აქვს, მაგრამ წარმოუდგენელია კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად, ხორცპროდუქტს უშვებს, თავისი ეტიკეტი არ ჰქონდეს დამტკიცებული. ხშირად პატარა მარკეტებში, სადაც ასაწონ ხორცპროდუქტს ეტიკეტი არა აქვს,  ვთხოვ, მანახონ, რომელ რიცხვშია გამოშვებული და როდემდე აქვს ვარგისიანობის ვადა. ყოველთვის მოაქვთ და მაჩვენებენ. ასევე უნდა მოიქცეს ყველა მომხმარებელი.

- ასაწონ სოსისსა და შაშხს რა მიზეზით შეიძლება გაუჩნდეს თეთრი ნადები?

- ამ დროს პროდუქტზე მინერალები გამოდის, ეს პროცესი კი იმის მაუწყებელია, რომ პროდუქტი ძველია.

პროდუქტმა არ უნდა შეიცვალოს პირველადი სახე, ეს არის მთავარი მახასიათებელი, მას შეფუთვის შემთხვევაში თეთრი ნადები არ გაუჩნდება.

- რამდენად ხშირად მოგმართავენ მომხმარებლები პროდუქტების შესამოწმებლად?

- ბევრი ბიზნესოპერატორი მოგვმართავს პროდუქციის შემოწმებისთვის - ასე დაცულია თვითონაც,  რომ არაფერი არ გაეპაროს და დაცული ჰყავს მომხმარებელიც.  ასე რომ, სანამ პროდუქტების შეძენას გადაწყვეტთ,

გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ მარკეტში მოითხოვოთ მათი გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადის ნახვა.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მომხმარებლებში  ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა მოთხოვნა შეფუთულ პროდუქციაზე. უცხოურმა ბაზარმა ფეხი აუწყო მოთხოვნას და ნელ-ნელა ასაწონი ხორცპროდუქტი დახლებიდან გაქრა. დღეს უკვე, ძალიან მცირე წარმოების  გარდა, ასეთ პროდუქტს იშვიათად შევხვდებით.

იმედია, ქართულ ბაზარზეც დამკვიდრდება პროდუქტის დაცული ატმოსფერული შეფუთვა, რომ მაქსიმალურად დაცული პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე.

"კვირის პალიტრა" მომავალშიც შემოგთავაზებთ მსგავს თემებზე სპეციალისტების რჩევებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი